Accessibility links

logo-print

ენერგეტიკა რუსეთ-ევროპის კავშირის ხაბაროვსკის სამიტის მთავარი თემაა


21 და 22 მაისს რუსეთი და ევროკავშირი ქალაქ ხაბაროვსკში ერთობლივ სამიტს მართავენ და რომ ამ სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა ენერგეტიკა იქნება. როგორც ჩანს, ნავთობისა და გაზის შესახებ დისკუსია თანამშრომლობაზე ბევრად უფრო მეტად კონკურენციის სულისკვეთებით იქნება გაჯერებული.

”ბედნიერება ბევრ მილსადენს ნიშნავს” - ეს გახლავთ ლოზუნგი, რომელიც 1990-იან წლებში გაზისა და ნავთობის მარაგის გაზრდის მოსურნე ამერიკულმა კომპანიებმა შეიმუშავეს.

მაგრამ ეს ენთუზიაზმით დამუხტული ლოზუნგი ნამდვილად არ ასახავს ევროკავშირისა და რუსეთის ლიდერების განწყობას ხაბაროვსკის სამიტზე. შეხვედრაზე მილსადენების შესახებ ნამდვილად ისაუბრებენ, მაგრამ, როგორც ბუდაპეშტში მცხოვრები ექსპერტი ანიტა ორბანი ამბობს, ეს არ იქნება ბედნიერი საუბარი:

”შეხვედრაზე კონკურენცია იქნება როგორც რიტორიკის, ისე დეკლარაციების და შეთანხმებების გაფორმებისა და მოვლენების აღქმის თვალსაზრისით, კონკურენცია იქნება პროექტებს შორის - რომელი მათგანი უნდა განხორციელდეს, იმიტომ რომ კვლავაც ითვლება, რომ ეს პროექტები ურთიერთგამომრიცხავი ხასიათისაა.”

გარკვეულ საკითხებზე მხარეები თანხმდებიან. მაგალითად, ევროკავშირიც და რუსეთიც აცხადებენ, რომ ევროპას ბუნებრივი აირისა და ნავთობის იმპორტისთვის მეტი მილსადენი ესაჭიროება. ამასთან, ორივე მხარე თვლის, რომ ამ დამატებითი გაზისა და ნავთობის ნაწილის მიღება მოსახერხებელი იქნება კასპიის რეგიონიდან. უთანხმოება იმასთან დაკავშირებით არსებობს, თუ როგორ და ვის მიერ უნდა მოხდეს ენერგეტიკის მიწოდება.

ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთის დერეფანს - ახალ აბრეშუმის გზად წოდებულ ენერგეტიკის დივერსიფიკაციის სტრატეგიას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა პრაღაში 8 მაისს.

ეს გეგმა ითვალისწინებს ახლო აღმოსავლეთიდან და კასპიის რეგიონიდან ევროპისთვის ენერგეტიკის მიწოდებას თურქეთისა და შავი ზღვის გავლით და მოიცავს საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ვაჭრობის გზების გაუმჯობესებას. საქართველოს ამ გეგმებში მნიშვნელოვანი სატრანზიტო როლი ენიჭება. ევროკავშირის გეგმით გათვალისწინებულია სამი პროექტის განვითარება - ”ნაბუკოსი”, თეთრი ნაკადის და თურქეთის, საბერძნეთისა და იტალიის დამაკავშირებელი მილსადენის. საყურადღებოა, რომ ევროკავშირის გეგმაში ნახსენები არ არის რუსეთის სამხრეთის ნაკადის პროექტი, რომელსაც ”ნაბუკოს” ალტერნატივად მიიჩნევენ.

რუსეთი ევროკავშირისთვის ენერგეტიკის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია - ამ ეტაპზე ის ევროკავშირს ნავთობისა და გაზის მეოთხედზე მეტს აწვდის. ამდენად, პრაღის სამიტის შემდეგ რუსი ოფიციალური პირები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ სამხრეთის დერეფნის პროექტში რუსეთი ნახსენები არ იყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ანდრეი ნესტერენკომ, სამხრეთის დერეფნის პროექტს ”კონტრპროდუქტიული” უწოდა და განაცხადა, რომ ევროკავშირის გეგმებს არა ეკონომიკა, არამედ პოლიტიკა განსაზღვრავს:
”ჩვენი აზრით, ეგრეთ წოდებული სამხრეთის დერეფნის შექმნის პროექტი, ევროკავშირისთვის ენერგეტიკის უმსხვილესი მიმწოდებლის - რუსეთის - ინტერესების გათვალისწინების გარეშე, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური წამოწყება.”

გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ”ნაბუკოს” ფორმალურად წარმატებები უსურვა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ”მილსადენში მილიონობით დოლარის ჩადებამდე ... უნდა გაირკვეს, საიდან მიიღებენ ამ პროექტისთვის საჭირო გაზს.”
3,300 კილომეტრის სიგრძის ”ნაბუკომ” თურქეთი და ავსტრია უნდა დააკავშიროს და წელიწადში დაახლოებით 31 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა გაატაროს. ეს გაზი ისეთი ქვეყნებიდან უნდა მიიღონ, როგორებიცაა ეგვიპტე, ერაყი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ყაზახეთი და, შესაძლოა, უზბეკეთი და ირანი.

მაგრამ ამ ქვეყნებიდან ბევრს ჯერ პროექტში მონაწილეობაზე ოფიციალური თანხმობა არ უთქვამს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის პირდაპირი კონკურენციაა ”ნაბუკოში” მონაწილე გაზის მიმწოდებელ თუ სატრანზიტო ქვეყნების ირგვლივ.

ნომინალურად, ”ნაბუკოში” მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს აზერბაიჯანმა და ეგვიპტემ. მაგრამ თურქმენეთს, ყაზახეთსა და უზბეკეთს, რომლებსაც რუსეთის გაზპრომთან გრძელვადიანი კონტრაქტები აქვთ, ამგვარი შეთანხმება ჯერჯერობით არ გაუფორმებიათ.

რუსეთი, თავის მხრივ, აპირებს ”ნაბუკოს” ალტერნატიული სამხრეთის ნაკადის პროექტისთვის თავისი გაზი შუა აზიის ქვეყნების რესურსებს შეუერთოს. ამასთან, გაზპრომის წარმომადგენლები აზერბაიჯანთანაც აწარმოებენ მოლაპარაკებას. გასულ კვირაში კი მათ შეთანხმებები გააფორმეს ენერგეტიკულ კომპანიებთან მიმღებ ქვეყნებში - ბულგარეთში, საბერძნეთში, სერბიასა და ავსტრიაში.

რუსეთსა და ევროკავშირს შორის დაძაბულობა მნიშვნელოვნად გამწვავდა რუსეთსა და უკრაინას შორის იანვარში მომხდარი უთანხმოების გამო, რომლის შედეგად გაზის მიწოდება ევროპასაც შეუწყდა. ამან კიდევ უფრო გაზარდა ევროკავშირის სურვილი, მოხდეს ენერგეტიკის წყაროების დივერსიფიკაცია.

თუმცა ხაბაროვსკის სამიტის წინ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ უთანხმოებათა შერბილება სცადა. მან განაცხადა, რომ შემუშავების პროცესშია შეთანხმება, რომლითაც ევროკავშირსა და რუსეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის რეგულირება უნდა მოხდეს.

სოლანამ დასძინა, რომ ევროკავშირისთვის ”რუსეთი ენერგეტიკის მთავარი უცხოელი მიმწოდებელია” და ახლო მომავალში ეს ვითარება უცვლელი დარჩება.
XS
SM
MD
LG