Accessibility links

logo-print

საშინაო დავალების ნაცვლად, ფერგანელ ბავშვებს შინ ჩითილები გამოჰყავთ


ბავშვების დასაქმება, საერთაშორისო სამართლით, თუკი ეს მათ ჯანმრთელობას ვნებს ან განათლებას აფერხებს, აკრძალულია. ამას ამბობს გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბავშვებს ასე ამუშავებენ, როცა საზოგადოებას ეკონომიკურად უჭირს, უჭირს ამ ბავშვების ოჯახს ან უჭირს სახელმწიფოს, დაასაქმოს ამა თუ იმ სფეროში მოზრდილები, რადგან მათ მეტი უნდა გადაუხადონ. უზბეკეთში, შუა აზიის ქვეყანაში, რომელიც ბამბის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია დედამიწაზე, დღესაც ასაქმებენ ბავშვებს და ამის გამო ამ ქვეყანას დღესაც აკრიტიკებენ. ადრე დასავლელმა მოვაჭრეებმა ბოიკოტიც კი გამოუცხადეს უზბეკეთის ბამბით წარმოებულ პროდუქტს, ბავშვების შრომის ბოროტად გამოყენების გამო. ტაშკენტმა შეისმინა კრიტიკა და აკრძალა ბავშვთა შრომა. მაგრამ წელს, როცა კვლავ დადგა ბამბის თესვის პერიოდი, ამ ქვეყნიდან იუწყებიან, რომ ბავშვები კვლავ ჩააბეს ამ საქმეში და არა მხოლოდ ველზე, მათ უწევთ შინ მუშაობაც. საქმე ისაა, რომ, ცუდი ამინდების გამო, ველზე დათესილი ბამბის თესლი წყალმა წაიღო და საჭირო გახდა საშინაო პირობებში ჩითილების გამოყვანა. ამიტომაა, რომ წელს უზბეკეთის ფერგანის ოლქში უამრავი ბავშვი, სასკოლო დავალების ნაცვლად, შინ ჩითილების გამოყვანით დაკავდა. და ეს დავალება - სულ მცირე, 200 ქაღალდის ძაბრის დამზადება, შიგ მიწის ჩაყრა და ბამბის დათესვა - სკოლაში, მასწავლებლებისგან მიიღეს. ჩვენს რადიოს, 11 წლის ფერგანელმა მოსწავლემ უთხრა, რომ დროს, ძირითადად, შინ ქაღალდის ძაბრების დამზადებაში ატარებს:

“დაგვავალეს, ავიღოთ რვეულის ფურცლები, ერთმანეთს დავაწებოთ და ერთი ბოლო ღია დავუტოვოთ. გავაკეთეთ და მივიტანეთ, მაგრამ გვითხრეს, მეტი და სხვადასხვანაირი გააკეთეთო.”

ფერგანის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, ასევე საჯარო სამსახურში დაკავებულ პირებს შინ ჩითილების გამოყვანა მოსთხოვეს. როგორც ითქვა, გაზაფხულის წვიმამ, ამოღერებული, ჯერ კიდევ სუსტი მცენარეები გაანადგურა. ამას მოჰყვებოდა ბამბის პლანტაციებში გამეჩხერიანება, რაც ეკონომიკური ზეწოლის პირობებში, მოიწიონ რაც შეიძლება მეტი ბამბა, მიუღებელი იქნებოდა. ამ პროდუქტის ექსპორტს წამყვანი ადგილი უჭირავს უზბეკეთის ეკონომიკაში, ის მყარი ვალუტის მთავარი წყაროა.

უფლებადამცველები, ვისთვისაც ეკონომიკური ფაქტორები არაა გადამწყვეტი, მიიჩნევენ, რომ უზბეკეთი განაგრძობს ძველ პრაქტიკას, ბავშვთა შრომა გამოიყენოს ბამბის მრეწველობაში. ბავშვებს ახლა ჩითილების გამოყვანას რომ ავალებენ, ეს ერთია. ჩვეულებრივ, ამ ქვეყანაში მილიონობით ადამიანი ჩაებმება ხოლმე უკვე წლის ბოლოს მოსავლის აღებაში. ეს საქმე იქ ხელით კეთდება, ხშირ შემთხვევაში, ბავშვების ხელით. ბამბის აღება ხდება ნოემბერ-დეკემბერში, როცა სკოლებსა და უნივერსიტეტებში, წესით, სწავლა უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ იქ წყვეტენ გაკვეთილებს და ლექციებს და ბავშვებს და ახალგაზრდებს ბამბის მტვრიან პლანტაციებში ერეკებიან, სადაც მთელი წლის განმავლობაში შხამ-ქიმიკატების ინტენსიური გამოყენება ხდება. ბამბის მოსავალს იღებენ ადრე დილიდან მზის ჩასვლამდე, სეზონურ მუშებს ღამით მძიმე პირობებში ძილი უწევთ. უზბეკეთის კანონი კრძალავს არა მარტო ბავშვების შრომას, არამედ იძულებით შრომასაც და, ცხადია, ისეთ საქმიანობას, რომელიც მავნეა ბავშვებისთვის. ამ ქვეყნის მთავრობა დიდხანს უგულებელყოფდა საერთაშორისო კრიტიკას, სანამ საფინანსო პრობლემები გაუჩნდებოდა. შარშან დასავლეთის არაერთმა შემკვეთმა - მათ შორის, “ტესკომ”, “გეპმა”, “მარქს ენდ სპენსერმა” და “უალ მარტმა” -უზბეკეთის ბამბით წარმოებულ პროდუქციას ბოიკოტი გამოუცხადა. ტაშკენტმა პირობა დადო, რომ ბავშვთა შრომის ამკრძალავ საერთაშორისო კონვენციას აღიარებდა და აკრძალა არასრულწლოვანთა შრომა, მაგრამ, სინამდვილეში, ბავშვთა შრომის გამოყენება არასოდეს შეუწყვეტიათ. აი, რას ამბობს კარიმ ბოზორბოევი, უზბეკი უფლებადამცველი, რომელიც სირდარიის რეგიონში მუშაობს:

“კანონი, მითითება თუ წესი აქ ყოველთვის არ სრულდება. 2008 წელს, ბამბის მოსავლის აღებისას, მივიღეთ ინფორმაცია, რომ რეგიონის გამგებლის მოადგილემ, რომელსაც სოფლის მეურნეობის სფერო აბარია, მოსახლეობას მიმართა, თუკი ბავშვებს არ გამოუშვებთ ბამბის პლანტაციებში, ერის მტრებად გამოგაცხადებთო.”

თუ იცით, რომ უზბეკეთში უმუშევართა რიცხვი ძალიან მაღალია, შეიძლება იკითხოთ, რაღატომ ამუშავებენ ბავშვებს, როცა მოზრდილებს სამუშაოს მოძებნა უჭირთ. როგორც უზბეკი გლეხები განმარტავენ, იმიტომ, რომ ბავშვთა შრომა იაფია: ბავშვები თითო კილო მოკრეფილი ბამბისთვის სამ ცენტს იღებენ. ფერგანელი უფლებადამცავი ბაჰოდირ ელბოევი ამბობს, ეს იმდენად მცირე თანხაა, რომ მოზრდილებისთვის სრულიად უინტერესოა ამ სამუშაოს შესრულება, ისინი საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოს ამჯობინებენ ამ სამ ცენტსო:

“როცა მოზრდილი მამაკაცი დროებით სამუშაოში იღებს 6-7 დოლარს საათში, მას თვეში 200-მდე დოლარი გამოსდის. გლეხები არასოდეს გადაუხდიან ვინმეს თვეში 200 დოლარს.”

ელბოევის თქმით, ამ რეალობის გათვალისწინებით, ოფიციალური კანონი და აკრძალვა არაა საკმარისი ბავშვთა შრომის პრაქტიკის აღსაკვეთად. კანონმა რომც იკანონოს, ამბობენ უფლებადაცვის აქტივისტები, სიღარიბე ბევრ მშობელს აიძულებს, ბავშვი ბამბის პლანტაციაში გაუშვას.

უზბეკეთში ფიქრობენ, რომ ამ ქვეყანაში ბავშვთა შრომა ყოველთვის იარსებებს, სანამ გლეხების შემოსავალი არ გაიზრდება და ბამბის მრეწველობა არა მარტო მათთვის იქნება მომგებიანი, ვინც პროდუქტს უცხოეთში ყიდის, არამედ მათთვისაც, ვინც ველზე მუშაობს და ბამბის უშუალო წარმოებაშია დაკავებული.
XS
SM
MD
LG