Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველად ისტორიაში - რადიო თავისუფლების პრეზიდენტი მინსკში ჩავიდა


ბელორუსიის ხელისუფლებამ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტს - ჯეფრი გედმინს მისცა ვიზა მინსკში რადიო თავისუფლების ბელორუსიული სამსახურის 55 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. ჯეფრი გედმინი არის რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პირველი პრეზიდენტი, რომელიც ბელორუსიას ეწვია.

ბელორუსიული სამსახურის საიუბილეო ღონისძიებას მინსკში აშშ-ს საელჩომ უმასპინძლა. სამსახურის თანამშრომლებმა ბელორუსიელი დისიდენტებისა და გამოხატვის თავისუფლების მომხრეებისგან მიიღეს კეთილი სურვილები და მხარდაჭერა. აქვე გეტყვით, რომ ორგანიზაციის ”რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” რეიტინგით პრესის თავისუფლების თვალსაზრისით ბელორუსიას მსოფლიოს 173 ქვეყანას შორის 154-ე ადგილი უკავია.

”ჩემთვის პატივია აქ ყოფნა. ჩვენ ვაღიარებთ და თქვენდამი პატივისცემით განგვაწყობს ის ფაქტი, რომ ბევრი თქვენგანი ძალიან დიდ საფასურს იხდის თავისუფალი ბელორუსიის სახელით აზრის გამოხატვისთვის”, - განუცხადა ჯეფრი გედმინმა სტუმრებს.

ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერმა ალექსანდრ კაზულინმა განაცხადა: ”ჩვენ მადლიერები ვართ, რომ ”სვაბოდის” ხმის გაგონება შესაძლებელია ბელორუსიაში, ციხის გისოსებს მიღმაც კი. პატიმრობაში ყოფნისას ერთადერთი საშუალება შემეგრძნო თავისუფლების გემო - ”რადიო სვაბოდის” მოსმენა იყო”.

ცერემონიაზე რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ბელორუსიულმა სამსახურმა წარმოადგინა წიგნი სახელწოდებით - ”პოლიტიკური პატიმრის ცხოვრების ერთი დღე” - ეს არის საერთაშორისოდ აღიარებულ ბელორუს პოლიტიკურ პატიმრებთან 41 საუბრის ნაკრები.

ბელორუსიული სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ლუკაშუკმა აღნიშნა, რომ ”პოლიტიკური პატიმრის ცხოვრების ერთი დღე” მეთხუთმეტე წიგნია, რომელიც ამ სამსახურის მიერ ”თავისუფლების ბიბლიოთეკის” სერიით გამოვიდა. ”ეს წიგნი არის პატივისცემის მოკრძალებული გამოხატვა შესანიშნავი პიროვნებების მიმართ. ისინი ყოველდღიურად შთაგვაგონებენ ჩვენ”, - თქვა ლუკაშუკმა.
XS
SM
MD
LG