Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აიწონა-დაიწონა


დღეს ვცადოთ, მოვლენებს მიშა სააკაშვილის თვალით შევხედოთ. ვნახოთ, საბავშვო კარუსელების შემდეგ როგორ შექმნა მან საქანელა დიდებისთვის, რომელზეც სერიოზულ ადამიანებს „აიწონა–დაიწონას“ პრინციპით მიუჩინა ადგილი.

თავიდან ის ვთქვათ, რაც ზედაპირზე ჩანს: საქართველოს პრეზიდენტს სულ ორი არჩევანი აქვს - ან რამე დაუთმოს ოპოზიციას და მის მხარდამჭერებს, ან არაფერი დათმოს და დრო გაწელოს, ვიდრე ხალხს უშედეგო პროტესტი არ მობეზრდება.

თუ ოდნავ ღრმად ჩავიხედავთ, მესამე გზაც არსებობს, უფრო საშიში...

ამ ეტაპზე ოპოზიციაშიც ორი ფრთაა – ერთი ისე იქცევა, როგორც დამთმობ პრეზიდენტს შეეფერება; მეორე კი დარწმუნებულია, რომ დათმობა არ იქნება და შესაბამის ნაბიჯებს დგამს. მარტივი ამბავია: თუ მიხეილ სააკაშვილი დათმობების გზას დაადგება, მაშინ ოპოზიციის „რბილ“, მომლაპარაკებელ ნაწილს გააძლიერებს; ხოლო თუ არაფერს დათმობს, მაშინ იმ ნაწილს გააძლიერებს, რომელიც პრეზიდენტს ბოლომდე უპირისპირდება და მისი გადადგომისთვის იბრძვის.

ზომიერი ოპოზიციონერების ლიდერი ირაკლი ალასანიაა, რადიკალურად განწყობილები კი ნინო ბურჯანაძის ირგვლივ იკრიბებიან.

ვიცი, რომ ლევან გაჩეჩილაძესაც არაერთი მხარდამჭერი ჰყავს, მაგრამ მას საკუთარი ნიშა არ გააჩნია. გაჩეჩილაძე ხან ზომიერებისკენ იხრება, ხან – რადიკალებისკენ. ამიტომ, მისი ადგილი დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრში ან ერთი და ან მეორე მიმართულების მხარდაჭერაა.

ხელისუფლების რიტორიკით თუ ვიმსჯელებთ, ამჟამად ალასანია უფრო პერსპექტიულ პოზიციაში იმყოფება, ვიდრე ბურჯანაძე. იქით პრეზიდენტს და აქეთ – ზომიერ ოპოზიციას დღეს ერთმანეთის ბოლომდე არ ესმით, მაგრამ ორივე მხარე ხვალინდელი მოლაპარაკებისთვის ემზადება. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც რადიკალურ ნაბიჯებს არ ემხრობა, მიშასა და ირაკლის შორის მერყეობს – ბოლომდე ვერ გაურკვევია, ერთი უფრო მოსწონს თუ მეორე.

სინამდვილეში, მიშადან ირაკლიმდე ძალიან გრძელი გზაა. ალასანიას პოლიტიკური ფიგურის გაძლიერება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი სააკაშვილი რაიმე არსებითს დათმობს მასთან მოლაპარაკების პროცესში. სააკაშვილს კი რაიმე არსებითის დათმობა არ შეუძლია. რადგან სისტემა, რომელსაც იგი 2003 წლიდან აშენებს, გარდაქმნასა და გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება.

მაგალითად, როგორც კი პრეზიდენტი დათმობს სასამართლოს და მოსამართლეები პროკურორების კარნახის გარეშე იმუშავებენ, წლების განმავლობაში ჩადენილი უკანონობები გამომზეურდება და მათი ჩამდენები დაისჯებიან. ამას ვერ გაუძლებს სისტემა, რომელშიც ბევრი რამ კანონის თანახმად კი არ წყდება, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილების და პირადი ინტერესების მიხედვით. ამიტომ სასამართლოს სააკაშვილი ხელიდან ვერ გაუშვებს. საარჩევნო კანონმდებლობა და ადმინისტრაცია ხომ დღევანდელი ხელისუფლების ღერძია. ამ მიმართულებით მიშა სააკაშვილს რამის დათმობა რომ შეძლებოდა, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობას დათმობდა, რადგან იდეალური მომენტი იყო საამისოდ. მაგრამ ვერ შეძლო.

ტელევიზიებზეც ვთქვათ: საკმარისია, პირველმა არხმა პატიოსანი მაუწყებლობა დაიწყოს, რომ წყალში გადაყრილი აღმოჩნდება მთელი რესურსი, რომელიც დიდი ტელეკომპანიების სააგიტაციო მანქანის მუშაობას სჭირდება. კეთილსინდისიერი მაუწყებლობის პირობებში, ალბათ, ნახევარი წელიწადი იკმარებს პროპაგანდისტული ბურუსიდან საქართველოს მოსახლეობის გამოსაყვანად. მიხეილ სააკაშვილი ვერც ამას დაუშვებს.

ასე რომ, ირაკლი ალასანიას სუსტი მხარე დღევანდელი რეჟიმის არსშია ჩადებული. საკმარისია თუნდაც ერთი ნამდვილი დათმობა ხელისუფლების მხრიდან, რომ მათი ნაქები „ძლიერი სახელმწიფო“ ხერხემალში გადატყდება.

როდესაც მოსახლეობა დარწმუნდება, რომ ალასანიას გზა უიმედოა, ისევ ბურჯანაძის გზას მიუბრუნდება და ბოლომდე ბრძოლისთვის განწყობილ ლიდერს დაუდგება გვერდით. თავიდან დაიწყება ქუჩის აქციები და თუ აღმოჩნდება, რომ საზოგადოების რადიკალურად განწყობილი ნაწილი ისევ არ არის საკმარისად ძლიერი რადიკალური ცვლილებებისთვის, ბურჯანაძის ფრთაც დასუსტდება. ამის შემდეგ კი თავიდან დაიწყება საუბარი მოლაპარაკებაზე და დიალოგზე... ხომ ისე ჩანს, თითქოს, ალასანია უკეთეს პოზიციაშია და ბურჯანაძე ჩრდილში ინაცვლებს, სინამდვილეში, მიხეილ სააკაშვილი ორივე ფრთის დაბალანსებას ცდილობს. არაფერს ცვლის და საკუთარი გუნდის ყველაზე არაპოპულარულ წევრებს გმირებს უწოდებს (რითიც რადიკალების წისქვილზე ასხამს წყალს) და თან მუდმივად საუბრობს დიალოგზე (რაც ზომიერი ოპოზიციის წასახალისებლად სჭირდება).

ასე მონაცვლეობით გაძლიერდება ხან ერთი მიმართულება და ხან მეორე; შესაბამისად, ხან ერთი ლიდერი დასუსტდება და ხან მეორე. რეალური ცვლილებების ჟამი კი, შეიძლება, დიდხანს არ დადგეს. ამას ვუწოდე მესამე გზა, აიწონა–დაიწონას გზა, უფრო საშიში...

როგორ ფიქრობთ, რა არის გამოსავალი? იქნებ, საკმაოდ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ცვლილებები მართლაც რამდენიმე ათასი ადამიანის ახირებაა?

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG