Accessibility links

რატომ უჭერს მხარს დასავლეთი მიხეილ სააკაშვილს


თბილისში 9 აპრილს დაწყებული საპროტესტო აქცია ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. თუმცა, ხელისუფლებისა და მომიტინგეების ურთიერთობაში არსებითად არაფერი იცვლება. ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ხელისუფლებას ძალას ჰმატებს, მიხეილ სააკაშვილისადმი დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერაა.

შესაძლოა, ბევრმა სადავოდ გახადოს, რამდენად გულისხმობს ევროკავშირის სახელმწიფოთა ელჩების განცხადებები პირადად მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას; ან რამდენად კეთილსინდისიერად მოიქცა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტს – ჯო ბაიდენს – მიხეილ სააკაშვილის „დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისადმი“ მხარდაჭერა დააბრალა. ყოველ შემთხვევაში, სააგენტო ფრანს პრესის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის ანგარიშში, რომელიც ბაიდენის ოფისმა გამოაქვეყნა, მსგავსი სიტყვები არ წერია (http://www.google.com/hostednews/afp/article/ALeqM5h0DpebnGMLmd6vdG_uaiQg1vkIrg).

ამ კანონიერი ეჭვების მიუხედავად, საზოგადოებრივ შეკრებებზე მუდამ ისმის შეკითხვა: რატომ უჭერს დასავლეთი მხარს მიხეილ სააკაშვილს? ექსპერტებიც, კი არ უარყოფენ ამ შეკითხვას – როგორც რეალობასთან შეუსაბამოსა და ხელოვნურს – არამედ, მასზე პასუხს ეძებენ.

პასუხის პირველ ნაწილთან დაკავშირებით, ექსპერტები ადვილად თანხმდებიან – საქართველოს პარტნიორები და, პირველ რიგში, გადაწყვეტილების მიმღები პირები ამერიკაში, ოპოზიციონერთა რიგებში ვერ ხედავენ სააკაშვილის რეალურ ალტერნატივას. ამის შესახებ ლევან გაჩეჩილაძემაც ისაუბრა „საკან N5“–ში ბოლო სტუმრობისას. რაც შეეხება პასუხს მომდევნო კითხვაზე – რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ალტერნატიული ლიდერი? – პირადად მე ყველაზე მწყობრი და საინტერესო მოსაზრება შალვა ფიჩხაძისგან მოვისმინე. ორგანიზაციის „საქართველო ნატოში“ ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ლიდერი, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიხეილ სააკაშვილის ალტერნატივად შეიძლება განიხილოს, ორ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა არსებობდეს სრული რწმენა მის პროდასავლურ, უფრო მეტიც, პროამერიკულ ორიენტაციაში და მას საქართველოს მოსახლეობაში რეალურად უნდა ჰყავდეს მიხეილ სააკაშვილზე მეტი მხარდამჭერი.

თუ ოპოზიციურ სპექტრს ამ ორი კრიტერიუმის მიხედვით გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ არსებულ ხელისუფლებას დროის გარკვეული ლიმიტი ნამდვილად აქვს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ქართულ საზოგადოებას ზუსტი და სანდო ინფორმაცია არ გააჩნია არც პირველ და არც მეორე კრიტერიუმთან დაკავშირებით.

სავარაუდოდ, პროამერიკული ორიენტაცია საქართველოს მოსახლეობის არჩევანიც არის და ოპოზიციური სპექტრის ძლიერი მხარეც. სულ მცირე, ორი-სამი ლიდერი მაინც ჰყავს ოპოზიციას ისეთი, რომელსაც ამერიკაში კარგად იცნობენ და, ალბათ, ენდობიან კიდეც. ხელისუფლება დიდი სიფრთხილით ცდილობს, რომ რეალური ლიდერების სახელი და საქმიანობა რუსულ ინტერესებს „მიაბას“, თუმცა, უეჭველია, რომ ამერიკელები საქართველოს ხელისუფლების დახმარების გარეშე განსაზღვრავენ, ვინ არის მათთვის სანდო და ვინ – არა.

რაც შეეხება მეორე კრიტერიუმს – მოსახლეობის მხარდაჭერას – ეს მიხეილ სააკაშვილის ძლიერი მხარეა. სწორედ იმისთვის გამოიყვანა ოპოზიციამ ხალხი ქუჩაში, რომ საქართველოს პრეზიდენტს და, მასთან ერთად, მთელ მსოფლიოს დაენახა, რამდენად ანგარიშგასაწევია მოსახლეობის პროტესტულად განწყობილი ნაწილი. მართალია, აქციები საქართველოსთვის უპრეცედენტოდ დიდხანს და დაჟინებით გრძელდება, მაგრამ ამ ხანგრძლივ და დამქანცველ პროცესში ჯერ კიდევ არ გამოკვეთილა ლიდერი, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად უფრო მეტი მხარდაჭერა ექნებოდა საქართველოს მოსახლეობის მხრიდან, ვიდრე – მიხეილ სააკაშვილს.

ამ კონტექსტში რეალურ ინტერესს ორი ადამიანი იწვევს.

დავიწყოთ ნინო ბურჯანაძით, რომლის მიმართაც მომიტინგეების სიმპათიები დღითიდღე იზრდება. თუ ქუჩის პროტესტი გაძლიერდება და ქვეყანას რეალური ცვლილების აუცილებლობამდე მიიყვანს, ცხადია, შესაბამისად გაიზრდება ბურჯანაძის პოლიტიკური წონაც.

საზოგადოების იმ ნაწილში კი, ვისაც არც ხელისუფლება მოსწონს და არც ოპოზიცია, სხვებზე მეტად პოპულარული ირაკლი ალასანიაა. დღეისათვის ეს განწყობა, მაგალითად, თბილისში, ყველა დანარჩენს სჭარბობს და თუ ოპოზიციის ოპოზიციონერები ირაკლი ალასანიას მხარდამჭერებად ჩამოყალიბდებიან, სწორედ მას ექნება შანსი, მიხეილ სააკაშვილის საპირწონე ლიდერი გახდეს.

ჯერჯერობით კი, მთელი საქართველოს მასშტაბით ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად საქართველოს პრეზიდენტი რჩება და, ვიდრე ეს ასეა, დასავლეთისგან მხარდაჭერაც არ აკლია. ასე რომ, ელჩების მიმართ საყვედურები სხვის თვალში ბეწვის ძებნას ჰგავს.
XS
SM
MD
LG