Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელს აქცია-ბრიფინგით სცემს პასუხს


22 მაისს საქართველოს რკინიგზის მთავარი ოფისის წინ ოპოზიციის აქცია-ბრიფინგი გაიმართა. ოპოზიციის ლიდერები 20 მაისს საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი ეზუგბაიას, საგანგებო განცხადებას გამოეხმაურნენ, სადაც მან თქვა, რომ რკინიგზა ასეულობით თანამშრომლის გათავისუფლებას აპირებს და რომ შექმნილი კრიზისული ვითარება ოპოზიციის მიერ რკინიგზის შესაძლო გადაკეტვასა და აფეთქებასთან დაკავშირებულმა განცხადებებმა გამოიწვია.

ოპოზიციის ლიდერები დღემდე უარყოფენ არათუ რკინიგზის აფეთქების, არამედ მისი გადაკეტვის გეგმის არსებობასაც კი და აცხადებენ, რომ მსგავსი რამ არავის უთქვამს, ხოლო რკინიგზის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ეზუგბაიას განცხადებას სიცრუეს უწოდებენ. 22 მაისს ოპოზიციის ლიდერები ამის სათქმელად რკინიგზის დეპარტამენტთან მივიდნენ და განაცხადეს, რომ თუ რკინიგზის 3500-მდე თანამშრომელს მართლაც შეამცირებენ, სირცხვილის დერეფანი იქაც მოეწყობა და საპროტესტო აქციის ახალი კერაც გაჩნდება. ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი წევრი, მანანა ნაჭყებია, აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველა მეთოდით ცდილობს ყურადღების გადატანას აქციებიდან სხვა პრობლემებზე და ამისათვის ტყუილსაც არ ერიდება:

“რკინიგზაში უკვე დაგეგმილია 3500-მდე თნამშრომლის შემცირება. ისინი შეეცადნენ, რომ ყველაფერი 9 აპრილის შემდგომ განვითარებული მოვლენებისათვის გადაებრალებინათ და ეთქვათ, რომ სწორედ ამ აქციების გამო შემცირდა გადაზიდვები საქართველოში. რეალურად, იმ ორ დიდ კომპანიას ჰქონდა ორწლიანი კონტრაქტი საქართველოს რკინიგზასთან, დაუმთავრდათ ეს კონტრაქტი 9 აპრილის მოვლენებამდე და აღარ გააგრძელეს, რადგან საქართველოს რკინიგზას აქვს მაღალი ტარიფები, რუსეთმა კი მათ შესთავაზა უფრო დაბალი ტარიფი.”

შეგახსენებთ, რომ 20 მაისს ირაკლი ეზუგბაიამ საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე თქვა: ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა რკინიგზის გადაკეტვისა და აფეთქების თაობაზე მკვეთრად შეამცირა გადაზიდვების რაოდენობა და რკინიგზაში შეიქმნა ვითარება, რასაც თანამშრომლების მასობრივი შემცირება მოჰყვებაო.

ეზუგბაიას ამ განცხადების შემდეგ, 20 მაისსვე, რადიო თავისუფლებამ კომენტარი სთხოვა ექსპერტებს ეკონომიკის საკითხებში. დავით ნარმანიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, შიდა პოლიტიკურ დაძაბულობას ამ დრომდე ისეთი სახიფათო სახე არ მიუღია, რომ რკინიგზის გადაზიდვების მკვეთრი შემცირება ამ ფაქტორს დაბრალებოდაო. მისი თქმით, 2009 წლის პირველი კვარტალის ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკის მიხედვით, ზუსტად 30-პროცენტიანი კლება გვაქვს როგორც იმპორტში, ასევე ექსპორტში. ანუ, საერთოდ, ტვირთბრუნვა არის შემცირებული, რადგანაც ადამიანებმა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენიდან გამომდინარე, მოხმარება შეზღუდეს. მისი შეფასებით, ეს არის ძირითადი მომენტი და არა, ვთქვათ, ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელთა განცხადებები, მით უფრო, რომ ასეთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს დიდი კომპანიები,როგორც წესი, უცბად არ იღებენ. ”ისინი პროცესებს რამდენიმე თვე, ერთი წელი აკვირდებიან ხოლმე და ამის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას...”

რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებას ეხმაურება რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილიც. ის ფიქრობს, რომ, შესაძლოა, ხელისუფლებაში კვლა განიხილებოდეს გაკოტრებული რკინიგზის გაყიდვის გეგმა და ასეთ შემთხვევაში ოპოზიციისათვის იმის გადაბრალება, რომ მსხვილმა გადამზიდავებმა უარი თქვეს თანამშრომლობაზე, საუკეთესო გამოსავალია:

” არც ”სევრონი”, არც ”ექსონი” - არც ერთი ასეთი ცნობილი ფირმა - ორ დღეში და თან მიტინგზე გაგონილი განცხადების საფუძველზე, რომც ეთქვათ, გადაწყვეტილებას არ იღებს და არ ცვლის მარშრუტებს, ეს წარმოუდგენელია. რუსეთიდან გადაზიდვა მათ უჯდებათ უფრო იაფი, რადგან იქ არის უფრო დაბალი ტარიფი და ამიტომცა აღარ გააგრძელეს კონტრაქტი.”

22 მაისს გამართულ აქცია-ბრიფინგს ასევე ესწრებოდა ყოფილი რკინიგზელი, კონსერვატიულ ი პარტიის წევრი გია ყრუაშვილი, რომელმაც გვითხრა, რომ გასათავისუფლებელი ადამიანების 3500 კაციანი სია უკვე არსებობს: ”არ გეგონოთ, რომ ეს ადამიანები ადმინისტრაციაში მუშაობენ. ესენი არიან ზეინკლები, მემანქანეები, მუშები, ანუ შედარებით ქვედა რგოლი, ვისზეც დგას მთელი რკინიგზა.”

კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც 22 მაისის ბრიფინგზე ”ახლებმა” გაავრცელეს, მათივე პარტიის წევრს, ირაკლი იაშვილს, და მის მიერ დაფუძნებულ გადამზიდავ კომპანიას უკავშირდება.

მანანა ნაჭყებია: ”ერთ-ერთ კომპანიას, რომლის დამფუძნებელი არის ახალი მემარჯვენე ირაკლი იაშვილი და რომელიც არის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, უთხეს უარი ნატოს ტვირთების გადაზიდვაზე. ეს კომპანია ახორციელებდა ნატოს ტვირთების გადაზიდვას ავღანეთში და პრობლემა არ შექმნია მანამ, სანამ ირაკლი იაშვილი ღიად არ გამოჩნდა აქციებზე. და მას განუცხადეს უარი იმის გამო, რომ ის არის ოპოზიციასთან დაახლოებული პირი.”

ოპოზიციის ბრიფინგს მალევე გამოეხმაურა რკინიგზის დეპარტამენტის სატვირთო გადაზიდვების დირექტორი დავით ჯინჯოლია. რომელმაც ჯერ ნატოს ტვირთების შეჩერების ფაქტი უარყო, შემდეგ თანამშრომლების შემცირების. თქვა ისიც, რომ საქართველოში გადაზიდვის ყველაზე დაბალი ტარიფი მოქმედებს პოსტსაბჭოთა სივრცეში, და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აფეთქების მუქარის შემდეგ, რასაც ოპოზიცია კატეგორიულად უარყოფს, მკვეთრად შემცირდა გადაზიდვების დონე.

მოგვიანებით რკინიგზის შესაძლო გაყიდვის თემას ლეიბორისტებიც გამოეხმაურნენ. ლეიბორისტ კახა ძაგანიას ინფორმაციით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ რკინიგზა გაყიდონ, სავარაუდო მყიდველად კი ძაგანიამ რუსეთი დაასახელა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG