Accessibility links

logo-print

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: საქართველოს ეკონომიკა შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენების პრეზენტაცია თბილისში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენების პრეზენტაცია თბილისში

თბილისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტრადიციული მოხსენების, „რეგიონალური ეკონომიკური პერსპექტივების“, პრეზენტაცია გაიმართა. ანგარიშში კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობაა მიმოხილული. მასში გაკეთებულია პროგნოზებიც, რომელთა მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ ერთი პროცენტით გაიზრდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ გამორიცხავს, რომ წლის მეორე ნახევრის დასაწყისში ეს მაჩვენებელი გაუარესებისკენ შეიცვალოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება - „რეგიონალური ეკონომიკური პერსპექტივები“ - ცხადყოფს, რომ, გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგად, ვარდნას განიცდის კავკასიისა და ცენტრალური აზიის ყველა სახელმწიფო. ეკონომიკის ზრდის ტემპები შეანელეს ნავთობითა და გაზით მდიდარმა ქვეყნებმაც კი - ისეთებმა, როგორიცაა ყაზახეთი და აზერბაიჯანი.

სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2009 წლის მანძილზე საქართველოს მეზობელი სომხეთის ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, ხოლო აზერბაიჯანისა ექვსი პროცენტით გაიზრდება, თავად საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი კი მხოლოდ ერთი პროცენტით მოიმატებს. ასეთი დასკვნა მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მონაცემების საფუძველზე მომზადდა და ის შეიძლება შეიცვალოს მეორე კვარტალის დასრულების შემდეგ. საქართველოს ეკონომიკის ზრდის ერთპროცენტიანი მაჩვენებლის შემცირებას არ გამორიცხავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ედუარდ გარტნერი:

„საქართველოს პროგნოზი, ამ მოხსენების მიხედვით, არის პლუს ერთი. ვფიქრობ, ივლისში, მომდევნო განახლების შემდეგ, ყველა ინდიკატორი შეიძლება შემცირდეს.“

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვრცელი ანალიზი საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების ეკონომიკების უამრავი ასპექტის ანალიზს მოიცავს.
მთავარი მიზეზი, რამაც საქართველოს ეკონომიკის ზრდა, ფაქტობრივად, შეაჩერა, უცხოური ინვესტიციების მყისიერი შემცირებაა. სავალუტო ფონდის წარმომადგენლის ედუარდ გარტნერის აზრით, უცხოური ინვესტიციებით გამოწვეული დანაკლისი საქართველომ დონორი ორგანიზაციების დახმარებითა და უცხოური სესხებით უნდა დააბალანსოს.
სავალუტო ფონდის მოხსენებაში აღწერილი ტენდენციებისა და პროგნოზების შესახებ კომენტარი ვთხოვე ეკონომიკის რამდენიმე ექსპერტს. ყოფილი ფინანსთა მინისტრის, ახლა კი პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელის ლექსო ალექსიშვილის აზრით, სავალუტო ფონდის მოხსენებაში ოპტიმისტურადაა შეფასებული საქართველოში მოსალოდნელი ინვესტიციების მოცულობა:

„პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ თუ ეს პროგნოზი არ გამართლდა, რთულად აისახება ფისკალურ მაჩვენებლებსა და საბიუჯეტო შემოსავლების დონეზე, რამაც შეიძლება საფრთხის წინაშე დააყენოს ბიუჯეტიდან ხარჯების დაფინანსების თემა, რაც საკმაოდ კრიტიკული იქნება ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.“
ლექსო ალექსიშვილი და სხვა ეკონომისტებიც ბიუჯეტის სეკვესტრის აუცილებლობაზე მიანიშნებენ.

ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ–ევროპული საკონსულტაციო ცენტრის მთავარი ეკონომიკური ექსპერტის მერაბ კაკულიას აზრითაც, საქართველოს ხელისუფლებამ დროული რეაგირება უნდა მოახდინოს წარმოქმნილ ფისკალურ პრობლემებზე. მერაბ კაკულია სხვა ნაბიჯებზეც საუბრობს:

„ის ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი, რაზეც მთავრობა ლაპარაკობს, უნდა განხორციელდეს და, რაც შეიძლება, ეფექტიანად. და, რაც მთავარია, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ შეპირებული დონორული დახმარება რეალობად იქცეს.“

საქართველოს ეკონომიკის არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისა და სამომავლო ზრდის მიღწევის საშუალებად დონორთა დახმარებაზე მეტად ახალი ეკონომიკური სკოლის საქართველოს წარმომადგენლებს ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაცია მიაჩნიათ. მათი აზრით, დიდი რაოდენობის საერთაშორისო დახმარება კორუფციისა და სხვა ბიუროკრატიულ მანკიერებათა წარმოქმნის საფრთხეს შეიცავს. ეცემა ხელისუფლების პასუხისმგებლობაც გადასახადის გადამხდელთა მიმართ, რადგან მას შემოსავლის სხვა წყარო უჩნდება.
XS
SM
MD
LG