Accessibility links

logo-print

ნდობის ჯგუფი ქრისტიან-დემოკრატებს შეხვდა


საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეჯერდა და ამ პოსტზე საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ავთანდილ დემეტრაშვილის, კანდიდატურა დაასახელა. უახლოეს ხანში კომისიის დაკომპლექტების კონკრეტულ მექანიზმებზე საუბარს საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტის თავმჯდომარესთან განაგრძობს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მუშაობა, არასაპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, ამის შემდეგ, სავარაუდოდ, პრაქტიკულ ფაზაში გადავა. დღეს კი, ვიდრე საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის ვინაობა გაირკვეოდა, ქრისტიან-დემოკრატებმა საკუთარ ოფისში სამოქალაქო საზოგადოების ნდობის ჯგუფს უმასპინძლეს.

სამოქალაქო საზოგადოების ნდობის ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, კონფლიქტოლოგმა გიორგი ხუციშვილმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პოლიტიკური დიალოგის ცალკეულ პოტენციურ მხარეებთან ნდობის ჯგუფის შეხვედრების მთავარი მიზანი პოლიტიკური კრიზისის დემოკრატიულ ცვლილებებში ტრანსფორმირებაა. „მიმდინარე პროცესი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის უნდა იყოს გამოყენებული და ამაში ქრისტიან-დემოკრატებთან სრული თანხვედრა გვაქვს“, - ამბობს გიორგი ხუციშვილი და დამატებით იმასაც განმარტავს, კონკრეტულად რა საკითხებში ემთხვევა ნდობის ჯგუფისა და ქრისტიან-დემოკრატების შეხედულებები ერთმანეთს.

„მაგალითად, ის საკონსტიტუციო ცვლილებები როგორ უნდა მოხდეს და რას უნდა მოიცავდეს. მაგალითად, საპარლამენტო მმართველობა საქართველოში. ეს არის ის მომენტი, რომელშიც ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს არის გამოსავალი.”

ქვეყნის მმართველობის მოდელი, საკონსტიტუციო ცვლილებები და ამ ცვლილებების პაკეტი, ისევე როგორც პოლიტიკური კრიზისის დაძლევის სხვა გზები და საშუალებები, შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო. ზოგადად კი, სამოქალაქო ნდობის ჯგუფი ქრისტიან-დემოკრატებთან კონკრეტულად გაწერილი საკითხების ნუსხით მივიდა. კავკასიის ქალთა ქსელის ხელმძღვანელის ნინო ციხისთავის განმარტებით, მსჯელობა წარიმართა პოლიტიკური პატიმრების, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაციის, პრეზიდენტის მიერ აპრილის მოვლენების დროს ჩადენილ დანაშაულებებზე გამოცხადებული მორატორიუმისა და სხვა საკითხებზე. პრაქტიკულად იგივე საკითხები გახდა მსჯელობის საგანი ამას წინათ დიმიტრი შაშკინთან, საქართველოს მთავრობაში დემოკრატიული ცვლილებების კურატორსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან სამოქალაქო ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე. რაც შეეხება ქრისტიან-დემოკრატების რეაქციას, მას ნინო ციხისთავი შემდეგნაირად აფასებს:

„ქრისტიან-დემოკრატები გვპირდებიან, რომ ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ მათ ძალიან კონკრეტულ სიას პოლიტიკურ პატიმრებთან მიმართებაში. ერთნაირი მიდგომა გვაქვს მორატორიუმთან დაკავშირებითაც. ჩვენ არ ვეთანხმებით პრეზიდენტს, რომ პირდაპირ ჩამოიწეროს ყველა დანაშაული.“

ერთნაირი მიდგომა აქ დანაშაულებათა ობიექტური გამოძიების - ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” შემთხვევაში კი, მაუწყებლის არსებითი რეორგანიზაციის - აუცილებლობაში გამოიხატება. აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ სამოქალაქო საზოგადოების ნდობის ჯგუფმა ქრისტიან-დემოკრატებისაგან მიიღო პირობა, თავის მხრივ, ყველა ტრიბუნა გამოიყენოს იმისთვის, რომ დაკმაყოფილებულ იქნეს მოთხოვნა, რომელიც ნდობის ჯგუფმა დიმიტრი შაშკინთან შეხვედრაზე წამოაყენა. საქმე ეხება ”საზოგადოებრივ მაუწყებელში” ცვლილებების განხორციელებამდე პერიოდშიც ნდობის ჯგუფისთვის ყოველდღიურად ორსაათიანი საეთერო დროის გამოყოფასა და ტენდერების გამოცხადებას. სამოქალაქო საზოგადოებას ხელი უნდა შევუწყოთ, რომ მან ეფექტურად იმოქმედოს საზოგადოებაში არსებული გამყოფი ხაზების წასაშლელად, - ამბობს ქრისტიან-დემოკრატთა ლიდერი გიორგი თარგამაძე.

„ჩვენ, ქრისტიან-დემოკრატები, მხარს ვუჭერთ ნდობის ჯგუფის აქტიურობას, იმ კონკრეტულ საკითხებს, რომლებიც ორმხრივად იყო დაყენებული დღევანდელ შეხვედრაზე და გავაკეთებთ ყველაფერს საიმისოდ, რომ საქართველოში სამოქალაქო სექტორი გახდეს კიდევ უფრო მეტად აქტიურიც და, მეორე მხრივ, გავლენიანიც.“

შეხვედრა ქრისტიან-დემოკრატებთან ნდობის ჯგუფის ინიციატივით გაიმართა. მორიგი შეხვედრის სუბიექტს ნდობის ჯგუფში ჯერჯერობით არ ასახელებენ.
XS
SM
MD
LG