Accessibility links

logo-print

საქართველო დასავლეთის კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერის მოლოდინში


2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის მოტივებზე საუბრისას არაერთი დასავლელი ექსპერტი აღნიშნავდა, რომ რუსეთმა თავისი ქმედებით სცადა სრული კონტროლი აღედგინა სამხრეთის საზღვრის მიღმა და ამით დასავლეთისთვის ხელი შეეშალა დიდი ალტერნატიული ენერგოპროექტების განხორციელებაში. ამავე გეგმაზე საუბრისას დღეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რუსეთის პრეზიდენტის მიერ ახლახან ხელმოწერილ რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას, რომელიც ამბობს, რომ 2020 წლისთვის რუსეთი უნდა გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ენერგომომარაგებაში. დოკუმენტი გვეუბნება, რომ თუ დასავლეთი არ მოიქცევა ისე, როგორც საჭიროა, საქართველოსთან ომი მონაგონი იქნება იმასთან შედარებით, რაც მოხდება, - აღნიშნავენ დასავლელი ექსპერტები წამყვან გამოცემებში რუსეთის სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე საუბრისას. რას ელის საქართველო დასავლეთისა და რუსეთისგან?

თბილისთან ახლოს, ვაზიანის პოლიგონზე, დაწყებული ნატოს წვრთნების საპასუხოდ, რუსეთი იწყებს მორიგ მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ჩრდილოეთ კავკასიაში. წვრთნები, სახელწოდებით ”კავკაზ-2009 ”, ივნისში დაიწყება. ანალოგიური სამხედრო წვრთნები, სახელწოდებით ”კავკაზ-2008”, ჩრდილო კავკასიაში შარშან ივლისშიც ჩატარდა, ზუსტად ომის დაწყების წინ, და საგულისხმოა, რომ მიზანი მაშინ იყო რუსეთის არმიის გაწვრთნა მეზობელი ქვეყნის კონფლიქტურ რეგიონებში მშვიდობის იძულებით დასამყარებლად, თუკი ეს საჭირო გახდებოდა.

წელს მდგომარეობა ასეთია: საქართველოს კონფლიქტური რეგიონები ოკუპირებულია, საქართველოში ომით გავლებულ პირობით საზღვრებზე რუსეთის სასაზღვრო ჯარი დგება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავმოყრილია 15000-მდე რუსი სამხედრო და იწყება მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩრდილოეთ კავკასიაში... არის თუ არა ეს მზადება ახალი ომისთვის? ეს შეკითხვა საქართველოში უკვე გაცვდა. ხელისუფლების მხრიდან პასუხი შეკითხვაზე არის ის, რომ რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა არა იმდენად მაღალი, როგორიც შარშან ამავე პერიოდში იყო. მაგრამ რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენჰაუერი, რომელმაც რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმა საქართველოზე შარშან ზუსტ ვადებში ივარაუდა, ისევ მაღალ რისკზე ლაპარაკობს. მისი ერთ-ერთი ბოლო განმარტებით, მორიგი ომი რუსეთისა საქართველოს წინააღმდეგ თუკი დაიწყება, დაიწყება შემდეგი კონკრეტული ამოცანით: შეიცვალოს საქართველოს ხელისუფლება, მოხდეს საქართველოს სრული დემილიტარიზაცია, გაიხსნას სახმელეთო გზა სომხეთთან, საქართველო გადაიქცეს 7-8 რეგიონის კონფედერაციად, მასზე აღდგეს რუსეთის სრული კონტროლი და კავკასიაში გეოპოლიტიკური სურათი რადიკალურად შეიცვალოს რუსეთის სასარგებლოდ..

მაგრამ რამდენად არის რუსეთი ასეთ რამეზე წამსვლელი? რისკების ალბათობებზე საუბრისას რუსეთში აღნიშნავენ, გააჩნია რამდენად იმუშავებს რუსეთისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ”გადატვირთვის” პოლიტიკაო. ქვეტექსტი არის ის, რომ თუკი შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა ვერ აეწყო, საქართველოში ვითარების ხელახალი აფეთქება რეალური გახდება.

მართალია, რუსეთის პრეზიდენტმა, მაგალითად, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად საქართველოს მოქალაქეებს მიმართა და აუხსნა, რომ, საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, ქართველ ხალხს პატივს სცემს და ქართველი ხალხის კეთილმოსურნეა, რუს ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ უტოპიად მიაჩნიათ საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ მეგობრული დამოკიდებულება. ”ეს არც გვინდა და არც გვჭირდება”, - ითქვა ახლახან ერთ-ერთ რუსულ სატელევიზო გადაცემაში ... ეს აზრი აქტუალური საერთაშორისო პრობლემების ინსტიტუტის დირექტორმა ალექსეი პუშკოვმა გაახმიანა:

” მე ვფიქრობ, ჩვენ არ უნდა ამოვიჩემოთ, რომ გვინდა მეგობრული ურთიერთობა საქართველოსთან და საქართველოს მხრიდან. არ გვინდა და არც გვჭირდება. ჩვენ უნდა მოვაწყოთ საქმე ისე, რომ საქართველომ არ განახორციელოს რუსეთის მიმართ მტრული ქმედებები, საქართველოში არ უნდა იყოს ამერიკის ბაზები და საქართველომ არ უნდა შეუქმნას პრობლემები რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს - აი, ეს გვინდა და ამაზე უნდა ველაპარკოთ არა საქართველოს, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებს.”

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კი რუსეთის პრეზიდენტს პირისპირ შეხვედრაზე უთხრა, რომ ამერიკისთვის მიუღებელი იყო რუსეთის შეჭრა საქართველოში და ამერიკა არ შეეგუება რუსეთის მცდელობას აღადგინოს თავისი გავლენის სფეროები. რა იქნება ამის შემდეგ, რაზეა გათვლილი რუსეთისთვის შეთავაზებული ”გადატვირთვის პოლიტიკა” და რამდენად შეიძლება იმუშაოს მან?

ამერიკელი ექსპერტის სამუელ ჩერაპის აზრით, შეერთებული შტატების მიზნები რუსეთის მიმართ რამდენიმე კომპონენტს უნდა ეფუძნებოდეს: რუსეთის გადაქცევა საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტის ნაწილად, მზადყოფნა იმ გამოწვევებთან დასაპირისპირებლად, რომლებსაც ქმნის რუსეთი, უსაფრთხოების გარემოს შექმნა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რუსეთში სრულფასოვანი დემოკრატიის ჩამოყალიბებისთვის ხელშეწყობა, რუსეთის ინტეგრაცია საერთაშორისო საზოგადოებასა და გლობალურ ეკონომიკაში. ” ამერიკელი პოლიტიკოსები არ უნდა დაეთანხმონ რუსეთის იდეას ”პრივილეგირებული ინტერესების სფეროს” შესახებ. ჩვენ უნდა განვამტკიცოთ საერთაშორისო სამართალი, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და აღვკვეთოთ საფრთხეები, რომელიც რუსეთიდან მის უშუალო მეზობლებს ემუქრება”, - წერს ამერიკელი ანალიტიკოსი და დაასკვნის, რომ ამ მიზნებისკენ ნაბიჯის გადასადგმელად პრეზიდენტ ობამას კარგ შესაძლებლობას მისცემს ივლისის მოსკოვის სამიტი.

ახლა უკვე ივლისის სამიტის მოლოდინშია საქართველოც, სადაც შარშანდელი ზაფხულის შემდეგ აქტუალობას არ კარგავს შეკითხვა: იქნება თუ არა მეორე ომი?

ახლახან ”ფოხ ნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში შეკითხვას, დღეს რა კავშირი გაქვთ თეთრ სახლსა და პრეზიდენტ ობამასთანო, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა:

”მასთან რამდენიმე სატელეფონო საუბარი მქონდა და უნდა ვთქვა, რომ ჩვენ შეერთებული შტატებისგან მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს. ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ ჩვენ სტრატეგიული მოკავშირე გვიწოდა და ახალმა ადმინისტრაციამ ეს დაადასტურა. ვფიქრობ, გზა, რომლითაც ჩვენი მეზობელი ამ ქვეყანასთან დაახლოებას ცდილობს, ასეთია: მოდით, შევთანხმდეთ კომპრომისზე და უარი თქვით საქართველოზე. ჩვენ, ჩვენის მხრივ, ავღანეთისკენ გზას გიხსნით. - შესაძლოა, სხვა შეთავაზებებიც იყოს. ვფიქრობ, რომ ამ ადმინისტრაციას და ყველა ჩვენს მეგობარს ვაშინგტონში კარგად ესმის, რომ საქართველოზე უარის თქმა ნიშნავს იმას, რაც რუსეთ სურს - უარის თქმას თავისუფლების იდეაზე ევრაზიის უდიდეს ნაწილსა და ევროპაში.
XS
SM
MD
LG