Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რით ჰგავს შარშანდელი პოლიტიკური გაზაფხული წლევანდელს?


ოპოზიციის მხარდამჭერები პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგზე
ოპოზიციის მხარდამჭერები პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგზე
გასული წლის 21 მაისს, მას შემდეგ, რაც საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა, ოპოზიციურმა კოალიციამ მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებულად გამოაცხადა. ღამით გამართულ აქციაზე 9 პარტიის გაერთიანებამ საკუთარ მხარდამჭერებს ამცნო, რომ, გაყალბების მიუხედავად, არჩევნებში გაიმარჯვა. იმავე ღამით ცსკ-ის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით კი, ნაციონალური მოძრაობა დანარჩენ პარტიებს, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, საკმაოდ დიდი სხვაობით უსწრებდა. საპარლამენტო არჩევნების გამო, თბილისი კვლავ საპროტესტო აქციების ადგილად იქცა მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა კოალიციამ და ლეიბორისტებმა არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვეს. შარშანდელი მაისის მოვლენები ზუსტად ერთი წლის თავზე საქართველოში მეტ-ნაკლებად ახსოვთ. როგორც ერთმა რესპონდენტმა მითხრა, შარშანდელი მაისის შემდეგ საქართველოში იმდენი რამ მოხდა, რომ გასული წლის ამბებს ვეღარც კი იხსენებს. მისგან განსხვავებით, კიდევ რამდენიმე რესპონდენტმა ის გაიხსენა, რომ ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა, საპროტესტო აქციები დაიწყო და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის ჩაშლა სცადა.

შარშანდელ სამხედრო აღლუმამდე, ოპოზიციურმა კოალიციამ და ლეიბორისტულმა პარტიამ პარლამენტის ბოიკოტირება გადაწყვიტეს. არჩევნებით უკმაყოფილების მიუხედავად, მსგავსი მოქმედებისგან თავი შეიკავეს ქრისტიან-დემოკრატებმა და ოპოზიციური კოალიციის სიით დეპუტატად არჩეულმა კიდევ ხუთმა ადამიანმა. „სააკაშვილის რეჟიმის გასასტუმრებლად ბრძოლა ახლა იწყება, რასაც ხალხის მხარდაჭერა სჭირდება“ - აცხადებდნენ შარშან მაისში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები, რომლებმაც 26 მაისს სპორტის სასახლესთან რამდენიმე ათასი ადამიანი პარლამენტისკენ მშვიდობიანი მსვლელობისთვის შეკრიბეს. მათ მაშინ ლევან გაჩეჩილაძემ მიმართა, 26 მაისს საქართველოს თავისუფლების დღე უწოდა და დასძინა, რომ არავის აქვს უფლება ხალხი არ აზეიმოს. „აბა, წავედით, წავედით!“ - მოუწოდა იმ დღეს აქციის მონაწილეებს ლევან გაჩეჩილაძემ. მის ამ მიმართვამდე მცირე ხნით ადრე პრეზიდენტმა რუსთაველის გამზირზე შედარებით ხანმოკლე სამხედრო აღლუმი ჩაიბარა და მცირე მიმართვით შემოიფარგლა. რამდენიმე დღით ადრე კი, პარლამენტის ახალ შემადგენლობაზე საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ ხელისუფლება კონსტიტუციას ადრინდელივით აღარ შეცვლიდა. მან ქვეყნის მოქალაქეებს განუმარტა, რომ, მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა ნაციონალურ მოძრაობას საკონსტიტუციო უმრავლესობა, ხელისუფლება არ აპირებს კონსტიტუციის შეცვლას, მთელ პოლიტიკურ სპექტრთან კონსულტაციისა და ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე.

ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, 2004 წლიდან 2008 წლის მარტამდე საქართველოს კონსტიტუცია 12-ჯერ შეიცვალა. გასული წლის ოქტომბრიდან კი - კიდევ 2 ცვლილება განახორციელა შარშან, მაისში, არჩეულმა პარლამენტმა, რომლის დეპუტატთა კონსტიტუციით დადგენილი რაოდენობა - 150 - ამჟამად დარღვეულია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაერთიანებული ოპოზიციის სიით არჩეულთაგან 12-მა დეპუტატმა უფლებამოსილებაზე უარი თქვა. საბოლოოდ, პარლამენტის წევრობაზე უარი არ უთქვამს, თუმცა სხდომებს პოლიტიკური მოსაზრებით და ოფიციალური განცხადების საფუძველზე უცხადებს ბოიკოტს ლეიბორისტული პარტიის 5 წევრი. ამის გამო, მათ ხელფასი ერგებათ, ოღონდ - არა სადეპუტატო პრემიები.

პარლამენტში თვეზე მეტია არც სხვა დეპუტატები დადიან. მათ შემთხვევაში, მოტივი საპროტესტო აქციებია. „რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის არ არის ნორმალური სიტუაცია, როდესაც პარლამენტი ვერ იკრიბება“, - ამბობს ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი. თუმცა, მისივე განმარტებით, პარლამენტმა არჩია დაპირისპირების ობიექტად არ ქცეულიყო და პროცესი დამშვიდებისა და დიალოგის რეჟიმით მოლაპარაკებისკენ წაეყვანა.

დიალოგს ხელისუფლება ოპოზიციას შარშანდელი პროტესტის დროსაც სთავაზობდა, მათ შორის, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც იმავე გამოსვლაში, რომელშიც კონსტიტუციის შემდგომი შეცვლის დაუშვებლობაზე საუბრობდა. თუმცა, ოპოზიციის ლიდერები მიიჩნევენ, რომ იმ დროისთვის სააკაშვილს უკვე განხორციელებული ჰქონდა ყველა ის ცვლილება, რომლის შედეგადაც, მათივე შეფასებით, ერთპიროვნულ მმართველად იქცა. საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წლისთავზე ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ საკონსტიტუციო რეფორმაზე მსჯელობას რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი არასერიოზულად მიიჩნევს. საამისოდ მას რამდენიმე მიზეზი აქვს - მათ შორის პარლამენტის ამჟამინდელი შემადგენლობაც, სადაც, დავით ბერძენიშვილის თქმით, „ოთხი მეხუთედი ნაციონალური მოძრაობისაა და რაც მისი არ არის, ისიც მისია.“ საპროტესტო აქციების მონაწილე ოპოზიციისგან განსხვავებით, ახალ კონსტიტუციაზე მუშაობას დასთანხმდნენ ის პოლიტიკოსები, რომლებსაც, შარშანდელი არჩევნებით უკმაყოფილების მიუხედავად, დეპუტატობაზე უარი არ უთქვამთ. ცვლილებებზე მსჯელობისთვის ისინი პარლამენტს მიღმა იკრიბებიან, რადგან თავად პარლამენტის შენობაში, დეპუტატების ნაცვლად, ჯერჯერობით კვლავ სპეცრაზმელები რჩებიან. ოპოზიციის ლიდერები კი, შარშანდელი 26 მაისისგან განსხვავებით, რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობისთვის მხარდამჭერებს წელს არა სპორტის სასახლესთან, არამედ ეროვნულ სტადიონზე შეკრებენ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG