Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირისა და რუსეთის სამიტზე სტრატეგიულ პარტნიორობაზე მეტად სტრატეგიული დაყოფის ნიშნები გამოიკვეთა


ევროკავშირისა და რუსეთის სამიტმა, რომელიც რუსეთის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ხაბაროვსკში დღეს დასრულდა, ნათლად გამოკვეთა ორ მხარეს შორის არსებული უთანხმოებები. სამიტის დასრულების შემდეგ რუსეთისა და ევროკავშირის ლიდერებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო ყველა ძირითადი საკითხის ირგვლივ - უსაფრთხოებიდან ენერგეტიკამდე.

ალბათ, შესაძლებელია პირდაპირ ითქვას, რომ ევროკავშირი და რუსეთი ამ ეტაპზე ვერც ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ვერ თანხმდებიან. სულ უფრო აშკარა ხდება, რომ მათი ურთიერთობა ”სტრატეგიულ პარტნიორობაზე” მეტად სტრატეგიული უთანხმოებებით არის გაჯერებული და ეს ტენდენცია ხაბაროვკსის სამიტის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე აშკარად გამოიკვეთა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე დიდი დაძაბულობა თან სდევდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე ორი მხარის გავლენის საკითხს. რუსეთი ამ რეგიონს თავისი პირდაპირი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და ამ საკითხთან მიმართებით დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ევროკავშირი კი თვლის, რომ მასაც შეუძლია გავლენის მოხდენა მის ”აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროგრამაში ჩართულ ქვეყნებზე. შეგახსენებთ, ამ პროგრამას საფუძველი ამ თვის დასაწყისში ჩაეყარა და მასში, საქართველოს გარდა, მონაწილეობენ სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ბელორუსია და მოლდავეთი.

ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის, ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსის თქმით, შეხვედრაზე ყველანაირად ეცადნენ რუსეთი დაერწმუნებინათ, რომ ევროკავშირი მისი გავლენის შესუსტებას არ ესწრაფვის:

”ჩვენ ვეცადეთ პრეზიდენტი მედვედევი დაგვერწმუნებინა, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის იდეა მხოლოდ პოზიტიური შედეგების მიღწევაზეა ორიენტირებული და ის არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული - მათ შორის, ცხადია, არც რუსეთის. იმედი მაქვს, ჩვენ შევძელით პრეზიდენტ მედვედევის დარწმუნება, რომ ასეთია ჩვენი მყარი პოზიცია.”

თუმცა დმიტრი მედვედევმა აშკარად მიუთითა, რომ არ იზიარებს ამ პოზიციას. პირიქით, მან ევროკავშირის დელეგაციას, სავარაუდოდ, წინასწარგათვლილი განცხადებით მიმართა და უთხრა, რომ კავშირმა თავადაც არ იცის, რაში სჭირდება აღმოსავლეთის პარტნიორობა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, თუკი ამ პროგრამის მიზანი ეკონომიკური თანამშრომლობაა, მაშინ მას არაფერი აქვს ამის საწინააღმდეგო. მაგრამ მედვედევმა აღნიშნა, რომ ამ საკითხის ირგვლივ თავად ევროკავშირის შიგნით არსებობს უთანხმოება და გადაჭრით უარყო ვაცლავ კლაუსის მიერ პროგრამის ირგვლივ გაკეთებული განცხადებები:

”გულწრფელად რომ გითხრათ, უხერხულობას ის იწვევს, რომ ზოგიერთი სახელმწიფო ამ პარტნიორობას რუსეთის წინააღმდეგ მიმართულად აღიქვამს. ცხადია, მე არ ვგულისხმობ ევროკავშირის ხელმძღვანელობას და ამ მაგიდასთან შეკრებილ პარტნიორებს. მე სხვა სახელმწიფოებზე ვლაპარაკობ. ჩვენ არ ვისურვებდით, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა რუსეთის წინააღმდეგ პარტნიორობად გადაიქცეს.”

სამიტზე მედვედევმა ევროკავშირს სთხოვა, მხარი დაუჭიროს მის გეგმას ევროპის ახალი ”უსაფრთხოების არქიტექტურის” თაობაზე. გასული წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომზე მინიშნებით, პრესკონფერენციაზე მედვედევმა მწვავედ გააკრიტიკა ნატო, რომელიც ევროკავშირის წევრთა დიდ უმრავლესობას აერთიანებს:


”ჩვენ გვაქვს პარტნიორული ურთიერთობები, მაგალითად, ჩრდილოატლანტიკურ ბლოკთან. მაგრამ, ურთიერთობის ამ თითქოსდა განსაკუთრებული ფორმის მიუხედავად, ამ კავშირების გამოცდის პერიოდში გამოჩნდა, რომ ეს ფორმა სუსტია. და ახლა რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობის აღდგენის მცდელობები მნიშვნელოვან სირთულეებს აწყდება.”

მედვედევმა განაცხადა, რომ შარშანდელი აგვისტოს კონფლიქტისას ევროკავშირმა დაადასტურა, რომ რთული სიტუაციების დაძლევის საკმარისი არსენალი აქვს.

ამავე პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ თქვა, რომ, რუსეთის ზოგიერთი მეზობელი პოსტსაბჭოთა ქვეყნის განზრახვის მიუხედავად, ევროკავშირი მათ მისაღებად მზად არ არის. ამასთან, მან აღნიშნა, რომ აუცილებელია ევროკავშირთან ამ ქვეყნების გაცილებით მჭიდრო თანამშრომლობა.

რუსეთისა და ევროკავშირის უუნარობა ერთ საკითხზე მაინც მიეღწიათ შეთანხმებისთვის, ყველაზე ნათლად ენერგეტიკის საკითხებთან მიმართებით გამოჩნდა. მედვედევმა გადაჭრით უარყო რუსეთის კრიტიკა იმის გამო, რომ მან იანვარში უკრაინას გაზი გადაუკეტა და განაცხადა, რომ გარანტიები არა რუსეთის, არამედ გადამხდელი მხარისგან უნდა არსებობდეს.

ევროკავშირი უკვე წლებია ცდილობს რუსეთი ენერგეტიკის ქარტიაზე დაითანხმოს. ეს ქარტია მოსკოვს იძულებულს გახდიდა თავისი ენერგეტიკის ბაზარი გამჭვირვალე, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დამყარებული წესებისთვის დაექვემდებარებინა. მაგრამ რუსეთი ამაზე უარს აცხადებს - ხაბაროვსკის სამიტზე მედვედევმა ახალი შეთანხმების პროექტი წარადგინა, რომელიც ევროკავშირისთვის გაზის მთავარი მიმწოდებლის როლში რუსეთს კიდევ უფრო განამტკიცებს. მაგრამ, ჟოზე მანუელ ბაროზუს თქმით,რუსეთის კრიტიკის მიუხედავად, ევროკავშირი საკუთარი ენერგეტიკული ქარტიის პრინციპებზე უარის თქმას არ აპირებს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG