Accessibility links

logo-print

რა ბერკეტებს იყენებს მსოფლიო თანამეგობრობა მოსკოვის პოლიტიკის წინააღმდეგ?


ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, 2007 წ.

ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, 2007 წ.

აგვისტოს ომის შემდეგ პოლიტოლოგების დიდი ნაწილი გამოხატავდა იმედს, რომ მსოფლიო თანამეგობრობა აგრესორი მოსკოვის წინააღმდეგ ქმედით სადამსჯელო ბერკეტებს აამოქმედებდა. მაგრამ, თუკი ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის დროებით შეჩერებასა და ევროკავშირისა და რუსეთის პარტნიორობის ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობის ასევე დროებით გადადებას არ ჩავთვლით, მოსკოვის წინააღმდეგ დღემდე სხვა სადამსჯელო ბერკეტები არ ამოქმედებულა. მსოფლიომ დიპლომატიური დიალოგის თანმიმდევრული გზა აირჩია და, საბოლოო მიზნის მისაღწევად, რუსეთის დაყოლიების პოლიტიკას მიმართა. ამასობაში კი კრემლი პოზიციების გამყარებას ცდილობს, ზრდის სამხედრო წარმომადგენლობას საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში და მიზანმიმართულად მიიწევს წინ. ბევრი ლაპარაკობს ახალი ომის საფრთხეზეც. რამდენად დიდია მსოფლიო თანამეგობრობის პასუხისმგებლობა ოკუპირებულ საქართველოსთან მიმართებით და რა ბერკეტებს ფლობს დასავლეთი რუსეთის მზარდი აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ?

თავდაპირველად, გავიხსენოთ ზოგიერთი ის ნაბიჯი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მისამართით გადმოდგა. ესენია: ნაომარი ქვეყნის მასშტაბური ფულადი დახმარება, ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ამოქმედება, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის შექმნა, ნატო-საქართველოს კომისიის დაარსება და ამოქმედება, ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის გაფორმება, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში საქართველოს ჩართვა და არაერთი საერთაშორისო დეკლარაცია თუ განცხადება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერას ასახავს. მსოფლიო თანამეგობრობა აღიარებს, რომ საქართველოს საკითხი მნიშვნელოვანია იმ საკითხებს შორის, რომელთა გარშემოც ის მოსკოვთან ვერ თანხმდება.

ამ თემაზე საუბრისას სწორედ საქართველო ახსენა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რუსეთის ტელეკომპანია ”ერტეერისთვის” რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში. მანამდე კი, მარტის დასაწყისში, ბრიუსელში ყოფნისას, მანვე თქვა, რომ ამერიკა არ შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის დაშინებას. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა მოსკოვს, ხელახლა დატვირთვის სიმბოლური ღილაკის გადაცემით, ურთიერთობის თავიდან დაწყება შესთავაზა, შეერთებული შტატები რუსეთისთვის საქართველოს საკითხის მუდმივ შეხსენებას განაგრძობს. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ეს საკითხი სათანადო დონეზე იქნება დაყენებული 6 ივლისის შეხვედრაზე, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუს კოლეგას მოსკოვში ესტუმრება.

მანამდე კი, შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში ჯონ ტეფტის თქმით, რუსეთის მიერ ვალდებულებების დარღვევას 18-19 მაისს ჟენევაშიც გაესვა ხაზი: ”ვფიქრობ, ორივე, სახელმწიფო დეპარტამენტიცა და აშშ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებიც ჟენევის მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ, სავსებით ნათლად აცხადებენ, რომ რუსეთი არღვევს პრეზიდენტებს - სარკოზის, მედვედევსა და სააკაშვილს შორის მიღწეულ შეთანხმებას. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს მეგობრებთან ევროპაში, ეუთოსთან, გაეროსთან, ევროკავშირთან ჟენევის მოლაპარაკებათა წარმატების მისაღწევად. მხარს ვუჭერთ ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიას. ვთვლი, რომ ისინი შესანიშნავად მუშაობენ. ჩვენი დიდი სურვილია სტაბილიზაციისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების მიღწევა, რაც ამ დრომდე არ ხდება. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ეს არის ამერიკის პოლიტიკა.”

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა პროცესის შუამავალი ორგანიზაციებიდან, რომლებიც ჯონ ტეფტმა ახსენა, რუსეთმა უკვე დაბლოკა ეუთოს მეთვალყურეთა მისიის საქართველოში 30 ივნისის შემდეგ დარჩენის საკითხი. პოლიტოლოგთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ იგივე ბედი ელის გაეროს მეთვალყურეთა მისიასაც 15 ივნისის შემდეგ. ხოლო რაც შეეხება ევროკავშირის მეთვალყურეებს, ისინი ”კარზე დაკაკუნების” პოლიტიკას განაგრძობენ და ჯერ ისევ ვერ ლახავენ სეპარატისტული რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებს. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის საბჭოს გენერალური მდივნის ხავიერ სოლანას სპიკერის, ქრისტინა გალახის, თქმით, ევროკავშირი თანმიმდევრულ პოლიტიკას გააგრძელებს და ეჭვები უსაფუძვლოა: ”ქართველები აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ევროკავშირის დამოკიდებულებას რუსეთის ენერგომატარებლებზე (მით უმეტეს, რომ ეს არ არის ცალმხრივი დამოკიდებულება, რადგანაც რუსეთი თავად არის დამოკიდებული ევროპის ბაზრებზე... ) არასოდეს მოუხდენია ზეგავლენა ჩვენს პოზიციაზე, ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე - აფხაზეთისა და ოსეთის პრობლემის გადაწყვეტაზე.”
თუმცა ევროპას არაერთხელ გამოუხატავს სურვილი, რომ არ იყოს დამოკიდებული არასანდო ენერგომიმწოდებელზე, არაერთხელ განუცხადებია, რომ საჭიროა ამოქმედდეს გზები, რუსეთის გვერდის ავლით. ამ მიმართებით აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს ნაბუკოსა და თეთრი ნაკადის პროექტების გარშემო, რომლებშიც მნიშვნელოვანი როლი ეკისრება საქართველოსაც. საქართველოს ამ როლს ხაზი ესმება ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც რუსეთი ეჭვის თვალით უყურებს.
სამაგიეროდ, მოსკოვი ევროპას ენერგეტიკის სფეროში ახალი კანონმდებლობის შექმნას სთავაზობს და ეს თემა რუსეთის პრეზიდენტმა 21 მაისს ხაბაროვსკში, ევროკავშირ-რუსეთის სამიტზეც, წამოჭრა. მოსკოვის მიერ აქვე წამოიჭრა ევროატლანტიკური უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის საკითხიც, რომელშიც რეალობა კრემლისთვის სასურველი სახით არის წარმოდგენილი, თუმცა ეს თემა ჯერჯერობით არ განიხილება. პარალელურად, კრემლი ცდილობს სათავისოდ გამოიყენოს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატიც და ბოიკოტის მუქარით ზეგავლენა მოახდინოს გაეროზე. ასევე ცდილობს მიაღწიოს ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულების გაფორმებას მის მიერ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებულ ორ სეპარატისტულ რეგიონსა და თბილისს შორის. აფართოებს სამხედრო წარმომადგენლობას ამავე რეგიონებში, რომლებთანაც უკვე გააფორმა საზღვრის ერთობლივად დაცვის შეთანხმება. რუსეთმა 19 მაისს ჩაშალა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა და მისმა საგარეო უწყებამ მიზეზად დაასახელა უპატივცემულობის ატმოსფერო, რომელსაც თითქოსდა ალიანსი ქმნის საქართველოში წვრთნების ჩატარებით. პასუხად კრემლმა ივნისისთვის ჩრდილო კავკასიაში დაგეგმა მასშტაბური სამხედრო წვრთნები ”კავკასია 2009”. ექსპერტების დაკვირვებით, სწორედ ამავე თანმიმდევრობით განვითარდა მოვლენები შარშან, რასაც საბოლოოდ აგვისტოს ომი მოჰყვა.
აქვე გავიხსენოთ, რომ ომის ზაფხულის მეორე ნახევარში განახლების რეალურ საფრთხეზე წერდა სამი ყოფილი ელჩი 7 მაისს ”ნიუ-იორკ ტაიმსში” გამოქვეყნებულ სტატიაში. ავტორთა შორის ორნი - კენეთ იალოვიცი და უილიამ კორტნი - ამერიკის ყოფილი ელჩები არიან საქართველოში, ხოლო - დენის კორბოი საქართველოში ევროკომისიას ხელმძღვანელობდა. სტატიის გამოქვეყნებიდან დაახლოებით ერთ კვირაში დენის კორბოი რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ესტუმრა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთის ბნელი ზრახვების შეჩერება მხოლოდ დასავლეთს შეუძლია: ”რუსეთს სრულიად ნათლად უნდა გააგებინონ, რომ, ”წითელი ხაზის” გადაკვეთის შემთხვევაში, "ხელახალი დატვირთვის" ღილაკი ვეღარ იმუშავებს. ძალიან რთული საქმეა საქართველოს საკითხის ასეთ ხარისხში აყვანა, მაგრამ რუსეთმა წინასწარ უნდა იცოდეს, რომ თუ ის გადაწყვეტს, რომ ამ ზაფხულს შეუძლია წავიდეს მორიგ "ავანტიურაზე" საქართველოში, მას მოუწევს უფრო მაღალი ფასის გადახდა, ვიდრე შარშან, აგვისტოში, სამხრეთ ოსეთში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენებისთვის გადაიხადა.”

დენის კორბოისა და მისი თანამოაზრეების ვარაუდით, რუსეთისგან მომავალ საფრთხეს სრულყოფილად ვერც საქართველო აცნობიერებს და ვერც საერთაშორისო თანამეგობრობა. თუმცა ყოფილი ელჩების მიერ ატეხილი განგაშის მთავარი ადრესატი შეერთებული შტატებია. ითქვა, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად პრინციპულად მიუდგება საქართველოს თემას ბარაკ ობამა დმიტრი მედვედევთან შეხვედრისას ივლისის დასაწყისში.
XS
SM
MD
LG