Accessibility links

logo-print

ნაზარბაევის ყოფილი სიძე მმართველ ოჯახზე წიგნს აქვეყნებს


რახატ ალიევი

რახატ ალიევი

“ნათლია-სიმამრი” - ასე უწოდა ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის, ყოფილმა სიძემ, რახატ ალიევმა, თავის წიგნს, რომელიც ახლა გამოიცა და რომელშიც ის ჰყვება ყაზახეთის მმართველისა და მისი ოჯახის შესახებ. ყოფილი სიძე ნაზარბაევს უწოდებს ავტოკრატს, რომელიც ყველა გზას მიმართავს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ჩასაჩუმებლად. ალიევი მკითხველს უზიარებს საიდუმლოს: ნაზარბაევს სურს პრეზიდენტის სავარძელი მემკვიდრეობით გადასცეს თავის საყვარელ ვაჟს, რომელიც მესამე ცოლთან, ყაზახეთის სილამაზის დედოფალთან, შეეძინაო. ყახაზეთის სახელმწიფოს მძაფრი რეაქცია ჰქონდა წიგნზე. ალიევს ბრალად დაედო სახელმწიფო საიდუმლოს გაცემა და ყველას, ვინც ამ წიგნს ხელში აიღებს, ასევე სასჯელი ემუქრება.

თუკი ყაზახეთის პრეზიდენტი მართლა შიშით ცხოვრობს, რომ მას უღალატებენ ახლობლები, ოჯახის წევრების ჩათვლით, ეს წიგნი მართლაც იძლევა ამის დამადასტურებელ საბუთს. ამ 540 გვერდიანი რუსულ და გერმანულ ენებზე გამოსული წიგნის 71-ე გვერდზე ალიევი შემდეგს წერს:

“საოჯახო შეხვედრებს სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა. ოჯახის უფროსი თავისი ტახტიდან ფხიზლად აკვირდებოდა, ხომ არ არის რომელიმე შვილი იმდენად გაზრდილი, რომ საფრთხე შეექმნას მის პოსტს და მის შეუზღუდავ ძალაუფლებას; ყველას სათანადო პატივისცემა და შიში აქვს მისი მიმართ? შეიძლება ვინმეს ღალატი ედოს გულში? არ არის ძნელი წარმოსადგენი, რომ ასეთი შეხვედრები ვერ ჩაივლიდა ოჯახურ თბილ გარემოში და სასიამოვნო ატმოსფეროში.”

წიგნში, რომელსაც, როგორც ითქვა, “ნათლია-სიმამრი” ჰქვია, რახატ ალიევი თავისი სიმამრის, ყაზახეთის პრეზიდენტის, საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ინტიმურ დეტალებსაც ამხელს. წიგნის სათაურითაც ცდილობს სიძე თავისი პოზიცია გამოავლინოს. ”ნათლიას” ამ შემთხვევაში მაფიური კლანის გამგებლის გაგებით ხმარობს. ნაზარბაევის ოჯახის კერძო ამბები სახელმწიფოს ამბებს უკავშირდება და, შესაბამისად, ისინი სახელმწიფო საიდუმლოა. ჩანს, ამიტომაც არის,რომ ყახაზეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა, საფარბეკ ნურპეისოვმა, ყაზახეთის მოქალაქეები გააფრთხილა:

“ის მოქალაქე, რომელიც შემჩნეული იქნება, რომ შეიძინა ეს წიგნი ან გაავრცელა მისი შინაარსი, მიცემული იქნება სისხლის სამართლის პასუხისგებაში როგორც დამნაშავის თანამდგომი. ეს დამნაშავე რახატ ალიევია, რომელიც ემალება ყახაზეთის მართლმსაჯულებას. ამას გარდა, წიგნი შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოს; ხოლო ვინც არ არის დაშვებული ამ საიდუმლოსთან, მას არა აქვს უფლება იცოდეს მისი შინაარსი.”
წიგნში ავტორი, ალიევი, თავის თავს უწოდებს ცნობილ პოლიტიკოსსა და წარმატებულ ბიზნესმენს. ის არის ყაზახეთის ყოფილი ელჩი ავსტრიაში, ეუთოში, გაეროში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, არის ყახაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე. დაქორწინებული იყო ნაზარბაევის ქალიშვილზე, ნარიგაზე, და 2007 წლამდე სარგებლობდა მმართველი ელიტის წევრის სტატუსით.

ალიევი აქვეყნებს ნაზარბაევთან თავისი პირადი საუბრების ტრანსკრიპტს და ამბობს, სულ მცირე, ერთხელ ფარულად საუბარი ფირზეც ჩავწერეო. ამავე წიგნში ნახავთ ნაზარბაევის საუბრების ტრანსკრიპტებს სხვა ოფიციალურ პირებთან, საიდუმლო დოკუმენტებისა და წერილების ასლებს, ასევე მის მიერ უშიშროების სამსახურის დოკუმენტებად გამოცხადებულ ასლებს.

ალიევი ადანაშაულებს ნაზარბაევს, რომ მან ჩაშალა ქვეყანაში დემოკრატია.

წიგნიდან ერთი ფრაგმენტი:

“აზრი არ ჰქონდა ნათლია-სიმამრისთვის წინააღმდეგობის გაწევას. მისი ერთგული არმია - საიდუმლო პოლიცია, მრჩევლები, სასამართლოები, პროკურატურა, კორუმპირებული ჟურნალისტები თავს დაგესხმებოდნენ მისი ნების თანახმად. კონსტიტუციამ სიცოცხლის ბოლომდე მისი პრეზიდენტობა უზნურველყო. სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაცია დაშალეს. პარლამენტი, სასამართლოები, პრესა, ინტერნეტი, ყველაფერი მისი კონტროლის ქვეშაა. სატელეფონო საუბრებს და ელექტრონულ ფოსტას მეთვალყურეობენ. ოპოზიცია ლიკვიდირებულია. ასტანის ციხე-სიმაგრე იცავს მას საკუთარი ხალხისგან. ტერორის ატმოსფერო მოქალაქეთა მორჩილების გარანტიას იძლევა. წრე ჩაკეტილია.”
ეს წიგნი გამოვიდა იმ დროს, როცა ადამიანის უფლებები და მედია ყახაზეთში განსაკუთრებული ყურდღების ქვეშაა, რადგან ეს ქვეყანა მომავალი წლიდან ეუთოს თავმჯდომარეობას გადაიბარებს. ეუთომ ჩვენს რადიოს ვერაფერი უთხრა ალიევის ამ წიგნთან დაკავშირებით.

თვითონ ალიევმა კი ჩვენი რადიოს ყაზახურ სამსახურს შემდეგი განუცხადა:
“ყაზახეთის გენერალური პროკურატურის მიერ მორიგი საქმის აღძვრა ჩემ მიმართ და ჩემი წიგნის გამოცემის გამო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის ფაქტები, რომლებიც მოცემულია ჩემს წიგნში, სარწმუნო ინფორმაციას შეიცავს და სრული სიმართლეა.”
ალიევი ამბობს, რომ ნაზარბაევთან ურთიერთობა გაუფუჭდა მას მერე, რაც წინააღმდეგი გამოვიდა სიცოცხლის ბოლომდე მისი პრეზიდენტად დარჩენის იდეისა და კიდევ იმის გამო, რომ 2012 წელს თავად აპირებდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. თავის წიგნში ის აღწერს ოპოზიციასთან ანგარიშსწორების მეთოდებს, იმასაც ამბობს, რომ ოპოზიციის ორი ცნობილი ლიდერი გაანადგურეს, რადგან პრეზიდენტობის პრეტენზია ჰქონდათ. საიდუმლო არ არის, მაგრამ ალიევი ნაზარბაევის აღუწერელი სიმდიდრის შესახებ მითქმა-მოთქმასაც ადასტურებს და ამბობს, რომ ყაზახეთის მმართველს ფული სიგიჟემდე უყვარს. კიდევ ერთი დეტალი - უკვე პირადი ცხოვრებიდან - ისაა, რასაც ალიევი გასცემს, რომ ნაზარბაევი აპირებს თანამდებობა მემკვიდრეობით გადასცეს საიდუმლო ცოლთან - ყაზახეთის სილამაზის 28 წლის დედოფალთან - შეძენილ საიდუმლო ვაჟიშვილს. წიგნში წაიკითხავთ, რომ “ახალგაზრდა სულთანისთვის” ძალაუფლების გადაბარება მოხდება 2035 წელს, როცა ის 30 წლის გახდება.
ბოლოს კიდევ ერთი ფრაგმენტი წიგნიდან ”ნათლია-სიმამრი”, რომელიც თავის ყოფილ სიმამრზე, ყახაზეთის პრეზიდენტზე, დაწერა მისმა ყოფილმა სიძემ, ავსტრიაში მცხოვრებმა, სამშობლოში დაუსწრებლად 40 წლით ციხემისჯილმა, რახატ ალიევმა:

“მას ისტორიაში შესვლა სურდა მსგავსად ქემალ ათა თურქისა, რომ მომავალ თაობებს ერის მამად მოეგონებინათ. და ჰქონდა კიდეც ამის შანსი. მაგრამ გაიტაცა ფულის სიყვარულმა, პირადი გამდიდრების სურვილმა, შეიპყრო შიშმა, რომ დაკარგავდა პრეზიდენტობას. მას საკუთარი ხალხის ნება უნდა აღესრულებინა, ამის ნაცვლად კი, ყველაფერი ჩაგვრისა და რეპრესიული სისტემის გაძლიერებისკენ წარმართა.”
XS
SM
MD
LG