Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სპეცსამსახურების ორი სისხლიანი სპეცოპერაცია სამხედრო მეამბოხეთა წინააღმდეგ


თბილისში 20 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციას საქართველოში მაშინვე მოჰყვა არაერთგვაროვანი გამოხმაურება და ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები. ასე იყო ზუსტად 9 წლის წინ. მაშინ ქართულმა სპეცსამსახურებმა, მძევლების გათავისუფლების მიზნით, ამბოხებულ პოლკოვნიკ აკაკი ელიავას წინააღმდეგ განახორციელეს გამანადგურებელი სპეცოპერაცია, რომელმაც მაშინ მთელი საქართველო შეძრა.

2000 წლის 10 აგვისტოს, ღამის 10 საათზე, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გადაცემა ”კურიერი” ეთერში სპეციალური გამოშვებით გავიდა. ტელეკომპანიამ მოიპოვა სპეცოპერაციის ამსახველი ექსკლუზიური ვიდეომასალა სამხედრო ამბოხში ეჭვმიტანილ პოლკოვნიკ აკაკი ელიავას წინააღმდეგ, რომელიც 2 წელი იმალებოდა სამეგრელოს ტყეებში.

კადრში, რომელიც უკუნეთ სიბნელეშია გადაღებული, ისმის მცირე საუბარი პოლკოვნიკ აკაკი ელიავასა და პოლიციის გენერალ რუბენ ასანიძეს შორის, რამდენიმე გასროლა და ერთი შეკივლება. შეკივლება ქალს ეკუთვნის, უფრო ზუსტად, ”რუსთავი 2”-ის კორესპონდენტს ნანა ინწკირველს, რომელიც ზესტაფონის პოლიციის შენობასთან უშუალოდ შეესწრო იმ, ხელისუფლების მოხელეთა მტკიცებით, ანტიტერორისტულ ოპერაციას. ნანა ინწკირველმა ჩვენთან საუბარში გაიხსენა, რომ ზესტაფონში ჩასვლა მას სთხოვა უშუალოდ პოლკოვნიკმა აკაკი ელიავამ, რომელსაც უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები სჭირდებოდა:

”ანუ პირობა იყო, რომ ეს მანქანები შეიყვანეს იმიტომ, რომ აკაკი ელიავა თანამოაზრეებთან ერთად უსაფრთხოდ დატოვებდა ტერიტორიას და სამეგრელოს ტერიტორიამდე მას მიაცილებდა ბატონი რუბენ ასანიძე. და ზუსტად ამ უსაფრთხო გადაადგილებისათვის სჭირდებოდა აკაკი ელიავას ბატონი რუბენი. და ეტყობა, რომ მძღოლმა ჩათვალა, რომ ჩვენი, ჟურნალისტების, იქ ყოფნა ერთი დამატებითი უსაფრთხოება იქნებოდა.”

მაგრამ ეს პირობა შეიცვალა. მაშინდელი უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული სპეცდანიშულების ჯგუფმა სროლით მოკლა პოლკოვნიკი აკაკი ელიავა და მისი თანმხლები პირი - გოჩა ლაგვილავა, რომლებსაც წინააღმდეგობის გაწევა, ნანა ინწკირველის თქმით, იმ მომენტში არ უცდიათ. ვიდეომასალაშიც არსად არ ისმის მოწოდება იარაღის დაყრის თაობაზე. თუმცა სპეცსამსახურის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ ეს რადიკალური ზომა მიღებული იქნა ”სიტუაციის შეფასების” შემდეგ. აი, რას ამბობდა იმჟამინდელი ანტიტერორისტული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან კენჭაძე:

”ჩავატარეთ ღონისძიება. პირველი იყო, რომ ჩვენ მათ მოვუწოდეთ, დაეყარათ იარაღი. მათ გახსნეს ცეცხლი, ესროლეს ჩვენს თანამშრომელს. აქ რუბენ ასანიძე მსუბუქად დაიჭრა, ერთი ჩვენი თანამშრომელი დაიჭრა. საპასუხო სროლის შემდეგ ორი ლიკვიდირებული იქნა, სამი აყვანილი იქნა.”

აღარ არის კაცი, აღარ არის პრობლემა. აკაკი ელიავას მოკვლით დასრულდა პრობლემა, რომელსაც ეწოდებოდა ”ელიავა სახელმწიფოს წინააღმდეგ.”

პოლკოვნიკი აკაკი ელიავა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე ეროვნული გვარდიის ოფიცერი იყო და ბოლომდე უერთგულა დევნილ პრეზიდენტს. აკაკი ელიავას შემორიგება 1995 წელს მოხდა, თუმცა - მცირე ხნით. 1998 წლის ოქტომბერში ელიავამ და მისმა მომხრე ოფიცრებმა მიიმხრეს სენაკში განლაგებული თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბრიგადა, გამოაცხადეს კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, მძევლად აიყვანეს უშიშროების მინისტრი და პრეზიდენტის რწმუნებული და ქუთაისზე დაიძრნენ. ამბოხება რამდენიმე საათში ჩაიფუშა. აკაკი ელიავა და მისი მებრძოლები კი სამეგრელოს ტყეში გაიფანტნენ, სადაც ისინი ორი წლის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ და იძლეოდნენ ინტერვიუებს. მაგრამ როგორ ახერხებდნენ ძებნილები ასე თავისუფლად გადაადგილებას? ჰყავდათ თუ არა მათ მფარველები საქართველოს ხელისუფლებაში? ანდა როგორ მოხვდნენ ისინი ზესტაფონში 2000 წლის 10 აგვისტოს? უსაფრთხოების ექსპერტი, პუბლიცისტი ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ სპეცსამსახურებმა აკაკი ელიავა გამიზნულად მოიშორეს, რადგან მან ძალიან ბევრი რამ იცოდა: ”ეს იყო მოწმის მოშორება, ბევრის მცოდნე მოწმის მოშორება.”

სწორედ 9 წლის წინანდელ სპეცოპერაციასთან ავლებს პარალელს უსაფრთხოების ექსპერტი ბესიკ ალადაშვილი, როდესაც 2009 წლის 20 მაისის სპეცოპერაციას აანალიზებს. ოფიციალური ვერსიით, მუხროვანის ამბოხის ერთ-ერთი ორგანიზატორი, პოლკოვნიკი გია კრიალაშვილი, მოკლულია, პოლკოვნიკი კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე კი დაჭრილები არიან:

”ჩვენ ამ მუხროვანის ამბოხის შემდეგ ვერ გავიგეთ, თუ ვის უნდა ესარგებლა ამ ამბოხის შედეგით, ანუ ვინ უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში. თან იყო ნათქვამი, რომ ამ სამმა ძებნილმა იცის, ანუ ისინი არიან მოთავეები ამ აჯანყების და მათ აქვთ რაღაც ექსკლუზიური, საიდუმლო ოპერაცია. აქედან გამომდინარე, მათ ”თვალის ჩინივით” უნდა გაფრთხილებოდნენ, ანუ სპეცოპერაცია დაიგეგმა და განხორციელდა ძალიან დაბალ დონეზე.”

20 მაისის სპეცოპერაცია ბევრ შეკითხვას ბადებდა იმის თაობაზე, თუ რატომ იმყოფებოდნენ ერთად და ერთ მანქანაში ეჭვმიტანილები, რა მასშტაბის იყო შეტაკება მათი მხრიდან, რატომ არ არიან დაჭრილები პოლიციელები და რა ვითარებაში დაიღუპა პოლკოვნიკი გია კრიალაშვილი. თავად განსვენებულ გია კრიალაშვილის ოჯახის ახლობლებისა და ადვოკატის თქმით, მოკლულის სხეულზე ნატყვიარები არ აღმოჩნდა. ყოველდღიურ გაზეთ ”რეზონანსის” კორესპონდენტმა თამთა ქარჩავამ კი ჟურნალისტური გამოძიებისას ჩაწერა თვითმხილველი, რომლის ჩვენება კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის 20 მაისს ჩატარებულ გასაიდუმლოებულ სპეცოპერაციას:

”დავინახეო, თიანეთის გზატკეცილიდან მოდიოდა მაქანა, ”მარშრუტკა”. ”მარშრუტკა” გაჩერდა. იქიდან გადმოვიდა ქალი, რომელიც ყვიროდა და კიოდა, სად ხართ ამდენი ხანი, ჩახოცესო ერთმანეთი ”მარშრუტკაშიო.” შიგნით მესმოდა, ”მარშრუტკაში”, გინებისა და ჩხუბის ხმა. ამ დროს გაისმაო ყრუ გასროლა, ოთხი-ხუთი გასროლა. შემდეგ მოვიდა პოლიცია, რომელმაც ჩაიცვა ფორმა, წარწერით ”სოდი”. გამწკრივდნენ და რამდენჯერმე ჰაერში გაისროლეს.”

საქართველოს ხელისუფლება ყოველგვარ ეჭვებს გამორიცხავს როგორც იმაზე, რომ ნამდვილად მზადდებოდა სახელმწიფო შეთქმულება, ასევე თავად სპეცოპერაციაზე, რომელიც ჩატარდა სწორედ მაშინ, როცა ამბოხების ორგანიზებაში ეჭვმიტანილები საქართველოს ტერიტორიის დატოვებას ცდილობდნენ, აი, რა განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ გასულ კვირაში, ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის” გადაცემა ”პოზიციაში”:

”ბუნებრივია, ამ ყველაფერში გარკვევა არის ძალიან მარტივი. ჩატარდება ექსპერტიზა, რომელიც ამომწურავ პასუხს გასცემს ჭრილობებისა და სიკვდილის მიზეზებთან დაკავშირებით. მთლიანობაში რომ ვილაპარაკოთ ამ თემაზე, დაკავებული არის, საერთო ჯამში, 34 ადამიანი. მათგან ერთი არის გარდაცვლილი, ერთი არის გირაოთი გათავისუფლებული, 32 დღესაც იმყოფება საპატიმროებში.”

გივი თარგამაძის თქმით, მუხროვანის ამბოხის ორგანიზატორებს კავშირი ჰქონდათ რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენ ალექსანდრე ებრალიძესთან, რომელიც, თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობარია. იმავე ინტერვიუში ქართველმა კანონმდებელმა დასძინა, ამბოხში ეჭვმიტანილებს საპყრობილეში დარჩენა ”საგრძნობლად დიდი ხნით მოუხდებათო.”
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG