Accessibility links

logo-print

გასული კვირის მთავარი მოვლენა: ჟენევის მოლაპარაკებები


გაეროს შტაბ-ბინა ჟენევაში

გაეროს შტაბ-ბინა ჟენევაში

მიმდინარე კვირაში ჟენევამ საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდს უმასპინძლა, თუმცა შეხვედრის პირველ დღეს, 18 მაისს, რუსეთის დელეგაციამ და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებათა მაგიდა ბოიკოტის ნიშნად დატოვეს. ბოიკოტს პროცესის თანათავმჯდომარეების - ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს საგანგებო წარმომადგენლების - აღშფოთება მოჰყვა, რისთვისაც კრემლს ყურადღება არ მიუქცევია. ის ბოიკოტის გზით გამოხატავდა სოლიდარობას აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლების მისამართით, რომლებიც, ჟენევაში ჩასვლის მიუხედავად, მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ აპირებდნენ მანამდე, ვიდრე გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება გამოქვეყნდებოდა. თბილისმა მოსკოვის ბოიკოტი საერთაშორისო თანამეგობრობისკენ მიმართულ შანტაჟად შეაფასა. ბან კი მუნის მოხსენების ტექსტის წინასწარი ასლი შეხვედრის მონაწილეებმა 18 მაისს ღამით მიიღეს, რის შემდეგაც, 19 მაისს, მოსკოვისა და სეპარატისტული რეჟიმების კმაყოფილი წარმომადგენლები მოლაპარაკებათა მაგიდას დაუბრუნდნენ.

ვიდრე იმაზე ვიტყოდეთ, თუ რამ გამოიწვია მათი კმაყოფილება და რა წერია ასეთი გაეროს გენერალური მდივნის მორიგ ანგარიშში, მოკლედ შევაფასოთ ჟენევის მოლაპარაკებათა მე-5 რაუნდის შედეგები. უნდა ითქვას, რომ ისევე, როგორც წინა 4 რაუნდი, ხელშესახები შედეგებით არც მე-5 რაუნდი დასრულებულა. ისევ რუსეთის წინააღმდეგობის გამო ვერ მოხერხდა სიღრმისეული განხილვა მხარეთა წინასწარი იდეებისა უსაფრთხოების ახალ არქიტექტურასთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია ქართული მხარის მიერ წამოჭრილ პრინციპულ წინადადებას განმარტავს: ”ეს არის საერთაშორისო სამშვიდობო საპოლიციო ძალების განლაგება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სამშვიდობო ძალების კომპონენტის შემოტანა. ანუ არა მარტო ის, რაც აქამდე იყო, უბრალოდ - მონიტორინგი. ჩვენი აზრით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ეფექტური გზა სიტუაციის განმუხტვისთვის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მისაღწევად.”

გიგა ბოკერია ამბობს, რომ თბილისი არასოდეს დაეთანხმება მოსკოვის მიერ ჟენევაში უკვე მერამდენედ წამოჭრილ წინადადებას, რაც გულისხმობს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმებას სეპარატისტულ რეგიონებსა და საქართველოს შორის. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და განუახლებლობის შეთანხმება უკვე ჩადებულია ევროკავშირის შუამავლობით 12 აგვისტოს გაფორმებულ დოკუმენტში. თბილისისთვის აშკარაა, რომ კრემლი ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესის ჩაშლას ცდილობს და რომ ამ ფორუმს საერთაშორისო საზოგადოების დასაშანტაჟებლად იყენებს, ისევე როგორც ეს გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებასთან კავშირში მოხდა.

როგორც უკვე ვთქვით, მოსკოვი და სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლები ჟენევაში გამოცხადებული ბოიკოტით ერთად ელოდებოდნენ ბან კი მუნის მორიგ ანგარიშს, რომელიც, 15 მაისის ნაცვლად, ოფიციალურად 20 მაისს გამოქვეყნდა. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, 18 მაისს, ღამით, მათ საშუალება მიეცათ გასცნობოდნენ ანგარიშის წინასწარ ასლს და კმაყოფილებაც გამოეხატათ. მთავარი აქცენტი კეთდებოდა სათაურზე, რომელშიც, ძველი დოკუმენტებისგან განსხვავებით, აღარც საქართველო იყო ნახსენები და აღარც აფხაზეთი, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი. ამჟამინდელი სათაური ასე ჟღერს: ”გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში უშიშროების საბჭოს 1808, 1839 და 1866 რეზოლუციების მიხედვით.”

ამ აღფრთოვანებას არ გამოხატავს, მაგრამ ამგვარ ცვლილებაში არც რაიმე სახიფათოს ხედავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე: ”სამდივნომ დიდხანს იფიქრა კომპრომისულ ვარიანტზე, ამიტომ შეიტანა ყველა ის რეზოლუცია, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის აღიარებული და ის რეზოლუციები, რომლებშიც რუსეთის წინაშე დაყენებულია კატეგორიული მოთხოვნა პატივი სცეს ამ ტერიტორიულ მთლიანობას. ვერ გეტყვით, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ამისთანა კომპრომისით, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ეს კომპრომისი რაღაც სიხარულის საშუალებას მისცემს რუსეთის ფედერაციას ან მარიონეტულ რეჟიმებს.”

ერთი შეხედვით ნეიტრალურ კომპრომისებთან დიდი სიფრთხილეა საჭირო, - მიიჩნევს პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე, რომლისთვისაც ნათელია, რომ რუსეთი სასურველი მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე იხევს და რომ ამას, გარკვეულწილად, გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშიც ცხადყოფს: ”ეს აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთმა ჩართო მთელი თავისი დიპლომატიური რესურსები იმისათვის, რათა მის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების ლეგალიზაცია მოხდეს უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებში, პირველ რიგში - გაეროში. და ასეთ დროს ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს და, მით უმეტეს, სიტყვებს, მით უმეტეს ენას, რითაც საერთაშორისო ორგანიზაციები და ამ კონკრეტულ შემთხვევაში - გაეროს დოკუმენტები დგება.”

ბან კი მუნის ანგარიშს კრემლის წნეხის კვალი რომ ეტყობა, ამას თბილისიც აღიარებს, თუმცა ხაზგასმით აღინიშნება ისიც, რომ საქართველო არასოდეს წავა კომპრომისზე, რომელიც რაიმე საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ამ გზაზე საქართველოს მეგობარი ქვეყნების დახმარების იმედი აქვს და თბილისს სჯერა, რომ თუკი გაეროს რეზოლუცია, რომელსაც გენერალური მდივნის ანგარიში უნდა დაედოს საფუძვლად, ამ კუთხით საქართველოს ინტერესებს შეეწინააღმდეგება, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები ვეტოს უფლებას გამოიყენებენ ანდა საკითხს კენჭისყრამდეც არ მიიყვანენ.

თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალი და თავისუფლების” ხელმძღვანელს ირაკლი სესიაშვილს გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშის გაცნობის შემდეგ დარჩა შთაბეჭდილება, რომ მასზე დაყრდნობილ რეზოლუციას, შესაძლოა, თავად რუსეთმა დაადოს ვეტო. სესიაშვილი ყურადღებას ამახვილებს ბან კი მუნის რეკომენდაციებზე, სადაც, მაგალითად, წერია, რომ ”უსაფრთხოების ზონა ვრცელდება ცეცხლის შეწყვეტის ხაზის ორივე მხარეს, 12 კმ-იან ზოლზე. უსაფრთხოების ზონებში არ უნდა იყოს შეიარაღებული ძალები და სამხედრო ტექნიკა. ერთადერთი ცეცხლსასროლი იარაღი ზონაში იქნება სამართალდამცველთა და უშიშროების თანამშრომელთა პირადი იარაღი.” ექსპერტი თვლის, რომ რუსეთი ვერ შეეგუება მსგავს აკრძალვებს, რითაც მას ”საზღვრის კონტროლის პირდაპირი შესაძლებლობა” წაერთმევა.

თბილისში მიაჩნიათ, რომ, რეზოლუციაზე ვეტოს დადებით, კრემლი მთავარ მიზანს მიაღწევს და დაბლოკავს საქართველოში გაეროს მეთვალყურეთა მანდატის 15 ივნისის შემდეგ გაგრძელების საკითხს, ისევე როგორც კრემლმა ამას უკვე მიაღწია ეუთოს შემთხვევაში.

გაეროს გენერალური მდივნის მორიგი ანგარიში, რომელზეც თბილისს დეტალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, ხელისუფლების დიპლომატიურ მარცხად შეაფასა არასაპარლამენტო ოპოზიციამ. შეშფოთება იმ ფაქტის გამო, რომ ბან კი მუნმა სათაურში საქართველო და მისი ნაწილი - აფხაზეთი - აღარ მოიხსენია, ოპოზიციის ლიდერებმა არაერთხელ გამოხატეს და, მათ შორის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებზეც. ეს იყო ერთ-ერთი წამყვანი თემა 21 მაისს მათი შეხვედრისას პეტერ სემნებისთან, ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში. თუმცა თბილისში პეტერ სემნების მორიგი ვიზიტის მთავარ მიზანს სულ სხვა რამ წარმოადგენდა: “განსახილველი თემა არ იცვლება - როგორ დავსვათ პოლიტიკური ძალები ერთად, რათა თამაშის წესების, კონსტიტუციის, არჩევნების, მედიის საკითხების განხილვა შეძლონ. უნდა განვიხილოთ ეს თემები იმისათვის, რომ პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის საფუძველი შეიქმნას.“

პეტერ სემნების მიერ არაერთგზის გამოხატული ამგვარი სურვილის მიუხედავად, არასაპარლამენტო ოპოზიცია დიალოგის შანსს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს, თუკი 18 მაისს მის მიერ შეთავაზებულ 6-პუნქტიან მოთხოვნებს ხელისუფლება 26 მაისამდე შეასრულებს. თუმცა ვიდრე ამ მოთხოვნების შესახებ უფრო მეტს ვიტყოდეთ, აქვე აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას განაგრძობს საპარლამენტო ოპოზიცია. საპარლამენტო უმცირესობამ 22 მაისს უკვე დაასახელა საკონსტიტუციო საკითხებზე მომუშავე კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატის ვინაობა. ეს გახლავთ ავთანდილ დემეტრაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე.

არასაპარლამენტო ოპოზიცია ამ პროცესში ჩართვას არ აპირებს და ხელისუფლებას სანაცვლოდ სთავაზობს რეალური ნაბიჯების გადადგმას პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, საკონსტიტუციო რეფორმის დასაწყებად, სამართალდამცავი სისტემის პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, სასამართლო რეფორმის დასაწყებად, საარჩევნო რეფორმის დასაწყებად და მედიასივრცის გაჯანსაღებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის დასაწყებად. ეს 6 პუნქტი 14 კონკრეტულ მოთხოვნას აერთიანებს და, ბუნებრივია, ყველას ვერ ჩამოვთვლით. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ პირველობას ინარჩუნებს უცვლელი მოთხოვნა - პრეზიდენტის გადადგომასთან და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. აქვე საუბარია სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე 2009 წლის შემოდგომაზე. ოპოზიციის მოთხოვნის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, თბილისის მერის არჩევნები უნდა ჩატარდეს.

ვადების შეცვლის შესაძლებლობას მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებთან მიმართებით ხედავს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც ამ საკითხზე ასევე 18 მაისს წინანდალში, უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ილაპარაკა.

ოპოზიცია, რომლის გამონათქვამებსაც მიმდინარე კვირაში საქართველოს რკინიგზის შემოსავლების კლებაც დაბრალდა, უკან დახევას არ აპირებს და აქტიურად ემზადება 26 მაისისთვის, როდესაც, მისი გეგმის მიხედვით, მასშტაბური სამოქალაქო აღლუმი უნდა ჩატარდეს. ხალხის მობილიზებისთვის, მიმდინარე კვირაში ოპოზიცია რეგიონებში ჩავიდა. მიტინგები და მომღერალ უცნობის კონცერტი გაიმართა ბათუმსა და ქუთაისში. გეგმის მიხედვით, ოპოზიციის აქტივისტები რეგიონებიდან თბილისში ერთად ჩამოვლენ.

”ყველანი ერთმანეთს შეუერთდებიან გორის ტრასაზე და დაიძვრებიან თბილისისკენ. საბოლოოდ, 26-ში დიდი კოლონა შემოვა, ჩვენს მხარდასაჭერად”, - ეს გეგმა არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, კოკა გუნცაძემ, მომიტინგეებს მტკვრის სანაპიროების გადაკეტვის აქციის მსვლეობისას 21 მაისს გააცნო. ამ დღეს ოპოზიციის ლიდერები ხალხთან ერთად აპროტესტებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის 20 მაისს ავტომანქანების უკანონოდ ჩამორთმევასა და 21 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის დროსაც სამართალდამცველებმა მუხროვანის ამბოხების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი გია კრიალაშვილი მოკლეს, ხოლო კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე დაჭრეს. მომიტინგეებს მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები ერთი საათის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი.

”ჩვენ მუდმივად სიურპრიზებს მოვუწყობთ ამ ხელისუფლებას”, - აღნიშნა ამ აქციაზე ”ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით გამყრელიძემ. ის ერთ-ერთი მთავარია იმ პირთა შორის, რომლებსაც მიმდინარე კვირაში პოლიციამ ავტომანქანები ჩამოართვა. ოპოზიციის ლიდერები დარწმუნებით აცხადებდნენ, რომ ფაქტები შსს-ს შენობის 19 მაისის პიკეტირებას უკავშირდება, რადგანაც ჩამორთმეული ავტომანქანები სწორედ ამ პიკეტირებაში მონაწილეობდნენ. ხელისუფლებამ კი კონკრეტული ავტომანქანების ჩამორთმევის მიზეზად საგზაო წესების დარღვევა დაასახელა.
XS
SM
MD
LG