Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ვერ ეყოლება ოპოზიციას ერთიანი ლიდერი?


გასულ კვირაში ოპოზიციის წიაღში გაჩნდა აზრი, რომ მრავალ ლიდერს შორის უნდა შეირჩეს ერთი, რომლის ირგვლივ მთელი საპროტესტო მოძრაობა შემოიკრიბება. ამ იდეის არც საჭიროება და არც ავ–კარგი პოლიტიკოსებს საზოგადოებისთვის არ აუხსნიათ. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ერთი ლიდერის შერჩევის პროცესში?

9 აპრილის შემდეგ ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებამ რამდენიმე ეტაპი გაიარა და სტაბილურ ფაზაში შევიდა. არც ხელისუფლებას ყოფნის ძალა, პოლიტიკური ოპონენტები შინ გაუშვას, არც ოპოზიციას ყოფნის ძალა, ხელისუფლებას რამე დაათმობინოს. ბუნებრივია, ორივე მხარე ფიქრობს, რა შეცვალოს საკუთარ ტაქტიკაში ისეთი, რაც მას გააძლიერებს და უპირატეს პოზიციას დააკავებინებს. როგორც ჩანს, ოპოზიციამ ასეთ გადაწყვეტილებად მიიჩნია ერთიანი ლიდერის შერჩევა და მთელი ძალების მის ირგვლივ შემოკრება.

ამ გადაწყვეტილებას ძლიერი მხარეებიც აქვს და სუსტიც.

ძლიერი მხარე ისაა, რომ მთელი არასაპარლამენტო ოპოზიციის შეთანხმება ერთიან ლიდერზე დაადასტურებს პოლიტიკურ კულტურას, რადგან არაერთი პარტიის ხელმძღვანელს მოუხდება საკუთარ ამბიციებზე უარის თქმა საერთო საქმის სასარგებლოდ. ეს დადებითად აისახება ოპოზიციის მხარდამჭერებზე. ერთიანი ლიდერის არსებობა გააადვილებს გადაწყვეტილებების მიღებას და დააკონკრეტებს ამ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელ პირს. საპროტესტო მოძრაობას გაუჩნდება „პატრონი“ და როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე უცხოელებს ზუსტად ეცოდინებათ, ვისთან აქვთ საქმე. იმ ერთი ლიდერის რეიტინგი, მისსავე დღევანდელ რეიტინგთან შედარებით, უსათუოდ გაიზრდება. იმის მიხედვით, რამდენად ყოჩაღი აღმოჩნდება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, რამდენად სწორად დაუპირისპირდება მიხეილ სააკაშვილს და შექმნის თუ ვერა ქართველი ხალხის თვალში პრეზიდენტის რეალურად საპირწონე ძალას, განვითარდება კიდეც მოვლენები უახლოეს თვეებში. მოკლედ, ერთი ლიდერის არჩევის მცდელობა ოპოზიციის მხრიდან თავგანწირული ნაბიჯია.

რა საფრთხეები ახლავს ამ გადაწყვეტილებას? დავიწყოთ იმით, რომ შესაძლებელია, ოპოზიციური სპექტრიდან ვერ შეირჩეს მაინცდამაინც ის პირი, რომელიც საუკეთესოდ შეასრულებდა ლიდერის ფუნქციას. ეს პროცესი ერთგვარად ხელოვნურია, რადგან პარტიულ ლიდერებს შორის დღემდე ვერ გამოიკვეთა ადამიანი, რომელიც დანარჩენებზე გაცილებით მეტ ნდობას და მხარდაჭერას მოიპოვებდა. თავის დროზე მიხეილ სააკაშვილს სერიოზული კონკურენტი ჰყავდა ზურაბ ჟვანიას სახით, რომელიც უძლიერეს პოლიტიკოსად იყო მიჩნეული ედუარდ შევარდნაძის შემდეგ და მის მემკვიდრედაც ითვლებოდა. სააკაშვილმა სწორედ ხალხის სიყვარულით და მხარდაჭერით ჩამოიტოვა ზურაბ ჟვანია, გადააყენა ედუარდ შევარდნაძე და მეტად კონკურენტულ გარემოში მოიპოვა პრეზიდენტის პოსტი. ასეთი ბუნებრივი ლიდერი დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს არ ჰყავს.

გასათვალისწინებელია, რომ ლევან გაჩეჩილაძემ, რომელიც კენჭისყრით აირჩიეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერად და რომელმაც უახლოეს კონკურენტს მხოლოდ ერთი ხმით აჯობა, შემდეგ – კრიტიკულ მომენტებში – ვერ შეძლო პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და ამის გამო ბევრჯერ მოუხდა ბოდიშის მოხდა. მიხეილ სააკაშვილს კი, როგორც ბუნებრივ ლიდერს, ამგვარი პასუხისმგებლობისგან უკან არასოდეს დაუხევია.

ამიტომ, ხელოვნური პროცესის შედეგად გამოკვეთილი ლიდერი, მართალია, ნებისმიერ შემთხვევაში გაზრდის საკუთარ რეიტინგს, მაგრამ გაერთიანებულ ოპოზიციას იმ ადამიანების ხმებს დაუკარგავს, რომლებიც მას საკუთარ ლიდერად არ აღიარებენ. ოპოზიციისთვის ერთადერთი შანსია, ახალმა ლიდერმა შედარებით ნეიტრალურ ნიშაში მყოფი ადამიანები გადმოიბიროს – მათი რიცხვი მცირე არ არის. მაგრამ რა შემთხვევაში შეიძლება დღეს ნეიტრალურად განწყობილი მოქალაქე ხვალ ოპოზიციის მხარდამჭერი აღმოჩნდეს? როგორც წესი, ეს მაშინ ხდება ხოლმე, როდესაც ადამიანი ახალ ლიდერში რეალურ ძალას დაინახავს.

საკითხავი სწორედ ისაა, შესაძლებელია თუ არა დღევანდელ პოლიტიკურ მომენტში ხელოვნური პროცედურებით რეალური, ძლიერი, სააკაშვილის საპირწონე ლიდერის წარმოქმნა? არსებითი პრობლემა ის არის, რომ ოპოზიცია არაერთგვაროვანია: მისი ერთი ნაწილი გულწრფელად ემხრობა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას, მეორე ნაწილი კი გულწრფელად აპირებს ბრძოლას მის გადადგომამდე. ამიტომ, შეუძლებელი ჩანს, მთელი სპექტრი ერთი ლიდერის გარშემო გაერთიანდეს, თუკი ეს ლიდერი ამჟამინდელ მოქმედ პოლიტიკოსებს შორის იქნება შერჩეული. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალი ლიდერის იდეა ან მხოლოდ სანახევროდ განხორციელდება, ან საერთოდ უკუგდებული იქნება ოპოზიციის მიერვე.
XS
SM
MD
LG