Accessibility links

logo-print

ტელეკომპანია ”მაესტროსთან” მომხდარი აფეთქების რამდენიმე ვერსია


მამუკა ღლონტი პრესკონფერენციაზე

მამუკა ღლონტი პრესკონფერენციაზე

25 მაისს, შუაღამისას, დამოუკიდებელ ტელეკომპანია ”მაესტროსთან” მომხდარი აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. წინასწარი ვერსიით, აფეთქება ხელყუმბარით განხორციელდა, რასაც მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. ინციდენტიდან რამდენიმე საათში, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ აფეთქება ტერაქტად და მედიაზე ზეწოლად შეაფასა. საქართველოს ხელისუფლება ოპონენტებს მოუწოდებს, რომ არ მოახდინოს ინციდენტის ზედმეტი პოლიტიზება და დაელოდოს გამოძიების დასრულებას. თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტელეკომპანიასთან მომხდარმა აფეთქებამ, შესაძლოა, კიდევ უფრო გაართულოს ვითარება საქართველოში, სადაც 26 მაისს ოპოზიცია მრავალათასიანი”სამოქალაქო აღლუმის” ჩატარებას გეგმავს.

დამოუკიდებელ ტელეკომპანია ”მაესტროს” კარებთან აფეთქების ხმა 25 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით სამ საათზე, გაისმა. იმ დროს პირდაპირ ეთერში ჯერ კიდევ გადიოდა ღამის გახმაურებული შოუ ”საკანი ნომერი ხუთი”, რომელიც, გია გაჩეჩილაძის - იმავე ”უცნობის” - ნაცვლად, მსახიობ ზაზა პაპუაშვილს მიჰყავდა. პროგრამის წამყვანის ხმა მალე აფეთქების ხმამ ჩაახშო.

ტელეკომპანია "მაესტროს" სტუდია
აფეთქების დროს არავინ დაზარალებულა. უვნებლად გადარჩა ტელეკომპანიის კუთვნილი აპარატურა. არ გათიშულა პირდაპირი ეთერიც. დაზიანდა ტელეკომპანიის შენობაში შესასვლელი რკინი კარები და ჩაიმსხვრა მინები. აფეთქების ადგილზე მოგვიანებით მოვიდა პოლიციის პატრული, უფრო ადრე კი - ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულეს. პარლამენტის ექს-სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ არ გაუკვირდება, თუკი ხელისუფლება ამ აფეთქებას ოპოზიციას დააბრალებს:

”ბუნებრივია, საბოლოო დასკვნა გამოძიების შემდეგ უნდა იქნეს გამოტანილი, მაგრამ მე არ გამიკვირდება უკვე არაფერი ამ ხელისუფლებისაგან. და ნამდვილად არ გამიკვირდება, რომ ხვალ ვიხილოთ კადრები, თუ როგორ გეგმავს ოპოზიციის წარმომადგენელი ”მაესტროს” აფეთქებას, საკუთარი თავის აფეთქებას და მერე როგორ ახორციელებენ ამას.”

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები 25 მაისს გამოეხმაურნენ ტელეკომპანია ”მაესტროსთან” მომხდარ აფეთქებას. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა ინციდენტს პროვოკაცია უწოდა, თუმცა დასძინა, რომ პროვოკაციის მომწყობებში არ გულისხმობს რადიკალურ ოპოზიციას. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კი განაცხადა, რომ პირად კონტროლზე აიყვანს ”მაესტროსთან” მომხდარ აფეთქებას, თუმცა ოპონენტებს ურჩია, არ მოახდინონ ფაქტის პოლიტიზება:

”მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფაქტს არანაირი შეხება არ აქვს პოლიტიკასთან. მე პირადად გავაკონტროლებ იმას, რომ გამოძიება იყოს ენერგიულად, გამოძიება ჩატარდეს მაქსიმალურად სწრაფად და დამნაშავეები იყვნენ დასჯილნი სწორედ იმიტომ, რათა არავის არ ჰქონდეს ამ ფაქტის პოლიტიზების და არავის არ ჰქონდეს ამ ფაქტით სპეკულირების საშუალება.”

თავად ტელეკომპანია ”მაესტროს” ხელმღვანელობას საკუთარი ვერსია აქვს. ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა მამუკა ღლონტმა საგანგებო პრესკონფერენციაზე აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა. იგი ვარაუდობს, რომ ამფეთქებელი მიზნად ისახავდა დაეშინებინა ტელეკომპანიის თანამშრომლები და ხელი შეეშალა ”მაესტროს” ეთერში იმ ჟურნალისტური გამოძიების გასვლისათვის, რომელიც სანდრო გირგვლიანის გახმაურებული მკვლელობის გამო მსჯავრდებულთა ციხის ცხოვრებას ეძღვნება:

”ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ვერსია, რაც ჩვენ გვაქვს, შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული იმ ფილმთან, რომელიც დღეს საღამოს უნდა გავიდეს ეთერში. ამ ფილმში ჩვენ ვაჩვენებთ ყველას, თუ როგორ ისვენებენ სანდრო გირგვლიანის მკვლელები ციხეში.”

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს გაავრცელა განცხადება, რომ ტელეკომპანია ”მაესტროსთან” მომხდარი აფეთქების საქმეზე გამოძიება დაწყებულია მუხლით, რომელიც 4-დან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ პოლიციამ ცოტა ხნის წინ ოპერატიულად გახსნა ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ორ ჟურნალისტზე მომხდარი ზეწოლის ფაქტი. ერთ შემთხვევაში კი უპრეცედენტო ფაქტი მოხდა: ოპერატიული ღონისძიებებით დადგინდა პირი, რომელმაც ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს ლევან ყუბანეიშვილს მუქარის წერილი ინტერნეტით გაუგზავნა.
XS
SM
MD
LG