Accessibility links

ადამიანის ერთ-ერთი შესაძლო წინაპარი - 47 მილიონი წლის "იდა"


"იდა" - უნიკალური ნამარხი

ამერიკელმა მეცნიერებმა საზოგადოებას წარუდგინეს კატისმაგვარი ცხოველის ნამარხი, რომელიც, მათი მტკიცებით, ადამიანის რასის წინაპარი შეიძლება იყოს. ნამარხი, რომლის ასაკი 47 მილიონი წელია, აქამდე ნაპოვნი პრიმატების ყველაზე კარგად შენახული ნამარხია. ამ ცნობამ აკადემიურ სამყაროში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ვინაიდან ეს სრული სახით შემონახული უძველესი ნამარხის შესწავლის უნიკალურ საშუალებას იძლევა.

ამ პატარა არსებას სპეციალისტებმა დაარქვეს “Darwinius masillae”. მაგრამ მისი შემსწავლელი პალეონტოლოგები მას შინაურულად “იდას” უწოდებენ.

ცხოველი პატარა კატის ხელაა და ჩამოჰგავს ლემურს - ხეებზე მობინადრე, გრძელკუდიან, მაიმუნისმაგვარ ცხოველს, რომელიც დღესაც გავრცელებულია ტროპიკულ ტყეებში. მაგრამ იდას მთელი რიგი მსგავსებები აქვს ადამიანთან. მაგალითად, მას ფრჩხილები აქვს ბრჭყალების ნაცვლად და, პატარა ბავშვივით, სარძევე კბილები მოეპოვება. ამავე დროს, ადამიანებისა და თანამედროვე მაიმუნების მსგავსად იდას ცერა თითი დანარჩენი თითებისგან დაშორებული აქვს.

სინამდვილეში იდა 1983 წელს აღმოაჩინეს დასავლეთ გერმანიაში ნამარხებზე მონადირე კერძო პირებმა. ამის შემდეგ ის ორად გაყვეს. ქვედა ნაწილი შეერთებულ შტატებში მიჰყიდეს დინოზავრების მუზეუმს, ზედა კი ერთ-ერთ კერძო კოლექციაში ინახებოდა.

ზედა ნაწილი მხოლოდ 2006 წელს გახდა ცნობილი, როცა ის გერმანიაში, ჰამბურგში, ნამარხების ბაზრობაზე მილიონ დოლარად შეაფასეს, მაგრამ საბოლოოდ ნორვეგის ბუნების ისტორიის მუზეუმმა შეიძინა ბევრად უფრო იაფად.

ამას მოჰყვა ორწლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაში იდას ორი ნახევარი კვლავ შეაერთეს.

ნორვეგიელი მეცნიერები განაცვიფრა იმან, თუ რამდენად კარგად არის იდა შენახული. ნამარხს აქვს თმა, კბილები, ქსოვილები და ნაწლავების შიგთავსიც კი. რენტგენით დასხივებამ აჩვენა, რომ ცხოველმა უკანასკნელად კენკრა და ფოთლები მიირთვა.

ნამარხის ასეთი კარგი მდგომარეობა აიხსნება ფრანკფურტის მახლობლად, მისი აღმოჩენის ადგილზე, არსებული ქიმიური და სედიმენტური პირობებით. სხვათა შორის, ამ რეგიონში, აქამდე უკვე ასობით მაღალი ხარისხის ნამარხი იქნა ნაპოვნი წლების განმავლობაში.


GPS-ის სისტემას საფრთხე ემუქრება

აშშ-ის ფედერალური უწყება, მთავრობის მაკონტროლებელი სააგენტო, უკანასკნელ ანგარიშში წერს, რომ თანამგზავრებზე დამყარებული სანავიგაციო სისიტემა GPS-ი უკვე მომავალ წელს შეიძლება ქმედითუუნარო გახდეს, თუკი სამხედრო-საჰაერო ძალები კვლავაც არასათანადო ყურადღებას მიაქცევს მას.

სააგენტომ სამხედრო-საჰაერო ძალებს ბრალი დასდო ცუდ მენეჯმენტსა და არასაკმარის ინვესტირებაში.

GPS-ი ანუ გლობალური პოზიციონირების სისტემა ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრების ქსელის მეშვეობით ზუსტად განსაზღვრავს თვითმფრინავის, გემის თუ გადაადგილების სახმელეთო საშუალების ადგილმდებარეობას.

ეს სისტემა, რომელიც სამხედრო-საჰაერო ძალებმა 80-იან წლებში შეიქმნა, “სასიცოცხო მნიშვნელობისაა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის”, აცხადებს მთავრობის მაკონტროლებელი სააგენტო.

აშშ-ის კონგრესისთვის წარდგენილ ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ სამხედრო-საჰაერო ძალები თითქმის სამი წლით ჩამორჩება პროგრამის განრიგს, რომელიც GPS-ის სისტემისთვის ახალი თანამგზავრების შექმნას ითვალისწინებს. ამის შედეგად, მომავალი წლისთვის სისტემის მუშაობაში შეფერხებების საფრთხე გაჩნდება, ვინაიდან ძველი თანამგზავრები სანდოობას დაკარგავს.

GPS-ი თავდაპირველად სამხედრო მიზნებისთვის შეიქმნა, მაგრამ ის უფასოდ გადაეცა სამოქალაქო სამყაროსაც და ნავიგაციის მთავარ ხელსაწყოდ იქცა ყველასთვის - კომერციული ავიალაინერებით დაწყებული და კერძო იახტსმენებით დამთავრებული.

მაგრამ ადამიანების უმრავლესობას GPS-თან შეხება აქვს კერძო ავტომანქანებში, სადაც ეს სიტემა მარშრუტის დაგეგმვისთვის გამოიყენება. რუკის გარეშე, პატარა მოწყობილობის მეშვეობით გზის გაკვლევა მოგზაურობის ძალზე გავრცელებულ ფორმად იქცა.

ამერიკული GPS-ი სატელიტური ნავიგაციის სისტემების პიონერია. მაგრამ დიდი ხანია, ის აღარ არის ერთადერთი. რუსეთმა, ჩინეთმა და ინდოეთმა, რომელთაც არ ისურვეს შეერთებულ შტატებზე ყოფილიყვნენ დამოკიდებული, საკუთარი სისტემები შექმნეს. ეს სისტემები ფართოვდება და ვითარდება.

ევროპის კავშირიც კი, რომელიც აშშ-ის მჭიდრო მოკავშირეა, მუშაობს საკუთარ სისტემაზე, რომელიც “გალილეოს” სახელით არის ცნობილი.
XS
SM
MD
LG