Accessibility links

logo-print

„აფხაზეთი საქართველოა!“ - თბილისში გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებას აპროტესტებენ


დავით გულუა

დავით გულუა

საქართველოში არ ცხრება ვნებათაღელვა, რომელიც გაეროს გენერალური მდვნის უკანასკნელი ანგარიშის გამოქვეყნებამ გამოიწვია. ბან კი მუნის მიერ შედგენილი ეს მოხსენება - იმის გამო, რომ სათაურში აღარაა ნახსენები არც საქართველო და არც აფხაზეთი, როგორც საქართველოს ნაწილი - 25 მაისს გააკრიტიკა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა კონგრესმა, რომელიც 35-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. შეიცავს თუ არა გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება საქართველოსთვის საფრთხეს და რას უწუნებენ მას დევნილები?

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა კონგრესი, რომელსაც დავით გულუა ხელმძღვანელობს, 35-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. 25 მაისს კონგრესის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოხსენებაში ასახული მიდგომები ეწინააღმდეგება გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს.

„პირველად ამ კონფლიქტის ისტორიაში, ამოვარდა განმარტება „აფხაზეთი. საქართველო“. თუ ადრე იწერებოდა „დე ფაქტო ხელისუფლება“, ახლა ჩაიწერა „აფხაზეთის ხელისუფლება“. იმან კი, რაც მოხდა აგვისტოს თვეში, ანუ აფხაზეთის ოკუპაციამ, არანაირი გამოხმაურება არ პოვა. ეს ყველაფერი არის მიუღებელი. ეს, ფაქტიურად, არის დაკანონება ეთნოწმენდისა, რომელიც მოხდა აფხაზეთში“, - განუცხადა დავით გულუამ რადიო თავისუფლებას.
დავით გულუა უკმაყოფილებას გამოთქვამს დოკუმენტის სათაურის გამოც, რომელიც ასე იკითხება: ”გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში უშიშროების საბჭოს 1808, 1839 და 1866 რეზოლუციების მიხედვით.” დევნილთა კონგრესში მიიჩნევენ, რომ ბან კი მუნის მოხსენების გამოქვეყნებას საქართველოს ხელისუფლებამ არაადეკვატურად უპასუხა. კერძოდ, დევნილები ვერ დააკმაყოფილა იმ განმარტებამ, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა:

”სამდივნომ დიდხანს იფიქრა კომპრომისულ ვარიანტზე, ამიტომ შეიტანა ყველა ის რეზოლუცია, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის აღიარებული და ის რეზოლუციები, რომლებშიც რუსეთის წინაშე დაყენებულია კატეგორიული მოთხოვნა პატივი სცეს ამ ტერიტორიულ მთლიანობას. ვერ გეტყვით, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ამისთანა კომპრომისით, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ეს კომპრომისი რაღაც სიხარულის საშუალებას მისცემს რუსეთის ფედერაციას ან მარიონეტულ რეჟიმებს.”

საგარეო საქმეთა მინისტრის მსგავსად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე შოთა მალაშხიაც მიიჩნევს, რომ 20 მაისს გამოქვეყნებულ დოკუმენტში კიდევ ერთხელაა აღნიშნული, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუვალია:

„მითითებულია ის რეზოლუციები, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაა დაფიქსირებული, ანუ აპელირება ხდება სხვა რეზოლუციებზე, რომლებშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაა დაფიქსირებული“, - განაცხადა შოთა მალაშხიამ.
შოთა მალაშხიას თქმით, ბან კი მუნის მოხსენებაში ასევე ლაპარაკია საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი ხელშეკრულების პირობების დაცვისა და მდინარე ენგურის გასწვრივ ოცდაოთხკილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონის შენარჩუნების აუცილებლობაზეც, თუმცა მალაშხია იმასაც ამბობს, რომ მოხსენებაში სათანადოდ ვერ აისახა წინამორბედ დოკუმენტებში დასმული საკითხები:

„წინა წელს ეწერა, როგორ უნდა დაბრუნდნენ დევნილები და როგორ უნდა დაიწყოს დემილიტარიზაცია და - ეს ყველაფერი ბან კი მუნს დავალებული ჰქონდა. სექტემბრისთვის გაწერილი უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა შოთა მალაშხიამ, - „მაგრამ 2008 წლის სეტემბრისთვის ვითარება დამძიმდა. სახეზეა აგრესია, ოკუპაცია, ამიტომ მოხსენება უნდა ყოფილიყო უფრო მკაცრი და მასში უნდა ასახულიყო რეალური მდგომარეობა. ამ თვალსაზრისით მოველით, რომ რეზოლუციაში ეს მომენტები იქნება ასახული, თორემ ჩვენთვის ამ მოხსენებაში ცუდი არაფერი წერია და არც რუსების გულისგასახარი წერია რამ.“

შოთა მალაშხიას მტკიცებით, გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება რუსეთისთივს მიუღებელ არაერთ პუნქტს შეიცავს. უსაფრთხოების ექსპერტი ირაკლი სესიაშვილიც მიიჩნევს, რომ, რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით, ბან კი მუნის მოხსენებას რეზოლუციად გადაქცევის ძალიან დაბალი შანსი აქვს.

„თუკი ეს დოკუმენტი ამოქმედდება, მაშინ ერთ მხარეს იქნებიან ქართველები, მეორე მხარეს - აფხაზები, შუაში კი - გაერო. იქნება მიმოსვლა, როგორც აქამდე იყო, გაერო გააკონტროლებს მთლიანად კოდორის ხეობას, საუბარი იქნება დევნილების დაბრუნებაზე და ასე შემდეგ. ეს არის ყველაფერი ის, რაც მშვიდობას ემსახურება, მაგრამ რეალურად ეს დოკუმნეტი ვერ იქცევა რეზოლუციად, რამდენადაც რუსეთი მას ვეტოს დაადებს.“
არსებული მოხსენების საფუძველზე რეზოლუციის მიღების წინააღმდეგია დევნილთა ნაწილიც. მიმართვაში, რომელიც დევნილთა კონგრესმა 25 მაისს გაავრცელა, გამოთქმულია იმედი, რომ გაეროს უშიშროების საბჭო პრინციპულად განიხილავს გენერალური მდივნის მოხსენებას, გაითვალისწინებს დევნილების, ანუ აფხაზეთის ომამდელი მოსახლეობის უმრავლესობის, ინტერესებს და თავის მომავალ რეზოლუციაში დააფიქსირებს პრობლემისადმი თანმიმდევრულ, ობიექტურ დამოკიდებულებას. მიმართვას ხელს აწერს 35-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელი და, მათ შორის, „გიორგი ჭყონდიდელის“ საზოგადოების გამგეობის წევრი როლანდ კაკულია:
„ამისთვის ვიბრძოდით მთელი 15 წელი და ეს თუ ამოიღეს, გამოდის, რომ გაერომ ცნო -აფხაზეთი არის ცალკე ქვეყანა... მაგრამ ჩვენ აფხაზეთს არასოდეს არ დავკარგავთ. ამაში ეჭვი ნუ შეეპარება გაეროს, საქართველოს მთავრობას და სხვებს. ჩვენ ყველანი დავბრუნდებით აფხაზეთში.“
დევნილთა კონგრესში მიიჩნევენ, რომ გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაში დაფიქსირებული მიდგომები, მნიშვნელოვანწილად, საქართველოს ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკითაა განპირობებული.
XS
SM
MD
LG