Accessibility links

logo-print

გენერალი პეტრეუსი ემხრობა დაკითხვის მეთოდებს, რომლებიც ჟენევის კონვენციებს შეესაბამება


ამერიკელი გენერალი დევიდ პეტრეუსი პრაღაში

ამერიკელი გენერალი დევიდ პეტრეუსი პრაღაში

გასული კვირის მიწურულს ჩვენს რადიოს შესაძლებლობა მიეცა, ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაეწერა აშშ-ის უმაღლესი სარდლობის ხელმძღანელთან, გენერალ დევიდ პეტრეუსთან. მას ჩვენი რადიოს ცენტრალური საინფორმაციო განყოფილების დირექტორი ჯეი ტოლსონი ესაუბრა და მიმართა შეკითხვებით, რომლებიც მრავალ თემას ეხებოდა: გუანტანამოს ციხის დახურვისა და ერაყიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის გეგმებს, წინსვლასა და წარუმატებლობებს ავღანეთსა და პაკისტანში, ისლამისტ ექსტრემისტებთან ბრძოლას და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან აცილებისაკენ მიმართულ ძალისხმევას...

პირველი შეკითხვა, რომელიც ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა გენერალ პეტრეუსს დაუსვა, გუანტანამოს ციხეს და დაკითხვის იქ გამოყენებულ სადავო მეთოდებს (ზოგის შეფასებით, წამებას) ეხებოდა. როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით, გუანტანამოს ციხე უნდა დაიხუროს. ხომ არ გაართულებს მისი დახურვა და დაკითხვის მკაცრ მეთოდზე უარი აშშ-ის ბრძოლას ექტრემისტების წინააღმდეგ? მის მისიას ერაყსა და ავღანეთში?

ამერიკელი გენერალი ამ შეკითხვაზე საპასუხოდ გამოთქვამს აზრს, რომ, მთლიანობაში, ეს ნაბიჯები დაეხმარება მისიას. “დიდი ხანია - მოსმენებზე გამოსვლისას, თუ დოქტრინის დაწერისას დახმარების დროს - გამოვთქვამ მხარდაჭერას დაკითხვის ისეთი მეთოდებისადმი, რომლებიც სრულად შეესაბამება ჟენევის კონვეცნიებს. და ერაყში სამხედრო ოპერაციის ადრეულ ეტაპზე, სამხედრო შენაერთის სარდლობისას, მალევე ჩამოვაყალიბეთ წესები, რათა ჩვენს ჯარისკაცებს სცოდნოდათ, რომ საჭიროა ამ წესების დაცვა. რაც შეეხება გუანტანამოს, ვფიქრობ მისი დახურვა ისე, რომ ეს უპასუხისმგებლოდ არ მოხდეს, მნიშვნელოვან სიგნალს უგზავნის მსოფლიოს - ისევე როგორც შეერთებული შტატების ვალდებულება, დაიცვას ჟენევის კონვენციები, როცა საქმე დაკავებულებთან მოპყრობას ეხება”, ამბობს გენერალი დევიდ პეტრეუსი.

გუანტანამოს დახურვის საკითხზე საუბრისას, ამერიკელმა გენერალმა პასუხსიმგებლობა ახსენა. საქმე ეხება ამოცანას, სათანადო ადგილი მიეჩინოს გუანტანამოში ამჟამად დაკავებულ პირებს, პასუხი გაეცეს შეკითხვას, საჭიროა თუ არა მათი ნაწილის პატიმრობაში დატოვება.

ასევე მრავალ შეკითხვას უკავშირდება აშშ-ის გეგმა, 20 ივნისამდე გაიყვანოს ამერიკელი ჯარისკაცები ერაყის ქალაქებიდან. ხომ არ მოასწავებს ეს გეგმა საფრთხეს, რომ გაიყვანენ უსაფრთხოების მთავარ კომპონენტს მაშინ, როცა ერაყელ სამხედროებს ჯერ არ შეუძლიათ საკუთარი ძალებით იზრუნონ უსაფრთხოებაზე.

გენერალი პეტრეუსი საპასუხოდ მიუთითებს, რომ ერაყის ქალაქების, მეტიც - მთელი პროვინციების უსაფრთხოებაზე ზრუნვის გადაბარება ერაყელებისთვის არის პროცესი, რომელიც უკვე არაერთი წელია მიმდინარეობს. პრობლემური რჩება დიდი ქალაქები, მათ შორის ბაღდადი და მოსული. მაგრამ, დასძენს ამერიკელი გენერალი, იქაც დაწყებულია უსაფრთხოებაზე ზრუნვის ერაყელებისთვის ჩაბარების პროცესი. გენერალ პეტრეუსის შეფასებით, ექსტრემისტების იერიშები მომავალშიც განხორციელდება, რადგან ალ-ყაიდა კვლავაც ცდილობს ერაყში დაპირისპირების წაქეზებას.

“თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ მიუხედავად ასეთი ტრაგიკული დანაკარგებისა, (თუნდაც გასულ კვირაში, ბაღდადში თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად), ძალადობის დონე მკვეთრად არის შემცირებული”, აღნიშნავს აშშ-ის უმაღლესი სარდლობის ხელმძღანელი. მას შთამბეჭდავი სტატისტიკა მოჰყავს: 2007 წელს ერაყში დღეში, საშუალოდ, 160 თავდასხმის შემდეგ - ბოლო 5-6 თვის მანძილზე დღეში 10-15 თავდასხმა აღირიცხება.

დაბოლოს, ავღანეთზე. აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო მისიის მიზანია, ავღანეთი აღარასოდეს გახდეს ალ-ყაიდის ან სხვა ექსტრემისტული ორგანიზაციების დასაყრდენი, თუ თავშესაფარი. ამ ამოცანის განსახორციელებლად კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ავღანელების კეთილგანწყობის მოპოვებას. არადა, მეამბოხეების წინააღმდეგ მიმართულმა საჰაერო იერიშებმა სამოქალაქო პირების სიცოცხლეც შეიწირა, რაც ბუნებრივია, მოსახლეობაში უარყოფით რეაქციას, ამერიკელებისა და მათი მოკავშირეებისადმი მწვავე კრიტიკას იწვევს.

გენერალი პეტრეუსი აღნიშნავს, რომ აცნობიერებს ამ პრობლემას, მაგრამ იმავდროულად მიუთითებს ვითარების სირთულეზე - თალიბანს, მისი განმარტებით, სამოქალაქო პირების ფარად გამოყენება, ან მათზე თავდასხმის პროვოცირება სჩვევია. პეტრეუსის თქმით, “არის შემთხვევები, როგორც რამდენიმე კვირის წინ მოხდა დასავლეთ ავღანეთში, როცა უდანაშაულო სამოქალაქო პირები დაიღუპნენ, საკმაოდ დიდი რაოდენობით. ჩვენ რიცხვებზე დავას არ ვაპირებთ. საჭიროა, დავადგინოთ, როგორ მივაღწიოთ წინსვლას და თავიდან როგორ ავიცილოთ ასეთი შემთხვევები, როგორ დავიყვანოთ ისინი მომავალში აბსოლუტურ მინიმუმამდე”.
XS
SM
MD
LG