Accessibility links

logo-print
26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საქართველოს რეგიონებში მცირე სადღესასწაულო ღონისძიებებით აღნიშნა. თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ეს დღე ტრადიციული პომპეზურობით არ გამოირჩეოდა. უფრო მეტს ჩვენი კორესპონდენტებისგან შეიტყობთ.


დათო მჭედლიძე, რუსთავი

რუსთაველებისთვის წლევანდელი 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ერთი რიგითი გამოსასვლელი დღისგან არაფრით იყო გამორჩეული:

არც ქალაქის თვითმმართველობას, არც სხვა რომელიმე დაწესებულებას დამოუკიდებლობის დღე არ აღუნიშნავს და განსაკუთრებულიც არაფერი დაუგეგმავს - არც ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას, ძეგლთან გვირგვინის მიტანა და არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჯარისკაცების მემორიალთან მისვლა.

რუსთავის ქუჩებში დროშებიც კი არ იყო გამოფენილი, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა.

ერთადერთი ღონისძიება, რომელიც რუსთავში, ისიც თვითმმართველობის შენობაში, ადგილობრივი საკრებულოს სახელით ჩატარდა, სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოება იყო.

რუსთავის საკრებულოს წევრის, ლეილა აფციაურის, ცნობით, საკრებულო 81 წარჩინებულ კურსდამთავრებულს სამახსოვრო სიგელებს და ხატებს გადასცემს.

კურსდამთავრებულთა დაჯილდოებამდე თვითმმართველობის შენობაში, რომლის ერთი ნაწილი ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას უკავია, ერთობ ხალვათობა იყო - იქ მხოლოდ დაცვის პოლიციის სამი თანამშრომელი და რუსთავის მერი მამუკა ჩიქოვანი იმყოფებოდა. ამ დროს გუბერნატორი დავით კირკიტაძე მარნეულში მიემგზავრებოდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება, რუსთაველი კოლეგებისგან განსხვავებით, 26 მაისის საზეიმოდ აღნიშვნის სამზადისში იყო.

მარნეულის რაიონის გამგებლის ზაზა დეკანოიძის განცხადებით, დღეს მარნეულის რაიონში საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება: გაიმართება კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები, ბოლოს - ბანკეტი.

ზეიმში ბაქოდან ჩამოსული მაღალი დელეგაციაც მონაწილეობს.

დღეს ოპოზიციას რუსთავსა თუ ქვემო ქართლის სხვა დასახლებულ პუნქტებში არ უაქტიურია - ის კი არა, როგორც ნინო ბურჯანაძის პარტიის, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“, ქვემო ქართლის კოორდინატორმა ივანე შათირიშვილმა განაცხადა, მათ ახლა ქვემო ქართლისთვის ნამდვილად არ სცხელათ, პარტიის მთელი შემადგენლობა ახლა თბილისშია მობილიზებული.

როგორც ეტყობა ოპოზიციის ამ გეგმამ განაპირობა, რომ რუსთავის ქუჩებში საპატრულო პოლიციის სიჭარბე არ შეინიშნებოდა. ისე კი, თვითმმართველობის შენობის დაცვის ერთ წარმომადგენელს რადიო თავისუფლებასთან საუბარში წამოსცდა, რომ პოლიციის ადგილობრივი სტრუქტურები დღეს ყაზარმულ მდგომარეობაზეა გადაყვანილი.


ხათუნა გოგაშვილი, თელავი

კახეთიდან მოქალაქეთა ნაწილი დღეს დედაქალაქში მიმდინარე აქციებს შეუერთდა. როგორც `დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის~ თელავის რაიონული შტაბის ხელმძღვანელმა ფიქრია ყუშიტაშვილმა განაცხადა, 26 მაისს მისთვის და ოპოზიციის ყველა მხარდამჭერისთვის ორმხრივი დატვირთვა აქვს:

"ერთი ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და განსაკუთრებულ ემოციას და განცდას უკავშირდება - ასე ვართ თითოეული ჩენგანი განწყობილი. რაც შეეხება მიტინგს, დღევანდელ დღეს იქნება წარმოდგენილი არა მხოლოდ ქართული ოპოზიციური სპექტრი, არამედ ქართული საზოგადოებრიობა, ყველა ის ადამინი რომელიც განიცდის თავისი ქვეყნის მომავალს და თავისი ქვეყნის დღევანდელობას."

მოსახლეობის ნაწილმა კი კახეთში საქართველოს დამოუკიდებლოს დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე დასწრება გადაწყვიტა. ტრადიციული ღონისძიებები კი, როგორც გუბერნატორის მოადგილე გიორგი სიბაშვილმა განაცხადა, მთელი დღის განმავლობაში ყველა რაიონში იმართება:

"სიღნაღში დღის განმავლობაში იმართება გამოფენა, მუსიკა,შეხვედრები. თელავში, მაგალითად, 20 საათზე გაიხსნება ნადიკვრის პარკი და კონცერტი ჩატარდება. სიმბოლურად ყველა მუნიციპალიტეტში აღინიშნება დამოუკიდებლობის დღე."

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყველაზე დიდი დღესასწაულია ჩემი რესპოდენტის, აკაკი მჭედლიშვილისთვის:

"ამ დღეს განსაკუთრებული განცდა მაქვს. 1918 წელს შევძელით და დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა, მე-20 საუკუნის ბოლოს შევძელით კიდევ დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს ყველაზე დიდი სიამაყის განცდაა."

მართალია, აკაკი მჭედლიშვილი აქციაზე არ წასულა, მაგრამ ამბობს, რომ ძლიერი ოპოზია ქყვეყნისთვის აუცილებელია, თუმცა აქვე იმასაც დასძენს, რომ მიმდინარე აქციებმა რიგითი მოქალაქეები არ უნდა აზარალოს:

"ოპოზიცია რაც ძლიერია, ხელისუფლებაც ძლიერია. ამიტომ ხშირად უნდა შეახსენოს თავი ხელისუფლებას, რომ არ ჩათვლიმოს, რადგან ეს თვლემა შემდგომ ძალიან ძვირად უჯდება ქვეყანას. როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, ვფიქრობ, აქციები ყველგან მისაღებია, მაგრამ ის არ უნდა გასცდეს იმ ფარგლებს, რაც მერე გაგვიუარესებს მდგომარეობას ჩვენ, რიგით მოქალაქეებს, თუნდაც იმავე გზების პიკეტირებით."

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კახეთში დღის ბოლოს დასრულდება. ოპოზიციის მხარდამჭერები კი, რომლებიც აქციაზე დედაქალაქში დღეს დილით გაემგზავრნენ, მოვლენების განვითარების შესაბამისად მიიღებენ გადაწყვეტილებას, როდის დაბრუნდნენ კახეთში.


ნინო ღაჭავა, ქუთაისი

ქუთაისის მერიამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე კულტურულ_სპორტული ღონისძიებებით აღნიშნა.შეჯიბრი ფარიკაობაში, მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, საგალობლების ფესტივალი თვითმმართველობის მიერ ჩატარებული ღონისძიებების მცირე ჩამონათვალია. დღის ბოლოს ქალაქის ცენტრში, დავით აღმაშენებლის მოედანზე, ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით, კონცერტიც გაიმართა.

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა მოსახსენიებლად პარაკლისი გადაიხადა და შენდობის ლოცვა წაიკითხა. Pპარაკლისს, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოპოზიციის ის ნაწილიც დაესწრო, რომელიც თბილისში დაგეგმილ აქციაზე არ გაემგზავრა. მათ მოგვიანებით მერაბ კოსტავას ძეგლი ყვავილებით შეამკეს.

ქუთაისური ოპოზიციის ლიდერების უმრავლესობა კი მხარდამჭერებთან ერთად თბილისში გამართულ აქციას შეუერთდა.

კითხვაზე, თუ როგორ უნდა აღინიშნებოდეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ქუთაისელებს განსხვავებული პასუხები აქვთ, თუმცა ყველა ფიქრობს, რომ ამ დღეს პომპეზურობა არ უხდება, მით უფრო ახლა, როცა ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა.

წლევანდელი 26 მაისი განსხვავებულია, რადგან საზეიმო განწყობა შეცვალა მოლოდინმა, რა იქნება ხვალ.


ნატა იმედაიშვილი, ბათუმი

დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოსა და აჭარის დროშები ბათუმში დღეს მხოლოდ ადმინისტრაციულ შენობებზეა გადმოფენილი. მრავალსართულიანი სახლების აივნებზე გადმოფენილი დროშები, რაც აქამდე ტრადიცია იყო, დღეს იშვიათი შემთხვევაა. როგორც პროფესორი იური ბიბილეიშვილი ამბობს, გასულ წლებთან შედარებით, დღეს განწყობაც სხვაგვარია.

თუმცა 26 მაისს ტრადიციად ქცეული იუნკრების საფლავის გვირგვინებით შემკობა დღეს შესრულდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულებს პატივი მიაგო და საქართველოს მოსახლეობას დღევანდელი დღეც მიულოცა.

მაგრამ ერთმა ბათუმელმა ქალბატონმა, Lლეილა აბესაძემ, რადიო თავისუფლებასთან საუბარში გულისტკივილით აღნიშნა, რომ 26 მაისს ხელისუფლებასა და საზოგადოებას მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია დაავიწყდა - დღეს სკვერში, რომელიც ჩვენი დიდი მამულიშვილების სახელს ატარებს, არავინ მისულა და ყვავილი არ მიუტანია. სამწუხაროა, რომ დღეს ქართველებს ბევრი რამ გვავიწყდება, - აღნიშნა Lლეილა აბესაძემ.

ის, რომ საზოგადოება ორ ნაწილად არის გაყოფილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ მახარაძემაც აღნიშნა - მას არ მოსწონს, რომ ფასეულობებს ქართველები არ უფრთხილდებიან. პოეტ ვახტანგ ღლონტის შეფასებით, ქართველები რომ ბარიკადების სხვადასხვა მხარეს დგანან, ძალიან დასანანია. მაგრამ მთავარია, მიზანი იყოს ერთი.

როგორც ცნობილი გახდა, 26 მაისი აჭარაში მხოლოდ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ღონისძიებებით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას არ იღებს ოპოზიცია - ისინი დღეს დედაქალაქში იმყოფებიან და ამბობენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნა ეროვნული სტადიონიდან იწყება.
XS
SM
MD
LG