Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პარლამენტი და სკანდალი, რომელსაც დასასრული არ უჩანს


ლონდონი: პარლამენტის შენობა
ლონდონი: პარლამენტის შენობა
ორ კვირაზე მეტია, ბრიტანეთი მოცულია სკანდალით, რომელიც ყოველდღიურ კონსერვატიულ გაზეთ “დეილი ტელეგრაფის” ერთი პუბლიკაციით დაიწყო. მისი და გაზეთის მომდევნო ნომრების მეშვეობით მკითხველმა შეიტყო, რომ ბრიტანელი პარლამენტარები გადასახადების გადამხდელთა ფულს ხარჯავდნენ პირად კომფორტზე - მაგალითად, პლაზმური ტელევიზორის, ძაღლის საჭმლისა თუ ტუალეტის უნიტაზის დასაჯდომის შესაძენად, მეგობარ ქალთან ერთად ფეშენებელურ სასტუმროში დასასვენებლად, საცურაო აუზის შესაკეთებლად. ჩამონათვალი გრძელია, ბრიტანელების აღშფოთება კი იმდენად დიდი, რომ, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, უმრავლესობა მოითხოვს დაუყოვნებლივ ვადამდელ არჩევნებს.

დასკვნა ერთსულოვანია: ბრიტანეთის პარლამენტი მოიცვა კრიზისმა, რომლის მსგავსიც თაობებს აღარ ახსოვთ. თითქმის ყოველ დღე მჟღვანდება ახალ-ახალი დეტალები იმისა, თუ როგორ ფარავდა პარლამენტარების ნაწილი (მათ შორის ყველა პარტიის წარმომადგენლები არიან) ყოველღდიურ ხარჯებს გადასახადების რიგითი გადამხდელების ფულით, ზოგჯერ კი თაღლითობის ზღვრამდე, შესაძლოა კიდევ უფრო შორსაც მიდიოდა. ეს უკვე სასამართლომ უნდა დაადგინოს.

ჩვენი რადიოს აღმასრულებელი რედაქტორის, ბრიტანელ პუბლიცისტ ჯონ ო’სალივანის დაკვირვებით, არა-ბრიტანელების რეაქცია სკანდალზე ხშირად სარკაზმია, თუმცა არა მარტო სარკაზმი... ო’სალივანის თქმით, მასთან საუბარში რამდენიმე ადამიანს აქვს გამოთქმული წუხილი სკანდალის გამო. თუმცა “შეწუხებულები” როგორც წესი უცხოელები არიან, მათ შორის ჟურნალიტებიც...

ო’სალივანის თქმით, “ბრიტანელებში ეს ამბავი სირცხვილის გრძნობას უფრო იწვევს, ვიდრე წუხილს”. ხოლო უცხოელებს შორის, ვისაც მასთან საუბარში სკანდალის გამო წუხილი გამოუთქვამს, არიან ადამიანები, “ყველაზე უფრო ცინიკური და ილუზიებისაგან თავისუფალი საქმით რომ არიან დაკავებული - ჟურნალისტიკით”. წესით, ჟურნალისტებისთვის ხომ მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო კორუფცია პოლიტიკაშიო?

ამ რიტორიკულ შევითხვას ო’სალივანი კიდევ ერთს უმატებს: რატომ არიან უცხოელი ჟურნალისტები ასე დამწუხრებული იმ ფაქტით, რომ ბრიტანელმა პარლამენტარებმა გადასახადების გადამხდებელისაგან ათასობით გირვანქა სტერლინგი მიითვისეს გაუმართლებელი ხარჯებისთვის? ო’სალივანი თვითონვე უპასუხებს ამ შეკითხვას შეფასებით, რომ “როგორც ირკვევა, ჩვენს შორის ყველაზე ცინიკურებსაც კი აქვთ იდეალები და არა მარტო იდეალები, არამედ იმავდროულად იდეალიც”. ხოლო ბევრისთვის უცხოეთში, მათ შორის უცხოელი ჟურნალისტებისთვის, იდეალია (დემოკრატიის იდეალი) ბრიტანეთის პარლამენტი. ის განასახიერებს იდეალურ დემოკრატიულ ორგანოს - ცხარე დებატებით, სამართლიანი გადაწყვეტილებებით, პატიოსანი წევრებით...

თუმცა, რა პატიოსნებაზეა ლაპარაკი? “დეილი ტელეგრაფის” ერთ-ერთი ბოლო ნომერი გვამცნობს, რომ პარლამენტარმა კონსერვატიული ფრაქციიდან ოთხი წლის მანძილზე 17 000 ათასი გირვანქა სტერლინგი დახარჯა (გადასახადების გადახმდელთა ფულიდან) ბინის მოსაწყობად, მაგალითად, 4 საწოლის, 5 მაგიდის, 2 მტვერსასრუტის, 3 ჩაიდნის, 5ი პირსახოცის შესაძენად... ყველა ასეთი ამბავი, რომელთაც “დეილი ტელეგრაფი” აქვეყნებს მას შემდეგ, რაც ხელში ჩაიგდო პარლამენტართა დაფინანსების შესახებ ინფორმაციის ამსახველი დისკი, მიმომხილველების შეფასებით, მძიმე დარტყმას ნიშნავს ბრიტანული დემოკრატიისთვის.

შეძლებს უმძიმესი კრიზისით შერყეული პარლამენტი დაიბრუნოს რეპუტაცია გაწბილებული თავყვანისმცემლების თვალში? რიგითი ბრიტანელების თვალში?

ჩვენი რადიოს აღმასრულებელი რედაქტორი, ჯონ ო’სალივანი იხსენებს ბრიტანეთის პარლამენტის ყოფილი წევრისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის მოსაზრებას, რომ დემოკრატია ურთულეს გამოცდას აბარებს არა იმით, რომ თავიდან იცილებს სკანდალს, რაც შეუძლებელია, არამედ იმით, თუ როგორ უმკლავდება მას. მაშ ასე: როგორ უმკლავდება საპარლამენტო სკანდალს ბრიტანეთი?

სკანდალის ჯერ-ჯერობით ყველაზე გახმაურებული შედეგი გახდა პარლამენტის სპიკერის, მაიკლ მარტინის გადადგომა: - ასეთი რამ ბრიტანეთში არ მომხდარა 1695 წლის შემდეგ! საქმე ეხება ისტორიულ ნაბიჯს, მაგრამ, ის საკმარისი არ არის...

მოსახლეობაში გაისმის ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, დეპუტატების ნაწილი მიზანშეწონილად მიიჩნევს პარლამენტზე პარლამენტგარეშე უწყების კონტროლის დაწესებას, კონსერვატიული პარტიის ლიდერი დევიდ კამეორნი გამოდის ინიციატივით, რომელიც მასშტაბურ პოლიტიკურ რეფორმას ითვალისწინებს.

ჩვენი რადიოს აღმასრულებელ რეადქტორი ჯონ ო’სალივანი აღნიშნავს, რომ რამდენიმე პარლამენტარი თვითონვე გადადგა, ზოგი კი მისმა პარტიულმა ლიდერმა გადააყენა. მიმდინარეობს თაღლითობაში შესაძლო ბრალდებების განიხილვა და ადვილი შესაძლებელია, რამდენიმე პარლამენტარი ციხეში აღმოჩნდეს. და მაინც, პარლამენტართა უმრავლესობა სავარძლებს ებღაუჭება - შედეგი კი ის არის, რომ საზოგადოების აღშფოთება არ ნელდება. ო’სალივანის შეფასებით, “სანამ ლეიბორისტებისა და კონსერვატორთა ლიდერები, გორდონ ბრაუნი და დევიდ კამერონი მეტ დეპუტატს არ აიძულებენ გადადგომას, თითქმის დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩევლები მომავალში აირჩევენ პარლამენტარებს, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან უესტმინსტერში ამჟამად მყოფთაგან”.

დღეს ძნელი სათქმელია, ვის გაუღიმებს ბედი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ისარგებლებენ თუ არა ამჟამინდელი კრიზისით მომცრო პარტიები. (აქვე უნდა ითქვას: უესტმინსტერი, ლონდონის იმ უბნის სახელწოდება, რომელშიც საკანონმდებლო ორგანო მდებარეობს, პარლამენტის სინონიმად გამოიყენება).
კანონით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს მომავალი წლის ზაფხულისა. ზუსტი თარიღის განსაზღვრა პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნზეა დამოკიდებული და ის ჯერ-ჯერობით ეწინააღმდეგება ვადამდელი არჩევნების იდეას. საზოგადოებრივი აზრის არაერთი გამოკითხვის შედეგებით, ბრიტანეთის შემდეგი პრემიერ-მინისტრი ბრაუნის მეტოქე, ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის ლიდერი დევიდ კამერონი გახდება.
XS
SM
MD
LG