Accessibility links

logo-print

როგორი იქნება ოპოზიციის შემდგომი ნაბიჯი


გია გაჩეჩილაძე (უცნობი) ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე

გია გაჩეჩილაძე (უცნობი) ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე

26 მაისი ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე აღნიშნეს და შემდეგ მსვლელობით სამების ტაძრისაკენ გადაინაცვლეს. ოპოზიციამ დღეს განაცხადა, რომ 40 დღიანი რთული გზა ძალიან მალე დასრულდება. სტადიონზე შეკრებილ 60 000 მოქალაქეს ოპოზიციის ლიდერებმა თავიანთ მიერ მიღებული ვალდებულების ქარტია გააცნეს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის, აღნიშვნა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, სადაც 60 000 ადამიანი ეტევა და რომელიც ბოლომდე გაივსო, საქართველოს ჰიმნით დაიწყო.

ოპოზიციის მომხრეებით ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი მთლიანად შეივსო
მომღერალ ნატო მეტონიძესთან ერთად საქართველოს ჰიმნი სტადიონზე შეკრებილმა - ძირითადად, თეთრ ტანსაცმელში ჩაცმულმა - მოქალაქეებმაც იმღერეს. აქციას თავად ჰიმნის ტექსტის ავტორი, პოეტი დავით მაღრაძე უძღვებოდა.

მოქალაქეებმა და ოპოზიციის ლიდერებმა სტადიონზე შეკრება დღის თორმეტი საათიდან დაიწყეს. ყველა ლიდერის გამოჩენას ხალხი სკანდირებით ხვდებოდა.

სავსე სტადიონის შემყურე პოლიტიკოსები 26 მაისს საკუთარი ძალების მობილიზების დღედ აფასებდნენ და ამბობდნენ, რომ ხელისუფლებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს, თუ რა ძალაა ეს ძალა.

”ეს ჩვენი ბრძოლის ერთ-ერთი დღეა, დღეს არის ძალების დათვალიერების დღე”, - გვითხრა ”ხალხის პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა.

ნინო ბურჯანაძე
”დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ კი ეს დღე გარდამტეხ დღედ შეაფასა და თქვა, რომ 26 მაისის შემდეგ ოპოზიციის ყველა ქმედება გაცილებით მწვავე იქნება, იმიტომ რომ, მისი სიტყვებით, ასეთია ხალხის ნება:

”ჩვენი ბრძოლა დღეის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდება, მეთოდები იქნება კვლავ მშვიდობიანი, მხოლოდ კონსტიტუციური, მაგრამ იქნება ძალიან ეფექტური.”

პოლიტიკური ბრძოლა მშვიდობიანია ფორმით და სამი ძირითადი მიმართულებით გრძელდება ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერის ირაკლი ალასანიასთვისაც:

”პირველი, ეს არის შედეგზე ორიენტირებული საპროტესტო აქციების წარმართვა, მეორე - სერიოზული მოლაპარაკების ხელშეწყობა და, მესამე, საერთაშორისო საზოგადოების ჩართვა როგორც მოლაპარაკების პროცესში, ასევე შესაძლო მიღწეული შეთანხმებების გარანტორებად.”

ახალი, რაც 26 მაისს შეკრებილმა ადამიანებმა ოპოზიციისგან მოისმინეს, ორი რამ იყო. პირველი, რაც ახლების ლიდერმა დავით გამყრელიძემ მათ აცნობა, ის არის, რომ ხელისუფლების წასვლის შემდეგ გარდამავალი მთავრობა უნდა დაინიშნოს, რომელიც დანიშნავს არჩევნებს, მაგრამ თავად არ მიიღებს მონაწილეობას. ხოლო მეორე სიახლე ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას მიერ წაკითხული ვალდებულების ქარტია გახლდათ:

ოპოზიციის ლიდერები სტადიონზე შეკრებილ მომხრეებს მიმართავენ
”ამ ქარტიით ვიღებთ ვალდებულებას, რომ უზრუნველვყოფთ დამოუკიდებელ და სამართლიან არჩევნებს, დამოუკიდებელ სასამართლოს, თავისუფალ მედიას, პოლიციის საზოგადოებრივ კონტროლს, საკუთრების უფლებას, სახელისუფლო შტოებს შორის ბალანსის დაცვას, გაწონასწორებულ საგარეო პოლიტიკას. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ მივიყვანთ ამ ბრძოლას გამარჯვებამდე.”

პოლიტიკური გამოსვლების დროს ოპოზიციის ლიდერები დროდადრო ხალხს იმ მთავარ კითხვასაც უსვამდნენ, რასაც ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები, 9 აპრილიდან მოყოლებული, აპროტესტებენ. ეს კითხვა - სურთ თუ არა მათ სააკაშვილი პრეზიდენტად, კიდევ ერთხელ დასვა კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა. ხალხის პასუხი კვლავ ”არა ” იყო.

სტადიონზე შეკრებილ ხალხს ”ეროვნული ფორუმის” ლიდერმა გუბაზ სანიკიძემაც მიმართა, რომლის ტაქტიკაც ხვალიდან რეგიონების მოსახლეობის მობილიზება და მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩართვა იქნება. ის აფხაზებსა და ოსებს მიესალმა. 60 000 კაცი ერთად სკანდირებდა: ”გაუმარჯოს აფხაზებს! გაუმარჯოს ოსებს!”.

დაკარგული ტერიტორიები თავის გამოსვლაში ირაკლი ალასანიამაც ახსენა და თქვა, რომ ნამდვილ დამოუკიდებლობას საქართველო სწორედ იმ ხალხის, იმ მიწის დაბრუნების შემდეგ იზეიმებს.

ოპოზიციის მომხრეთა მსვლელობა სამების ტაძრისკენ
”საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა კი 26 მაისს თქვა, რომ ეს 40 დღიანი რთული გზა უნდა დასრულდეს.
სტადიონიდან ხალხი, ოპოზიციის ლიდერებთან ერთად, სამების ტაძრისაკენ დაიძრა. ”უცნობმა”-გია გაჩეჩილაძემ, რომელიც დასავლეთ საქართველოდან შეუერთდა აქციას, ხალხს უთხრა, რომ ახლა რჩევა უახლოესი მოქმედების შესახებ პატრიარქს უნდა ჰკითხონ.
XS
SM
MD
LG