Accessibility links

logo-print

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა


საქართველოს პარლამენტი - 1918 წელი

საქართველოს პარლამენტი - 1918 წელი

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 91 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა ორმა დიდმა მოვლენამ - მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩასახულმა ეროვნულმა მოძრაობამ და პირველმა მსოფლიო ომმა - განაპირობა. ისტორიკოს ვახტანგ გურულის თქმით, რომ არა ამ ფაქტორების თანხვედრა, ვერც საქართველო და ვერც რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილი სხვა ერები დამოუკიდებლობას ვერ მოიპოვებდნენ:

„პირველმა მსოფლიო ომმა რუსეთის სახელმწიფო მიიყვანა კრიზისამდე, რომელიც დამთავრდა 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციითა და რომანოვების დინასტიის აღსასრულით“, - განაცხადა ვახტანგ გურულმა. - „შესაბამისად, ამ იმპერიაში მცხოვრებმა დაპყრობილმა ერებმა მიიღეს იმისი წინაპირობა, აღედგინათ დამოუკიდებლობა. ქართველი ერი აღმოჩნდა ერთ-ერთი იმ რამდენიმე ერს შორის, რომელმაც შეძლო დაეგვირგვინებინა ეს 1921 წლის 26 მაისს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენით.“
ვახტანგ გურული არ იზიარებს აზრს, რომ 1918 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობის წყალობით მოხდა, თუმცა ქართველ ისტორიკოსთა ნაწილი ამტკიცებს, რომ მაშინდელი პოლიტიკური ელიტა ფსიქოლოგიურად არ იყო მზად დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის. ისტორიკოსი ბონდო კუპატაძე იხსენებს იმ ფაქტს, თუ რა ძალისხმევა დასჭირდა საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, აკაკი ჩხენკელს, რათა ეროვნული საბჭო დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე დაეყოლიებინა:

„დეპეშას დეპეშაზე უგზავნიდა ბერლინიდან და მოითხოვდა ნოე ჟორდანიასა და სხვა პარტიული კოლეგებისაგან გამოეცხადებინათ დამოუკიდებლობა. ირაკლი წერეთელმა, რომელიც ყველაზე მემარცხენე იყო ქართველ სოციალ-დემოკრატებში, როცა დეპეშა წაიკითხეს და საბოლოოდ გადაწყვიტეს დამოუკიდებლობის გამოცხადება, თავში ხელი წაიშინა და დაიწყო ყვირილი, რას შვრებით, თქვენ ღუპავთ რუსულ დემოკრატიასო, როგორ შეიძლება, ჩვენ ვღალატობთ ჩვენს მოძმე რუსულ დემოკრატიას და მათ ვტოვებთ ბოლშევიკების სათარეშოდ, ეს როგორ შეიძლებაო.“
საბოლოო ჯამში, როგორც უკვე ვთქვით, ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა დამოუკიდებლობა მაინც გამოაცხადეს. თავდაპირველად, დასავლეთის ქვეყნები თავს იკავებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიული აღიარებისგან, თუმცა ვითარება მკვეთრად შეიცვალა 1920 წლის 7 მაისის, ანუ რუსეთის მიერ საქართველოს აღიარების, შემდეგ. 1921 წლის თებერვლამდე საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპის თითქმის ყველა წამყვანმა ქვეყანამ ცნო, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არასრული სამი წელი იარსება. ვახტანგ გურულის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობა დიდ პოლიტიკურ თამაშს ემსხვერპლა:
„ქართველებმა რომ დამოუკიდებლობა ვერ შევინარჩუნეთ, ეს იმას კი არ ნიშნავდა, რომ, ვთქვათ, ლატვიელებზე, ლიტველებზე და ესტონელებზე ნაკლებად მომზადებული ვიყავით ამისათვის. დიდმა პოლიტიკამ ინება მაშინ ისე, რომ დასავლეთმა ევროპამ (ანტანტის ქვეყნებმა) არ დაუშვა რუსეთის აგრესია ბალტიისპირეთში და დაიცვა ეს ტერიტორია, ხოლო, რუსეთისა და დასავლეთის სამყაროს გარიგებით, სამხრეთი კავკასია აღმოჩნდა ის რეგიონი, რომელიც ევროპის დიდმა სახელმწიფოებმა დაუთმეს საბჭოთა რუსეთს.“

საბჭოთა რუსეთმა თბილისი 1921 წლის 25 თებერვალს დაიკავა.ისტორიკოს ბონდო კუპატაძის თქმით, დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, უნიათობას ამჟღავნებდა, ჯერ თბილისი, მოგვიანებით კი საქართველოს ტერიტორია დატოვა:
„ერთი დადებითი მაინც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას არანაირი იურიდიული საბუთი არ დაუტოვებია იმისა, რომ მან ძალაუფლება გადასცა რომელიმე სხვა ძალას. ანუ საქართველოში ბოლშევიკების შემოჭრა დაფიქსირდა როგორც ოკუპაცია და, საერთაშორისო სამართლით, ეს იყო ოკუპაცია“, - განაცხადა ბონდო კუპატაძემ.
ოკუპაციის ფაქტის დაფიქსირებამ მნიშვნელოვნად გააადვილა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ამ და სხვა არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნოდარ ნათაძე, ამბობს, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართველი ერი გაცილებით რთული ამოცანის წინაშე იდგა:
„მონარქიული იმპერიის დამსხვრევა და იქიდან საქართველოს გამოხსნა ბევრად უფრო ძნელი ამოცანა იყო, ვიდრე საბჭოთა იმპერიის დანგრევა, იმიტომ რომ მონარქიას იმდროინდელი ნორმებით, ლეგიტიმურობა მოსდევდა. ეს იყო დინასტია, რომელსაც დაპყრობილი ჰქონდა გარკვეული ტერიტორიები და ითვლებოდა, რომ დაპყრობის შედეგი არის კანონიერი ფლობა. ახლა ეგრე აღარ ითვლება“, - განაცხადა ნოდარ ნათაძემ.

და მართლაც, გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველომ შეძლო დაშლის პირას მისული საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევა. 70-წლიანი ტყვეობის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ეროვნულმა ძალებმა, 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინეს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინა დემოკრატიული რესპუბლიკის ყველა სახელმწიფო სიმბოლიკა, თუმცა 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ საქართველომ უარი თქვა პირველი რესპუბლიკის დროშაზე, ღერბსა და ჰიმნზე. ეს უკანასკნელი ახალი თაობის პოლიტიკოსებმა ტექსტისა და მელოდიის სირთულის გამო დაიწუნეს.
XS
SM
MD
LG