Accessibility links

logo-print
თითქმის ნახევარწლიანი ლოდინის შემდეგ საქართველოს უკვე აქვს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომლითაც ქვეყანამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია უნდა განაგრძოს. დოკუმენტი კონკრეტულ ვადებს უწესებს საქართველოს იმ სახელმწიფოებრივი რეფორმების განსახორციელებლად, რომლის არასათანადო შესრულების შემთხვევაში ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, შესაძლოა, მრავალწლიან რუტინად იქცეს.

ორშაბათს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რობერტ სიმონსმა, უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრისაგან ჩაიბარა საქართველოს მიერ მომზადებული ყოველწლიური ეროვნული პროგრამა. დოკუმენტი კლასიფიცირებულია, თუმცა ცნობილია ყველა ის ხუთი სფერო, რომელთა რეფორმირებაში მიღწეული წარმატებები სავალდებულოა ნებისმიერი ქვეყნისათვის. ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის თენგიზ გოგოტიშვილის თქმით, ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნად კვლავ დემოკრატიული რეფორმები რჩება:

”გათვალისწინებულია ყველაფერი, სამხედრო თანამშრომლობით დაწყებული და სამხედრო რეფორმით გაგრძელებული. ამ დოკუმენტში ერთ-ერთი წამყვანი თემაა დემოკრატიული ცვლილებები და საზოგადოების პოლიტიკური ცვლილებები, რაც ქვეყანაში უნდა გატარდეს, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ეს დოკუმენტი არის მაპის მაპი.”

MAP, ანუ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, საქართველოსათვის დიდ გზაზე შემდგომი ნაბიჯია, რასაც ალიანსში გაწევრიანება ჰქვია და რაც 1994 წელს PFP - ”მშვიდობისათვის პარტნიორობის პროგრამის” -ხელმოწერით დაიწყო. საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ განსაკუთრებით 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდგომ გაძლიერდა, როდესაც ხელი მოეწერა ”ინდივიდუალური პარტნიორობის” საკმაოდ ამბიციურ გეგმას. დიდი მოლოდინების მიუხედავად, ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა 2008 წლის აპრილში უარი უთხრეს საქართველოს სამოქმედო გეგმის მიცემაზე. თუმცა ქვეყანამ მიიღო გარანტია, რომ აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი, თუკი დარჩება ევროპული ფასეულობებისა და დემოკრატიის ერთგული. სამხედრო ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის თქმით, ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ამოქმედება მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსათვის, თუმცა საჭიროა მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დაძლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, შესაძლოა, მრავალწლიან რუტინად იქცესო, - ამბობს ირაკლი სესიაშილი:

”ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პოლიტიკური მომწიფება არ არის საკმარისი. ხოლო დემოკრატია უცხო ხილია ჩვენი ქვეყნისათვის. ამიტომ ნატო დაიკავებს იმ პოზიციას, რაც მანამდე ეკავა, როცა ითხოვდა ჩვენგან მნიშვნელოვან რეფორმებს.”

ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში საქართველოს ხელისუფლებამ ივალდებულა, რომ გააძლიერებს ქვეყანაში დემოკრატიულ რეფორმებს, განავითარებს საბაზრო ეკონომიკას, უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების დაცვას და შექმნის ევროპული ტიპის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებს. მაგრამ ამ რეფორმებისათის საჭიროა სამოქალაქო თანხმობა და პოლიტიკური კრიზისის დაძლევა. პოლიტოლოგი შალვა ფიჩხაძე არ იზიარებს საზოგადოების იმ ნაწილის დამოკიდებულებას, რომელიც შიშობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირებამ, შესაძლოა, ევროპული ფასეულობების დევალვაცია გამოიწვიოს:

”ჯობია, რომ დაპირისპირება იყოს ორ პრონატოურ ძალას, ან რამდენიმე პროდასავლურ და პრონატოურ ძალებს შორის, ვიდრე პროდასავლურ და ანტიდასავლურ ძალებს შორის, რადგან ალბათობა პროდასავლური ძალის ხელისუფლებაში დარჩენისა უფრო მეტია.”

იმისათვის, რომ მიაღწიოს წარმატებას ეროვნული ყოველწლიური გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, ხელისუფლებას ფულიც ცოტა აქვს და დროც. ამ წლის ბოლოს ნატოს შტაბბინაში მისხალ-მისხალ შეაფასებენ საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაო დავალების ხარისხს. სამაგიეროდ, რის ნაკლებობასაც საქართველო ვერ დაემდურება, ეს არის მოსახლეობის მხარდაჭერა. ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დაკვეთით შესრულებულმა ბოლო სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რუსეთ-საქართველოს ომისა და პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მოსახლეობის 61 პროცენტი ნატოში გაწევრიანების მომხრეა.
XS
SM
MD
LG