Accessibility links

logo-print

"პირველი 26 მაისი, რომელიც ქართველმა ხალხმა, თავისივე ორგანიზებით, სააკაშვილის გარეშე ჩაატარა"


პირველი 26 მაისი, რომელიც ქართველმა ხალხმა, თავისივე ორგანიზებით, სააკაშვილის გარეშე ჩაატარა - ასე შეაფასა 2009 წლის 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მიხეილ სააკაშვილის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ. ამ დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებები არ ჩატარებულა - ხელისუფლებამ გაითვალისწინა თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციების მიმდინარეობით შექმნილი სიტუაცია და საზეიმო სამხედრო აღლუმზე უარი თქვა. 26 მაისს იყო არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ ორგანიზებული დიდი შეკრება ეროვნულ სტადიონზე, შემდეგ შეკრებილების მსვლელობა სამების ტაძრისკენ, მიტინგი რუსთაველზე და, ბოლოს, თბილისში სარკინიგზო ხაზების რამდენიმე საათით გადაკეტვა. ხელისუფლება აცხადებდა, რომ მაგისტრალური გზების გადაკეტვას არ დაუშვებდა, მაგრამ სარკინიგზო ხაზების გადაკეტვის აღკვეთა არ უცდია.

საპროტესტო აქციების დაწყებიდან თვე-ნახევრის შემდეგ ამ აქციების ორგანიზატორებმა საკუთარი მხარდამჭერები 26 მაისს თბილისში, ეროვნულ სტადიონზე, ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში გადაყვანისთვის მიიწვიეს. ეროვნული სტადიონი გაივსო. იქ მისულების რაოდენობა, ასევე განწყობა ცხადყოფდა, რომ, აქციების დაწყებიდან კარგა ხნის გასვლის მიუხედავად, ეს ხალხი პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოლოდინით არ დაღლილა.

26 მაისს ეროვნულ სტადიონზე დიდი ოვაციები ახლდა იქ შეკრებილების მთავარი გმირის, მომღერალ გია გაჩეჩილაძის, გამოჩენას. ყველაზე მეტი აპლოდისმენტები სწორედ მან მიიღო, თუმცა ხალხი ასევე ტაშით და შეძახილებით შეხვდა სხვა ლიდერებს.

”თქვენ ვერ შეგაშინეს, თქვენ დაამტკიცეთ, რომ გმირი ხალხი ხართ, ეს არის პირველი 26 მაისი, რომელიც ქართველმა ხალხმა, მისივე ორგანიზებით, სააკაშვილის გარეშე ჩაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის”, - თქვა ნინო ბურჯანაძემ ეროვნულ სტადიონზე სიტყვით გამოსვლისას.

”ზეიმი დადგება მალე - ან დღეს საღამოს, ან ხვალ”, - ეს სიტყვები უკვე ოპოზიციის სხვა ლიდერმა,სალომე ზურაბიშვილმა, წარმოთქვა. რას გულისხმობდა ზურაბიშვილი ნათქვამში, გაუგებარი დარჩა. ისიც და ოპოზიციის სხვა ლიდერებიც საკუთარ მხარდამჭერებს ხომ 9 აპრილისთვის დაგეგმილ დიდ აქციამდე უხსნიდნენ, რომ ამოცანა, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლის ამოცანა, იოლად და მალე ვერ მიიღწეოდა.

26 მაისს, ეროვნული სტადიონის გავსების მიუხედავად, არ ჩანდა ნიშანი იმისა, რომ ეს დიდი შეკრება ხელისუფლებას უკარნახებდა წასულიყო, მაგრამ როცა შეკრებილებს უთხრეს ზეიმი დადგება დღეს საღამოს ან ხვალ დილითო, როცა მათ განუმარტეს, რომ 26 მაისი უნდა ყოფილიყო ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი დღე თვე-ნახევრიან ბრძოლაში, გასაკვირი აღარ იყო ის, რაც შემდეგ მოხდა - ვგულისხმობ ხალხის ემოციებსა და იმედგაცრუებით გამოხატულ აშკარა უკმაყოფილებას ჯერ სამების ტაძრის ეზოში და შემდეგ რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის შენობის წინ. უკმაყოფილება კი გამოიწვია პატრიარქის ქადაგებამ და ქადაგებისას ნათქვამმა: ”თითქოს წესად იქცა ჩვენში: პირველი პრეზიდენტი, მეორე პრეზიდენტი იყვნენ გადაყენებულნი და თქვენ იცით, ამ გადაყენებამ რა მოგვიტანაო”.

როგორც ჩანს, იყო სხვა მოლოდინი, რადგან ქადაგების დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი სტადიონიდან ტაძრის ეზოში წამოსული ხალხის დამშვიდებას ასე ცდილობდა: ”ჩვენ არ ვამთავრებთ ბრძოლას, პატრიარქმა არ მოგვისმინა და მივდივართ პარლამენტის წინ.”

პარლამენტის წინ ლიდერებს უჭირდათ რადიკალური ქმედებებისთვის განწყობილი ხალხის დაშოშმინება იმდენად, რომ, ერთი მხრივ, რუსთაველზე ვითარების განსამუხტავად, მეორე მხრივ კი, ლიდერებზე მხარდამჭერთა განაწყენების გასანეიტრალებლად საჭირო გახდა ქმედება, რის გამოც გადაწყდა ღამით რამდენიმე საათით გადაეკეტათ რკინიგზის ხაზები.

ოპოზიციას ჰქონდა სხვა გეგმა, მაგრამ მას მოტყუებით გეგმები შეაცვლევინესო, - განმარტა სალომე ზურაბიშვილმა სამების ტაძრის ეზოში. კონკრეტულად ვინ იგულისხმებოდა აქ, გაუგებარი დარჩა, თუმცა ფაქტია, რომ სტადიონზე შეკრებილებს ”უცნობმა”, იმავე გია გაჩეჩილაძემ, მოუწოდა ტაძრისკენ დაძრულიყვნენ. 26 მაისს ღამით კი სამებისკენ მსვლელობის მოთავე გია გაჩეჩილაძემ სატელევიზიო საკანში დაბრუნებისთანავე აღნიშნა, რომ პატრიარქი ტყვედ აიყვანეს ტაძარში მისულმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა და არ ათქმევინეს ის, რისი თქმაც სურდაო.

მაინც რა გეგმა ჩაიშალა ხალხის სამების ტაძრისკენ წაყვანით, ან ოპოზიციის ლიდერები პატრიარქის რა განცხადებას ელოდნენ, ან რატომ ელოდნენ, გაუგებარი დარჩა. ერთი კია, აქციების ორგანიზატორები 26 მაისს აცხადებდნენ ბრძოლის გარდამტეხ და სიურპრიზებით სავსე დღედ. 25-ში ღამით კი ტელეკომპანია ”მაესტროს” გადაცემაში რამდენიმე ლიდერის საუბარი ცხადყოფდა, რომ ორგანიზატორებს შორის არ იყო თანხმობა არც 26 მაისის გეგმასა და არც, ზოგადად, შემდგომი ბრძოლის ტაქტიკასთან დაკავშირებით. 26 მაისს შეკრებილი ხალხი კი ლიდერებს გაჰყვა ყველგან, საითაც მოუწოდეს და ბოლოს დაიშალა. შედეგი არის ის, რომ მორიგი დიდი შეკრება შედგა, სააკაშვილის გადადგომის მომხრეებმა დაადასტურეს, რომ საკუთარი მოთხოვნისთვის ბრძოლის სურვილი არ განელებიათ, ლიდერების მიერ დაპირებული სიურპრიზი იყო ხალხის წაყვანა სამების ტაძრისკენ, რუსთაველზე სახალხო აღლუმის მოწყობის ნაცვლად, და, ბოლოს, რკინიგზის პიკეტირება, რასაც პოლიციის მხრიდან შესაბამისი და მოსალოდნელი ქმედება არ მოჰყოლია. ხელისუფლებამ მაქსიმალური თავშეკავება გამოავლინა და ემოციურმა დღემ აბსოლუტურად მშვიდობიანად ჩაიარა. და უკვე 27 მაისს რადიო თავისუფლების დილის პროგრამაში იყო მსმენელების ზარები, მათ შორის ასეთი:

”არ მახსოვს ასეთი დიდი ერთიანი თავყრილობა, თანაც როგორ წაიყვანეს, როგორი ერთსულოვნება იყო და ამის მერე ის, რაც საპატრიარქოსთან იყო, დიდი ტრავმაა ხალხისთვის; პატრიარქის სიტყვები, წესად შემოვიდა პრეზიდენტების გადაყენებაო, დიდი ლახვარი იყო ხალხისათვის.”

მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ლიდერებმა ამ ხალხს უთხრეს, რომ ბრძოლა გრძელდება, რომ უკან დახევა არ იქნება და რომ ბრძოლის თუნდაც ერთმანეთისგან განსხვავებული გზების არჩევით ლიდერები ერთგულნი იქნებიან მიზნისა - მიაღწიონ სააკაშვილის გადადგომას. ითქვა ისიც, რომ 9 აპრილისა და 26 მაისის შემდეგ გარდამტეხი თარიღი საერთო ბრძოლაში, შესაძლოა, 7 აგვისტო იყოს. ასე რომ, მხარდამჭერებს, ალბათ, კიდევ მოუწოდებენ ლიდერები, გარეთ გამოვიდნენ, ისე როგორც არა ერთხელ მოუწოდებიათ ადრე, მათ შორის, მოუწოდებია გუბაზ სანიკიძეს:

”მოდით აქ, რა გინდათ სახლებში! რა დაგრჩენიათ სახლებში, თქვე უბედურებო! საჭმელი არ გაქვთ, სასმელი არ გაქვთ, სამსახური არ გაქვთ, შვილს განათლებას ვერ აძლევ, ცოლი უსამსახუროდ გყავს, უფუნქციოდ ხარ! კაცი ხარ ამის შემდეგ კიდევ, რომ წევხარ?”
XS
SM
MD
LG