Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთ კორეის გარშემო დაძაბულობა იზრდება


რაკეტა, რომელიც, ფხენიანის თანახმად, 7 აპრილს იქნა გაშვებული

რაკეტა, რომელიც, ფხენიანის თანახმად, 7 აპრილს იქნა გაშვებული

ჩრდილოეთ კორეის მმართველმა კომუნისტურმა რეჟიმმა დღეს გამოაცხადა, რომ გამოდის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებიდან, რომელმაც 1953 წელს ბოლო მოუღო ომს სამხრეთ კორეასთან. ფხენიანის მკვეთრი ნაბიჯის ფონია საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკული რეაქცია ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული იარაღის გამოცდაზე. ეს გამოცდა ჩრდილოეთმა კორეამ ორშაბათს დილით ჩაატარა, შემდეგ კი, გაეროსადმი დაუმორჩილებლობის მორიგ ნიშნად, გამოსცადა კიდევ 5 რაკეტა, ისევ გახსნა პლუტონიუმის საწარმო და თავდასხმით დაემუქრა სამხრეთ კორეას…

ჩრდილოეთ კორეის მმართველი რეჟიმის განცხადებები ზომიერებით, ჩვეულებრივ, არც აქამდე გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა, აშკარად კიდევ უფრო შორს მიდის: ფხენიანი ამბობს, რომ კორეის ნახევარკუნძულზე აქტიური საომარი მდგომარეობაა. ეს განცხადება, მიმომხილველების შეფასებით, სინამდვილეს არ შეესაბამება, მაგრამ წინასწარ არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები - ფფხენიანი ხომ ცნობილია სწორედ იმით, რომ ძნელია (ან შეუძლებელი) მისი ნაბიჯების წინასწარმეტყველება.

ფხენიანის ბოლო მკვეთრი ნაბიჯი მოჰყვა სამხრეთ კორეის მიერთებას აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ პროგრამასთან, რომელიც ითვალისწინებს მასობრივი განადგურების იარაღის დასამზადებლად გამოსადეგი მასალის ტრანსპორტში ეჭვმიტანილი გემების შეჩერებას და გაჩხრეკას. ამ პროგრამაში სამხრეთ კორეის ჩართვის შემდეგ ჩრდილოეთმა საჯაროდ თქვა, რომ მიუღებლად მიაჩნია თავისი გემების გაჩხრეკა და თუ ასეთი რამ მოხდა, ფხენიანი ამას ომის გამოცხადებად ჩათვლის.

“ჩვენი მშვიდობიანი ხომალდების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი მტრული აქტი, გაჩხრეკისა და დაკავების ჩათვლით, მიჩნეული იქნება ჩვენი სუვერენობის მიუტევებელ ხელყოფად და გამოიწვევს ჩვენს დაუყოვნებლივ პასუხს - ძლიერი სამხედრო დარტყმის სახით” - ეს განცხადება ხმამაღლა და გამოთქმით წაიკითხა ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიის დიქტორმა ქალმა.

ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაგმო ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული გამოცდის ჩატარება (რაც მას აკრძალული ჰქონდა) და განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში დაუყოვნებლივ იწყება მუშაობა ახალ რეზოლუციაზე ჩრდილოეთ კორეის შესახებ- რეზოლუციაზე, რომლის შესრულებაც სავალდებულო უნდა იყოს.

იაპონიის მთავრობის წარმომადგენლის, ტაკეო კავამურას მიერ დღეს გამოთქმული შეფასებით, ჩრდილოეთი კორეა “არასწორი მიმართულებით მოძრაობს”. კავამურას სიტყვებით, “ჩრდილოეთ კორეის დაუმორჩილებლობა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართ და მისი წინადადება, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ბოდიშიც კი უნდა მოიხადოს, აჩვენებს, რომ ჩრდილოეთი კორეა არასწორი მიმართულებით მოძრაობს, საერთაშორისო თანამეგობრობის მოსაზრებების ცნობაზე უარის თქმით”.

ჩრდილოეთ კორეის კრიტიკის საფუძველს, მის ბირთვულ გამოცდასთან ერთად, ქმნის პროგრამა, რომელიც რაკეტების შექმნას ემსახურება. აპრილში ფხენიანმა გამოსცადა ახალი თაობის, გრძელ რადიუსში მოქმედი რაკეტა: ეს რადიუსი, სავარაუდოდ, შეერთებულ შტატებს, ალასკას წვდება. ჩრდილოეთი კორეა ირწმუნება, რომ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოკლე რადიუსში მოქმედი რაკეტებიც გამოსცადეს, თავდაცვას ემსახურება.

“მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბოლო მოეღოს მტრულ პოლიტიკას - კერძოდ, შეერთებული შტატებისა და იაპონიის მტრულ პოლიტიკას. ჩვენ არა გვაქვს სხვა მიზანი, გარდა თავდაცვისა” - ასე უპასუხა გაეროში ჩრდილოეთ კორეის ელჩის მოადგილე პაკ ტოკ უნმა ნიუ-იორკში ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც რაკეტების ბოლო გამოცდას ეხებოდა.

მაგრამ ბევრს აეჭვებს ჩრდილოეთ კორეის ნამდვილი ზრახვები. ფხენიანს ახლა რჩება მარტო ტექნკიური ამოცანა, “დააპატარაოს” ბომბი, რათა ის რაკეტის ქობინას მოერგოს: ამის შემდეგ მას ატომური ბომბიც ექნება და მისი გასროლის შესაძლებლობაც.

ამერიკელი ოფიციალური პირების განმარტებით, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული გამოცდის ყველაზე შემაშფოთებელი ასპექტი მაინც ის არის, რომ ფხენიანს აქვს სურვილი, სხვებსაც გაუზიაროს ეს ცოდნა - შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG