Accessibility links

logo-print

როგორ ცდილობენ გაზეთები, თავი გადაირჩინონ ინტერნეტის ეპოქაში


ბარსელონაში მიმდინარეობს კონფერენცია, რომლის მონაწილეებიც ბეჭდვითი მედიის მომავალზე მსჯელობენ. როგორ უნდა გადაირჩინონ თავი გაზეთებმა ინტერნეტის ეპოქაში, როცა, ეკონომიკურ კრიზისთან ერთად, სწორედ ინტერნეტში ინფორმაციის უფასოდ გავრცელების შედეგად, ხალხი სულ უფრო ნაკლებ ფულს იმეტებს გაზეთების საყიდლად? საქმე ეხება გლობალურ ტენდენციას, თუმცა ყველაზე უფრო აშკარად ის ერთ-ერთ ქვეყანაში ჩანს...

“ნიუპორტ დეილი ნიუსი” აშშ-ის აღმოსავლეთში მდებარე როუდ აილენდის შტატში დაფუძნებული ადგილობრივი გამოცემაა. ისევე როგორც ბევრი სხვა გაზეთი, ის რამდენიმე წელია, ინტერნეტში აქვეყნებს თავისი მასალების ნაწილს. მაგრამ ასე უკვე აღარ იქნება. “ნიუპორტ დეილი ნიუსმა” მიმდინარე თვეში გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფასურს მოითხოვს მისი საინტერნეტო გამოცემის მკითხველებისთვისაც.

გაზეთის აღმასრულებელ რედაქტორ შეილა მალოუნის განმარტებით, რედაქციის აშკარა იყო, რომ ინფორმაციის თუნდაც მცირე ნაწილის უფასოდ გამოქვეყნებამ ვებსაიტზე - ავნო გაზეთის ტირაჟს. “დღეს გაზეთებს ნაკლებად ყიდულობენ და ამის კომბინაციამ ეკონომიკაში ამჟამად მიმდინარე პროცესებთან და იმ ფაქტმა, რომ რეკლამის დამკვეთებს უჭირთ და ჩვენი ბიზნესიც მძიმე მდგომარეობაშია - მიგვიყვანა შეფასებამდე, რომ ინფორმაციის უფასოდ გამოქვეყნება ჩვენთვის აღარ არის სიცოცხლისუნარიანი ბიზნესმოდელი”, ამბობს მალოუნი.

ის, რაც შეილა მალოუნის გამოცემაში და მის გარშემო ხდება, აჩვენებს, რა პრობლემები აქვს პრესას და როგორ ეძებეს ის გადარჩენის გზებს ცვალებად მედიაგარემოში. ბოლო თვეებში აშშ-ში (იქ კი გაზეთებს განსაკუთრებით უჭირთ) არსებობა შეწყვიტა მრავალწლიანი ისტორიის მქონე რამდენიმე გამოცემამ, მათ შორის “როკი მაუნტინ ნიუსმა” და “სიეტელ-პოსტ ინტელიჯენსერმა”. ბანკროტის პირას მისულებს შორის კი ავტორიტეტიანი “ლოს ანჯელეს ტაიმსია”. ბეჭდვით მედიაში მომუშავე ათასობით ჟურნალისტს აქვს დაკარგული სამსახური ბოლო ერთი-ორი წლის მანძილზე.

ბევრი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ მიმდინარე პროცესი არა მარტო მედიას, ზოგადად, დემოკრატიას ავნებს: თუ გაზეთები აღარ გამოვა, ვინ დააკვირდება პოლიტიკურ პროცესს? ვინ დააკვირდება პოლიტიკოსებს, რომლებიც - როგორც თუნდაც ბრიტანელი პარლამენტარების გარშემო ბოლოდროინდელი სკანდალი აჩვენებს - არსად არიან დაზღვეული კორუფციის ცდუნებისაგან?

პრესას ევროპაშიც უჭირს. ამ გარემოებაზე ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში ისაუბრა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ეიდან უაიტმა მას შემდეგ, რაც შეხვედრა გამართა გერმანულ მედიაჯგუფთან სახელწოდებით WAZ.

უაიტის თქმით, ეს არის კომპანია, რომელსაც მოუწია, 300 სამუშაო ადგილი გაეუქმებინა გერმანიაში და ახლა ცდილობს, მიაგნოს გზას, რომლითაც აინაზღაურებს დანაკარგს სარეკლამო შემოსავლებიდან და ტირაჟის შემცირებიდან. “ასე ხდება პრაქტიკულად მთელს კონტინენტზე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რუსეთში: ბეჭდვითი მედია მძიმე ზეწოლას განიცდის”, აღნიშნავს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივანი.

გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა მარტო გაამწვავა პრესის კრიზისი, რომელიც უკვე გამოკვეთილი იყო ინტერნეტის აღზევების შედეგად: რახანია მკითხველს უფასოდ შეუძლია ინფორმაციის მიღება ინტერნეტში, უნდა ითქვას, ბევრ შემთხვევაში გაზეთების საინტერნეტო გამოცემების წყალობით. და რახან მკითხველი ინტერნეტს მიაწყდა, მას რეკლამაც მიჰყვა.

დაყაბულდება მკითხველი, ახლა ფული გაიღოს ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალებისთვის, რისი ინიციატივითაც სულ უფრო მეტი გამომცემელი გამოდის? თუნდაც მედია-მაგნატი რუპერტ მარდოკი, რომელმაც მიმდინარე თვეში განაცხადა, რომ აპირებს მეტი საფასურის მოთხოვნას თავისი მედია-იმპერიის საინტერნეტო გამოცემებში შესული ინფორმაციისთვის.

რამდენად რეალურია პერსპექტივა, რომ მკითხველები ფულს გაიმეტებენ ინტერნეტით მიღებული ინფორმაციისთვის? ეს შეკითხვაა ერთ-ერთი მთავარი ბარსელონაში მიმდინარე კონფერენციაზე, რომელზეც კიდევ ერთხელ ითქვა, რომ მაღალი ხარისხის ჟურნალისტიკას ბევრი ფული სჭირდება. როგორც გაზეთების მსოფლიო ასოციაციის პრეს-მდივანი, ლერი კილმენი ამბობს, ბევრს არ ესმის, რომ კარგი ჟურნალისტიკა ძვირია და რომ მისი საფასური ვიღაცამ უნდა გადაიხადოს.
XS
SM
MD
LG