Accessibility links

logo-print
26 მაისს 70 წელი შეუსრულდებოდა ქართული ეროვნული მოძრაობის გამოჩენილ წარმომადგენელს, მერაბ კოსტავას. გთავაზობთ კონსტანტინე გამსახურდიას მოგონებას წიგნიდან: კონსტანტინე ზ. გამსახურდია, წერილები უცხოეთიდან. 1994-2005, თბილისი, 2006. იბეჭდება ავტორის ნებართვით.

მერაბ კოსტავას, როგორც ეროვნული მოღვაწის, გმირის, დისიდენტის და პოეტის მნიშვნელობა საქართველოში ჯერაც არ არის აზროვნების თვალით ყოველმხრივ დანახული. ამ გარემოებას ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი აქვს, რომლებზეც აღარ შევჩერდებით: არ ახალია, რომ ოფიციოზი ყოველთვის ხელს უშლიდა მის ობიექტურად წარმოჩენას. ხელისუფლებას, თუკი არჩევანზე დაუდგებოდა საქმე, ცხადია, ლოზუნგების და პლაკატების მერაბი ერჩია: მაღალფარდოვანი, ტრაფარეტული ეპითეტებით შემკული. მერაბ კოსტავა ათი წლის მანძილზე მოწყვეტილი იყო საქართველოს და როდესაც დაბრუნდა, ყოველივემ ისეთი სისწრაფით ჩაიქროლა, რომ ბევრმა რიგიანად თვალის შევლებაც კი ვერ მოასწრო მისთვის. და ის, რაც დღეს ჩანს, კვალია ელვარე, მეტეორი რომ ტოვებს ხოლმე ღამეულ ცაზე.

მას იმთავითვე ჰქონდა წარმოსახული ხატი ეროვნულ-პოლიტიკური მოღვაწისა და ცდილობდა მას მიმსგავსებოდა. ეს იყო მისი “ალტერ ეგო”, და უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მისივე უმაღლესი ინდივიდუალობა იმავდროულად. თუ დაკვირვებით წავიკითხავთ მის ნაწერებს, ცხადი გახდება, რაც განაპირობებდა მის შინაგან თავისუფლებას, აყვანილს ესოდენ მაღალ ხარისხში. მერაბი მისთვის სათაყვანებელ მეფეებს, გმირებს, მწერლებს შეიმეცნებდა არა გავრცელებული ისტორიული სტერეოტიპების მიხედვით, არამედ საკუთარი შინაგანი მიმართებიდან გამომდინარე გაიაზრებდა და არც ობიექტურობას უღალატნია მისთვის. რამდენადაც ცხოვრების ჩინებული დამკვირვებელი იყო, კარგად იცოდა, რა იყო მთავარი და არამთავარი, აგრეთვე ბევრი საგნის ანი და ჰოე. და არა მარტო შეიმეცნებდა, ცოცხლად შეიგრძნობდა კიდეც. ოდესღაც გოეთემ თქვა, რომ მსგავსი მხოლოდ მსგავსს შეიმეცნებსო. ასევე გახლდათ მერაბის შემთხვევაშიც, ის თვით გახლდათ ფარდი თავისი საყვარელი გმირებისა. იგი იდეალებს ბრძოლით მოიპოვებდა, გადაამუშავებდა თავისი სულის ქურაში. ისინი დიდი საქმეებისთვის შთააგონებდნენ. მერაბისთვის თავისუფლება საქმის, მოყვასის მსახურების სიყვარულია. მკითხველმა განსაჯოს, შეიძლება თუ არა სპარტის ფუძემდებლის, ლიკურგეს მერაბისეული დახასიათება თავად მასზევე იქნეს გადატანილი:

იგი სიკეთით გახლდათ საცნობი,
თემიდას სავეტი, მეკვლე დამდეგის,
საკუთარ ეგოს სულმთლად დამთმობი
და უდრტვინველად მსხვერპლად დამდები;
სიმდაბლით თვისით გასაოცარი
და ვაჟკაცობის დიდი მოძღვარი.

მერაბ კოსტავა ქრისტიანი იყო, მაგრამ მართლმადიდებლობას ალიბივით არ იყენებდა, ხოლო ზნეობა იდეოლოგიად არ უქცევია, რომელსაც “ზნეობის” მქადაგებლები (მეტწილად უზნეონი) ხელკეტივით ატრიალებენ ხოლმე. ზნეობა სრულიად რეალური ძალა იყო, რომელიც სჭვიოდა მისი მთელი არსებიდან. ქვეგამხედვარებს კიდევაც ამხელდა, მაგრამ მხილება ავტომატურში არ გადასვლია და არც საკუთარი ძალაუფლების მოხვეჭის იარაღად უქცევია. ამხელდა სიყვარულისა და სამართლიანობის სულიდან გამომდინარე და ამაში იყო რაღაც იოანე ნათლისმცემლისეული ეთოსისა: “შეინანეთ!...” მეგობრობის რუსთაველისეულ ხარისხში ამყვანს სხვათა დამორჩილება კი არ ახარებდა, არამედ ის, თავისი და ჭეშმარიტ ქართველთა სახელები ცხოვრების წიგნში ჩაწერილი რომ ეგულებოდა.

იგი საზოგადოების გამთლიანებისთვის დაშვრა, მაგრამ ადამიანურმა უგუნურებამ ვერ გაუგო, ვერ ჩასწვდა მის ჩანაფიქრს ბოლომდე. იმად კი არ იღწვოდა, რომ მიამიტური იდეალიზმის სენი სჭირდა. რამედ იმიტომ, რომ ადამიანური ბუნების საიდუმლოებანი საკმაოდ კარგად ესმოდა: ადამიანი შესაძლოა იყოს საკუთარი ცოდვიანი წარსულის მონა, მაგრამ პოტენციურად თავისი მომავლის ბატონია, თუკი სიმართლეს ვაჟკაცურად გაუსწორებს თვალს. 1989 წლის ზაფხულში ერთი სატელევიზიო პაექრობისას დაახლოებით ასეთი რამ განაცხადა: თუ ერთმანეთთან ვერ გამოვნახავთ სალაპარაკო ენას დღეს, შესაძლოა დადგეს დრო განუჭვრეტელი სიბნელისა, სადაც ჩვენ ერთმანეთს დაბრმავებული ვეძებდათ და ვეღარ ვპოვებდეთო. რამდენად ასრულდა მისი წინასწარმეტყველება, ამის განსჯაც მკითხველისთვის მიმინდია. (თუ რამდენად შეიძლება ებრძოდნენ მერაბის ფენომენს ამ მხრივ, ცხადყოფს პროლეტარულ მოშაირეთა ტრადიციების ერთი ამაღორძინებლის მაგალითი, რომელიც თავს მერაბის ახლობლადაც კი ასაღებდა. მას ეკუთვნის, სხვათა შორის, შემდეგი სტრიქონები: “არაკაცებთან სალაპარაკოდ მხოლოდ მახვილის არსებობს ენა”.)

სხვადასხვა ყაიდის ადამიანებს დრო არაერთგვაროვნად წარმოაჩენს. ჩვეულებრივი მოკვდავნი, რომელთაც მხოლოდ ინსტინქტების კარნახით იცხოვრეს და გარდაიცვალნენ, დროთა მანძილზე პატარავდებიან, ვიდრე სულ არ გაუჩინარდებიან დავიწყების ოკეანეში. ამაში სრულიად გარკვეული ლოგიკა ამოიცნობა, რომელიც ძალაშია ხილულ სამყაროში: საგანს რაც უფრო შორდები, მით უფრო პატარავდება. მერაბ კოსტავას და მისებრ კაცებთან მიმართებაში კი დრო ერთ უცნაურობას იჩენს: რაც უფრო შორდები მათ დროში, მით უფრო იზრდებიან. ისინი თითქოს უკუპერსპექტივაში მოსჩანან. ცნობილი რუსი ისტორიკოსის და მოაზროვნის, სერგეი სოლოვიოვის თქმით, ხალხებს უყვართ დიდკაცთათვის ძეგლების აღმართვა, ხოლო თავად ამ დიდკაცთა საქმეები ასევე ძეგლებია, რომლებიც ამ უკანასკნელებმა საკუთარ ხალხებს დაუდგეს. მერაბ კოსტავას მოღვაწეობაც სხვა რა არის, თუ არა ქართველი ერის სადიდებლად აღმართული ძეგლი?

ის, რაც გმირისგან ხალხის ხსოვნაში რჩება, სამაგალითოა, პარადიგმატულია და ხშირად ლეგენდარული ეფექტებით შეიმოსება. თანამედროვე სწავლულ ბიოგრაფებს კი სჩვევიათ მეტისმეტად ადამიანურ მხარეებზე ყურადღების გამახვილება და მათი დაფიქსირება. პირველ შემთხვევაში საფრთხე იმაშია, რომ გმირისგან თანდათან დარჩეს მითოლოგიზებულ-სქემატური ხატება, რომელიც აზროვნების გვერდის ავლით იმოქმედებს ადამიანებზე, რაც ფრიად სახიფათოა. მეორე შემთხვევაში კი საფრთხეა უმთავრესის დაკარგვა ყოფითისა და “ძალზე ადამიანური” მხარეების ჭარბად წარმოჩენისას.
მსურს გავიხსენო ზოგი რამ მერაბ კოსტავას მონაყოლიდან, ზოგიც ნანახი საკუთარი თვალით.


ჭეშმარიტად, მერაბ!

ეს მომხდარა 1978 წელს თბილისის სუკ-ის ციხეში, სადაც მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია მოუთავსებიათ საქმე ნომერ 131-თან დაკავშირებით. აქაური საკანი უნდა ყოფილიყო მატარებლის კუპეზე ოდნავ მოზრდილი. დღის სინათლე ატანდა გისოსებიანი ფანჯრიდან, რომელიც ჩვეულებრივზე მაღლა ყოფილა დატანებული კედელში. პატიმარი გამუდმებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ამ მიზნით რკინის კარს ჰქონდა საგანგებო საჭვრეტი, საიდანაც ზედამხედველის ფხიზელი თვალის თეთრონი და გუგა მოჩანდა თურმე.

დამდგარა ლიტანიობის ღამე. მერაბი თბილისის სუკის ციხეში იმყოფებოდა, ზვიად გამსახურდია იმხანებში ლეფორტოვოს ციხეში უნდა ყოფილიყო გადაყვანილი, რამდენადაც მახსოვს.

ადვილი არაა იმ სიმძიმილის ცხადად წარმოდგენა, ადამიანს რომ ეუფლება, ამგვარად შეჭირვებულს: მთელს საქრისტიანოში მორწმუნენი ზეიმობენ, ზარები რეკავენ, წირვაზე მყოფნი ერთმანეთს ეხვევიან და ულოცავენ მარადიული ცხოვრების დღესასწაულს, აქ კი ჯერ კიდევ სიკვდილის აჩრდილი ტრიალებს. მერაბს შინაგანად უგრძვნია ამ ჟამის დადგომა, ზეწამოჭრილა, ხელებით ჩაფრენია გისოსებს, აწეულა ისე, რომ შიდა ეზო ნაწილობრივ დაულანდავს და მთელი ხმით დაუჭექავს:

“ქრისტე აღსდგა!”

არ არის ძნელი იმის წარმოდგენა, თუ როგორ იმოქმედებდა ეს ხმა ციხის პერსონალაზე. დაახლოებით იგივე სურათი იქნება, თუ ერთ ჭიქა გახურებულ ზეთს კრაზანების ბუდეში ჩაღვრით. ამტყდარა განგაში.

“ქრისტე აღსდგა!” – განმეორდა კიდევ. ზედამხედველები მერაბის საკანში შეჭრილან, ჩამოკიდებიან ფეხებზე, მთელი ძალით ეზიდებოდნენ დაბლა. მერაბი ფიზიკურად ისედაც ძლიერი იყო, “მაგრამ, ამ დროს საოცარი ძალის მოზვავება ვიგრძენიო”, იგონებდა. “ვიძახებ იქამდე, ვიდრე არ მიპასუხებს ვინმე”, ფიქრობდა თურმე. არადა, არსაიდან ისმოდა “ჭეშმარიტად!” სიკვდილის, რღვევისა და გაქვავების საუფლოში. “ქრისტე აღსდგა!” – ისევ სჭექდა მერაბის ხმა, რაც ზედამხედველებს კიდევ უფრო აცოფებდა, მაგრამ ვერაფერს აწყობდნენ. და მერვედ თუ მეცხრედ დაძახების შემდეგ სადღაც შორიდან მართლაც მოისმა:

“ჭეშმარიტად!”

ალბათ პატიმარი თუ იყო ვინმე. “მაშინ კი შევუშვი ხელები გისოსებს...” იგონებდა მერაბი.


კარცერში

მერაბს ცალ ხელზე ყინვისაგან დაზიანებული ჰქონდა ნეკა თითი და მისი გაგრძელება ხელის მტევანზე. ეს დამართნია ციმბირში, ანგარსკის ციხეში, როდესაც თავისუფალი გადასახლების შემდეგ პატიმრობის ვადა გაუგრძელეს. ბრეჟნევის პოლიტბიუროს განზრახული ჰქონდა მისი სამუდამოდ ჩატოვება ციმბირში. (მერაბი 10 წელიწადი იყო დაპატიმრებული, 1977-1987 წლებში). ციხის ადმინისტრაციას გადაუწყვეტია დაუმორჩილებელი პატიმრის “დაჭკვიანება” და ჩაუგდია იგი ყველაზე საშინელ კარცერში, სადაც ყინვა მინუს 30 გრადუსს აღწევდა. მანამდე მისი ტანსაცმელი საგანგებოდ დაუსველებიათ, რომელიც მალევე გაყინულა და გახამებული, ჯერაც გაუმშრალი სარეცხივით შემდგარა. მთელი ძალები მოვიკრიბე, ენერგიულად დავდიოდი წინ და უკან, არამც და არამც არ მინდოდა კარზე დაბრახუნება და ციხის პერსონალის საშველად მოხმობაო, იგონებდა შემდგომში მერაბი.

კარცერში მალევე შემოუყვანიათ კიდევ ერთი დაუმორჩილებელი ჩრდილოკავკასიელი პატიმარი, თუ არ ვცდები ჩეჩენი. მას რამდენიმე ხანს გაუძლია ყინვისთვის, ბოლოს კი მიფორთხებულა რკინის კართან, ბრახუნი აუტეხია და ითხოვდა: ოღონდ აქედან გამიყვანეთ და ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორ მეტყვითო. იგი გაუყვანიათ ზედამხედველებს.

ამ სურათს შემზარავი შთაბეჭდილება მოუხდენია მერაბზე, მაგრამ მეტი დაჟინებით ჩაუდია გულში აღთქმა, შველა არ ეთხოვა მტარვალებისთვის. მიმოდიოდა შემართებული და ხმამაღლა იმეორებდა ზეპირად დამახსოვრებულ ლოცვებს და თავის საყვარელ ლექსებს. თანდათან გაუსაძლისი ხდებოდა ციმბირის ყინვა, ვგრძნობდი როგორ ვკარგავდიო გონებას. შემდეგ აღარეფერი ახსოვდა... გონზე მოსულა ციხის საავადმყოფოში, საბედნიეროდ მხოლოდ ხელის მტევანი ჰქონია მოყინული ოდნავ.

ეს ამბავი რაღაცით ჰგავს 40 კაპადოკიელი მოწამე-მხედრის ისტორიას, რომლებიც ქრისტეს ერთგულებისთვის წარმართი ხელისუფლის ბრძანებით ტბაში გაყინეს და რამაც ასახვა ჰპოვა მე-11 საუკუნის უმშვენიერეს ქართულ ხატზე: ოღონდ განგებამ იმ დროს არ ინება მერაბის წუთისოფლიდან გახმობა.


“საჯაროობის” სიმართლე და კერპი

უცნაურმა მოვლენამ, რომელიც ისტორიაში “საჯაროობის” და “გარდაქმნის” სახელებით დამკვიდრდა, საქართველოში ნელ-ნელა, დაგვიანებით შემოაღწია, ისიც პატიაშვილისეული ცეკას აპარატის ინოვაციებით. ტელევიზია და პრესა ხალხს მცირე ულუფებით, რაციონირებულად აწვდიდა მეტწილად კომუნისტური ურცხვობით შეფერილ ნახევარსიმართლეებს; ხანაც სრულ სიმართლესაც გაურევდნენ ხოლმე, თუმცა მნიშვნელობა ჰქონდა, ვისი პირით ითქმოდა ეს. სიმართლის თქმის უფლებაც სავსებით მონოპოლიზირებული ჰქონდათ კომუნისტური ნომენკლატურის წარმომადგენლებს. რამდენადაც იმხანად საზოგადოების გარკვეულ ნაწილში უპირატესობას ანიჭებდნენ “ბალტიურ მოდელს”, როგორც ყველაზე ცივილიზებულ და ევროპულ გზას, ბევრს ბჭობდნენ სახალხო ფრონტის შექმნაზე, მაგრამ ეს უკანასკნელი ვერა და ავერ შეიქმნა 1989 წლის ზაფხულამდე. აქ ორი მიზეზი იყო უმთავრესი: ერთი, რომ ცეკას არ სურდა მისი შექმნა და თუ მაინც დათანხმდებოდა ამაზე, ეს ორგანიზაცია უნდა ყოფილიყო “რუსთაველის საზოგადოების” პირდაპირი ასლი. და მეორეც, მის შექმნას აბრკოლებდა ე.წ. ინტელიგენციის წარმომადგენელთა გამძაფრებული ამბიციები, რამდენადაც თითოეულ მათგანს თავმჯდომარეობა სურდა, სავარძელი კი ერთი იყო.

1988 წელს სწორედ ამ ნიშნით უნივერსიტეტეის სააქტო დარბაზში იმართებოდა შეკრებები, რომელშიც სტუდენტობა აქტიურ მონაწილეობას იღებდა. იმხანად სტალინიზმის მხილება, უშუალოდ მიხეილ გორბაჩოვის მიერ სანქციონირებული, საკმაოდ წინ იყო წასული. თუმცა პერესტროიკის ინიციატორი ხაზგასმით აღნიშნავდა თავის მტკიცე ლენინელობას.

მერაბის გამოჩენას ტრიბუნაზე ტაშით შეეგებნენ. როგორც ჭეშმარიტი ლაკონიელი, იგი მეტყველებდა ოდნავ მძიმედ, თუმცა უაღრესად კონკრეტულად და საქმიანად მოუყრიდა სათქმელს თავს და რამდენადაც თითოეული სიტყვის მიღმა მისი მაღალი ეთოსი ღვიოდა, დარბაზი მონუსხული უსმენდა. და აი, სიტყვამ მოიტანა სტალინიზმის დანაშაულობანიც: “მეგობრებო, ჩვენ ვიცით ვინ იყო იოსებ სტალინი, მაგრამ ჩვენ ეხლა უნდა ვამხილოთ უმთავრესი დამნაშავე...” დაიწყო მერაბმა. დარბაზში მსხდომმა ოფიციოზის წარმომადგენლებმა იმწამსვე იგრძნეს, რომ ორატორი ტაბუირებულ თემას მიადგა. ღეაგირებამაც არ დააყოვნა, პირველ რიგებში აღიმართა უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორის, ნოდარ ამაღლობელის ფიგურა და ხელები გაასავსავა: “ეგ არ თქვა! ეგ არ თქვა!”

სიტუაციამ კომიკური ელფერი მიიღო. დარბაზში ჟრიამული ატყდა. ვიღაცეები ახარხარდნენ, ახალგაზრდობის ნაწილი კი პროტესტს გამოთქვამდა, რომ ორატორს სიტყვა გააწყვეტინეს. ამ დროს ამაღლობელი კვლავ ფეხზე იდგა და ცდილობდა დისკუსია გაემართა ორატორთან. ჩანს, მერაბი არ მოელოდა ასეთ მძაფრ რეაქციას რექტორის მხრიდან და ოდნავ შეყოვნდა, თუმცა რამდენიმე წამში დაწყებული აზრი დაასრულა: “... ეს იყო ვლადიმერ ლენინი!” დარბაზი მქუხარე ტაშით შეეგება ამ ნათქვამს.

ამაღლობელმა ხელი ჩაიქნია. მოწყვეტილივით ჩაესვენა სავარძელში.


ეროვნული დროშა

ეროვნული რეგალიები ეროვნული სიწმინდეებია. მათში ნაციონალური წმინდად ადამიანურ საწყისთანაა შეწყვილებული, რადგან ისინი უტყვად მოგვითხრობენ სულის ტრიუმფის ამბავს წარმავალობაზე, ამაოებასა და სიკვდილზე. ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა მერაბ კოსტავას როგორც ძველი სიწმინდეებისადმი, ისე ახალი დროის სახელმწიფოებრივი სიმბოლოებისადმი.

1988 წლის გაზაფხულიც დადგა. ყველა მოუთმენლად ელოდა 26 მაისს, როდესაც თითქმის 65-წლიანი შესვენების შემდეგ პირველად უნდა გამართულიყო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიტინგი, რომელზეც აფრიალდებოდა ეროვნული დროშა. მიტინგი დაიგეგმა მერაბის ეზოში, თუმცა ოფიციოზი იმუქრებოდა, რომ აუცილებლად დაარბევდა მსგავს ღონისძიებას.

26 მაისს, დაახლოებით შუადღისას მერაბ კოსტავას ეზოში შეგროვდა ასამდე კაცი, ძირითადად “ჰელსინკის”, “ილია ჭავჭავაძის საზოგადოება – მეოთხე დასის” და “ეროვნული სამართლიანობის კავშირის” წევრები. მათ ჰქონდათ ერთადერთი დროშა, რამდენადაც იმჟამად ეროვნული დროშების სერიული წარმოება სულაც არ იყო თავისთავად ცხადი რამ.

მიტინგი მერაბმა გახსნა. ხელში დროშა ეჭირა და ისე საუბრობდა დღის მნიშვნელობაზე. რამდენიმე წუთში ეზოს შესასვლელთან განლაგდა ფარებითა და ხელკეტებით შეიარაღებული “ომონის” რაზმი, ხოლო ეზოში მილიციის ოფიცერთა თანხლებით შემოაბიჯა გენერალმა შადურმა.

გენერალი ყოველგვარი ცერემონიების გარეშე მიეახლა მერაბს და უთხრა: “არა გრცხვენია, ამ ხნის კაცი ახალგაზრდობას ტვინს რომ ურევ?! ახლავე მომეცი დროშა!” თან დროშას წაეტანა, მაგრამ მერაბმა მაღლა ასწია და მკაფიოდ, ხმამაღლა შესძახა:

“გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”

ამასობაში მომიტინგეები მიწაზე დავსხედით. მე წინადადება შემოვიტანე, ერთანეთისთვის ქამრებში წაგვევლო ხელი. ამგვარად შეჯგუფული ხალხი თითქოს ერთიან მასად იქცევა და მისი დაშლა ძალზე ძნელია. რამდენადაც ქამარი ყველას არ ეკეთა, ხალხი ერთმანეთს ჩაებღაუჭა.

შადური კვლავ ცდილობდა დაუფლებოდა დროშას, მერაბს რისხვა აღებეჭდა სახეზე. მას სწყინდა, რომ ტომით ქართველი გენერალი, თუნდაც საბჭოთა მილიციელის ფორმაში გამოწყობილი, ვერ აცნობიერებდა ეროვნული დროშის მნიშვნელობას და მისი შეურაცხყოფა განეზრახა.

“მომეცი დროშა!” გენერალი ცდილობდა მერაბი მოედრიკა და დროშა წაერთმია, მაგრამ მერაბს მაღლა ეჭირა იგი და კლდესავით ურყევად იდგა.

“გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს-მეთქი!” კიდევ უფრო ხმამაღლა დაიძახა მერაბმა. გენერალი სიბრაზისაგან გამწვანდა.

“ძალები, ძალები მოიყვანეთ, გადაუარეთ!” გასცა ბრძანება. ეზოში “ომონის” რაზმი შემოიჭრა.

მიტინგი დაშალეს, მაგრამ საღამოს, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, ეროვნულმა მოძრაობამ მერაბთან ერთად სათანადოდ აღნიშნა ეს დღე “ბერიკონში”.

იმ დღეებში ზვიად გამსახურდია მოსკოვში ხვდებოდა რონალდ რეიგანს.


აფხაზეთში

1988 წლის შემოდგომიდან აფხაზეთში სისხლის სუნი დატრიალდა. აშკარა იყო, რომ საბჭოთა იმპერიის ელიტა, ეს “შავი ჯოჯოხეთის კუპრი ნახადი”, სისხლისღვრას გეგმავდა იქ. რამდენადაც იქაური ქართველობა თავს დაჩაგრულად გრძნობდა, მერაბ კოსტავამ მიტინგები ჩაატარა ქალაქებსა თუ რაიონულ ცენტრებში.

თბილისში დაბრუნებისას გვიამბო ერთი საუბრის შესახებ, რომელიც შემდგარა ლესელიძეში მიტინგზე. როდესაც ეროვნული დროშა გამოჩნდა, მერაბთან მისულან პრომოსკოვიტი ეთნოკრატის, ოზგანის წარგზავნილები და რუსულად უთქვამთ: “ჩვენ აქ მენშევიკური დროშის აფრიალებას ვერ შევურიგდებით. ეს ჩვენი მიწაა და იცოდეთ, რომ შესაძლოა ცეცხლი გაგიხსნან”.

მერაბი: “მე კი ვუთხარი, ჩვენ კიდევ ვნახავთ-მეთქი, ვისი მიწაა ეს და ავღმართე დროშა”.

ცხადია, მერაბს ამით არ უთქვამს, თითქოს ეს მიწა აფხაზ ხალხს არ ეკუთვნის. მაგრამ მან შერისხა ისინი, ვინც დაინტერესებულია, ეს მიწა არც ქართველს ეკუთვნოდეს და არც აფხაზს.

დღეს აფხაზეთში სულ სხვა სურათს ვხედავთ. და მაინც, მე არ ვთვლი, რომ მერაბი შეცდა, როდესაც დაიქადნა, “კიდევ ვნახავთო”. ქართული დროშა უთუოდ იფრიალებს იქ, როდესაც ისეთი საქართველო გვექნება, მერაბს რომ ეოცნებებოდა.


რაჭაში

1989 წლის ივლისში რაჭაში გადავედი იმერეთიდან მრავალძალის წმინდა გიორგის დღესასწაულზე. ის ეკლესია შემდგომში სავსებით დაუქცევია მიწისძვრას. სამიოდე დღის შემდეგ უკვე ამბროლაურში ვიყავი. აქ ვერტმფრენით ჩამოფრინდა მერაბ კოსტავა. მას თან ახლდა ვაჟა ადამია და საქართველოს ტელევიზიის გადამღები ჯგუფი. ფრიად გავიხარეთ ამ მოულოდნელი შეხვედრით.

მთელს რაჭას შემოვუფრინეთ. ზემოდან დავყურებდით ულამაზეს ლანდშაფტებს. მერაბს დავანახე ფასის მთა. პავლე ინგოროყვა ვარაუდობდა, რომ სწორედ ამ მთაზე ეგულებოდათ ძველ ბერძენ მწერლებს მიჯაჭვული პრომეთე-ამირანი. “მცირე და დაჩაგრული ერი იმიტომ ვართ, რომ დღესაც მიჯაჭვულია პრომეთე კლდეზე, როგორც კაცის სულია მიჯაჭვული სხეულებრივ-მინერალურ საფუძველს”, - ვუთხარი. “მცირე ერის შვილობა დიდი წყევლაც არისო”, დასძინა ამაზე მერაბმა.

ვერტმფრენი სოფელ შქმერში დაჯდა. დამამახსოვრდა ორი ბერიკაცი, რომელთაც ჩათვალეს, რომ მერაბი “დიდკაცთაგანი” იყო. ეს სიმართლეს დიახაც შეესაბამებოდა, ოღონდ არა ისე, როგორც მათ ეგონათ. შესჩივლეს, სტალინის დროს ყველაფერი რიგზე იყო, ქვეყანაში წესრიგი და კეთილდღეობა სუფევდაო. მერაბი მოიღუშა. თავისი სათქმელი მოკლედ მოახსენა, მერმე მათ შუაში ჩადგა, ხელები ორივეს ღონივრად ჩაავლო მკლავებში და ომახიანად უთხრა:

“აბა, ძიაკაცებო, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”

ბერიკაცებმა ბევრი ვერაფერი გაიგეს, მაგრამ მიხვდნენე, რომ რაღაც ისეთს შეეხნენ, რასაც არასოდეს შეხებიან თავიანთი ცხოვრების მანძილზე.

“გაუმარჯოს! გაუმარჯოს” იძახდნენ ისინი.

ვერტმფრენმა გეზი კვლავ ამბროლაურისკენ აიღო. ვიდრე დაჯდებოდა, გადავუფრინეთ რიონის ერთ-ერთ შენაკადს. მერაბმა გადახედა ჩქერალს და თქვა, აქ ჩინებული კალმახები იქნებაო. იგი ერთ დროს დახელოვნებული მებადური იყო და გუმანი ალბათ არ ღალატობდა.

“ბატონო მერაბ”, ეუბნება გოჩა ბიჭაშვილი, შემდგომში ამბროლაურის პრეფექტი, “დარჩით ამაღამ. ბიჭებს ამოვაყვანინებ კალმახებს და ერთი კარგი ქეიფი გავწიოთ”. მერაბს ჭკუაში დაუჯდა. ჰკითხა ვაჟას, რას ფიქრობ, ვერტმფრენი რომ გავუშვათ და ხვალამდე აქ დავრჩეთო.

“იცით რა, ბატონო მერაბ”, ვაჟა ადამიას ბიუროკრატიული სუსხი გამოერია ხმაში: “მე წავალ, აჭარლები გვყავს მისახედი სამცხე-ჯავახათში. თქვენ თუ გინდათ, დარჩით”. მაგრამ მერაბი ამ სიტყვების შემდეგ რაღას დარჩებოდა. გემოვნება თუ არა, წამის შეფასების უნარი ნამდვილად სჭირდება კაცს იმის გასაგებად, რომ გაჭირვებულნი მუდამ თან გვახლავან, მერაბი კი დღეს არის და ხვალ აღარ იქნება.

ზაფხულის სილურჯე გადაჰკრავდა მთებს და სულ რაღაც თვენახევარი რჩებოდა იმ ავბედით 13 ოქტომბრამდე...

როდესაც დღევანდელი გადასახედიდან იმ დღეებზე ვფიქრობ, ეს სიტყვები მახსენდება მერაბის ერთი ლექსიდან:
აუწყვეტია კლდეთით პრომეთეს
დამცხრალა მთებში ზვავი,
ასდევნებიხარ ცაში კომეტებს
ზევსთან შეკრული ზავით.

1999
XS
SM
MD
LG