Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური სპექტრის ტაქტიკური გეგმები ურთიერთგანსხვავებულია


არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალების მიზანი საერთო და უცვლელია, თითოეული მათგანი ხელისუფლების ცვლილებისკენ მიისწრაფვის, თუმცა განსხვავებულია მათი ხედვა მიზნისკენ მიმავალ გზებთან და ხერხებთან დაკავშირებით. მართალია, ამ ფაქტს, საერთო მიზნის გათვალისწინებით, ლიდერები უთანხმოებად და განხეთქილებად არ აღიქვამენ, მაგრამ სინანულს მაინც გამოხატავენ. ისმის მოწოდებები ერთიანობის შენარჩუნების აუცილებლობასთან დაკავშირებით. და მაინც, რა განსხვავებაა ოპოზიციური სპექტრის ტაქტიკურ სვლებში?

მოარულ ხმებს იმასთან დაკავშირებით, რომ ”ალიანსი საქართველოსთვის” დაიშალა, ღიმილით უარყოფს მისი ლიდერი ირაკლი ალასანია, თუმცა ამბობს, რომ ალიანსში შემავალმა ძალებმა, შესაძლოა, გარკვეული ნაბიჯები საკუთარი შეხედულების მიხედვით გადადგან. მაგალითად, თუკი ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე 26 მაისს რკინიგზის ბლოკირების აქციაში მონაწილეობდა, თავად ალასანია ამგვარ აქციებთან დისტანციის შენარჩუნებას ამჯობინებს:

”ისეთ აქციებში მონაწილეობას არ ვიღებთ, როგორიც არის მაგისტრალების გადაკეტვა, რკინიგზის გადაკეტვა... არ ვიღებდით და არც მივიღებთ. პერმანენტულმა აქციებმა თავისი დადებითი როლი უკვე შეასრულა და ახლა შესაცვლელია ამ აქციების ფორმა და შინაარსი.”

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს, ნაწილი ისევ გადამჭრელი ქმედებების მომხრედ რჩება. ასეთია, მაგალითად, ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ძალა, თუმცა მისი მხრიდან ჯერჯერობით არ გაკეთებულა განცხადებები დამოუკიდებელ მოქმედებებთან დაკავშირებით.

ის ფაქტი კი, რომ ”ეროვნულმა ფორუმმა” რუსთაველის გამზირზე განლაგებული საკნებიდან თავისი აქტივისტები გამოიყვანა, ბევრს არ გაჰკვირვებია. ტაქტიკური ცვლილებების გეგმა პოლიტიკური ძალის ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ 25 მაისს გაამჟღავნა და 26 მაისსაც არაერთხელ გაიმეორა, მათ შორის, ეროვნულ სტადიონზე გამართული აქციის მსვლელობისას:

”ფორუმს მიაჩნია, რომ საპროტესტო მუხტი უნდა გავიდეს დანარჩენ საქართველოში. თბილისში ჩაკეტვა, თვითიზოლაცია აღარ შეიძლება, - ეს არის ფორუმის გეგმაც და შეთავაზებაც ქართული საზოგადოებისთვის... იმიტომ, რომ თბილისი წავართვით სააკაშვილს, ახლა უნდა წავართვათ დანარჩენი საქართველო.”

”სააკაშვილისთვის დანარჩენი საქართველოს წართმევა” გუბაზ სანიკიძის პოლიტიკურმა ძალამ, წინასწარი ინფორმაციით, სწორედ 27 მაისიდან დაიწყო და, ლიდერის განმარტებით, ეს სულაც არ ნიშნავს საბოლოო განხეთქილებას სხვა ოპოზიციურ ძალებთან. უბრალოდ, ”ეროვნული ფორუმი” არ აპირებს უარი თქვას გეგმებზე, რომლებიც ოპოზიციური სპექტრის სხვა ძალებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

იმავე მიზეზს ასახელებს პარტია ”თავისუფლების” ლიდერი კონსტანტინე გამსახურდიაც, რომელიც დამოუკიდებელ პოლიტიკურ გზას ასევე 27 მაისიდან გაუყვა. ჯერჯერობით გეგმები არ კონკრეტდება, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ გამსახურდია ამ გზაზე პარტნიორებთან ერთად ივლის. აქ იგულისხმებიან კოალიციაში ”თავისუფლებისთვის” შემავალი სხვა პოლიტიკური ლიდერებიც - მაგალითად, ”ქალთა პარტიის” თავმჯდომარე გუგული მაღრაძე. მისი თქმით, კოალიციის ამგვარ არჩევანს ოპოზიციისგან განდგომა არ შეიძლება ეწოდოს, როცა ერთია მიზანი და ის ხელისუფლების შეცვლას გულისხმობს.

თუმცა, როგორც ჩანს, დამოუკიდებელი გზებით სიარულის იდეა მთლად უმტკივნეულოდ არ აღიქმება ოპოზიციური ერთობის მიერ და ეს კარგად გამოჩნდა ზოგიერთი ლიდერის მიერ 27 მაისს რუსთაველის გამზირზე მიტინგზე გაკეთებულ განცხადებებში. მაგალითად, ”ხალხის პარტიის” თავმჯდომარემ კობა დავითაშვილმა გუბაზ სანიკიძესა და კონსტანტინე გამსხურდიას ერთობაში დაბრუნებისკენ მოუწოდა:

”შეიძლება თქვენ გეჩვენებოდეთ, რომ რაღაცა საქმე ასე ჯობს გაკეთდეს, მაგრამ ჩვენი ერთობა უფრო მნიშვნელოვანია... ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე... ცალკე აღებული, თქვენი გეგმა, უკეთესიც რომ იყოს, ცალკე აღებული ერთი პარტია ან ორი პარტია ვერ განახორციელებს ვერც ერთ გეგმას. ერთიანობაა ჩვენი სიმდიდრე.”

იმავე შინაარსის განცხადებები 27 მაისს რუსთაველის გამზირზე ლეიბორისტების გასაგონადაც გაკეთდა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ოპოზიციურ ძალებთან კონკრეტულ საკითხებზე თანამშრომლობას არ გამორიცხავს, ლეიბორისტული პარტია ამ ეტაპზე პრაქტიკულად ცალკე დგას. ლეიბორისტებს, კერძოდ, არასოდეს უკისრიათ ქუჩის აქციებზე პასუხისმგებლობა, მაგრამ 26 მაისს მათ გამოჩენას ეროვნულ სტადიონზე ხალხის საკმაოდ ხმამაღალი აპლოდისმენტები მოჰყვა. თუმცა ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს მიკროფონთან მისვლის შანსი არ მიეცა. ამ ფაქტს მისი თანაპარტიელი იოსებ შატბერაშვილი იმ ოპოზიციურ ძალებს მიაწერს, რომლებსაც, მისი თქმით, ლეიბორისტები გამარჯობასაც კი არ ეუბნებიან. თუმცა, ასეთების გარდა, ოპოზიციურ სპექტრში შატბერაშვილს გულითადი მეგობრებიც ეგულება და თანამშრომლობის შესაძლებლობასაც ამ ნიშნით საზღვრავს. ამ ეტაპზე მიზანი ერთია, რასაც ვერ ვიტყვით სამომავლო მიზნებზე:

”ჩვენ ერთიანი ვართ ერთი მოთხოვნის გარშემო, რომ უნდა წავიდეს მიხეილ სააკაშვილი ამ ხელისუფლებიდან. ხოლო რაც შეეხება იმას, თუ მიხეილ სააკაშვილის შემდეგ რა უნდა მოხდეს, ამაში ჩვენსა და ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას შორის არის სერიოზული განსხვავება. ჩვენ არ დავუშვებთ ხელისუფლებაში მიშა 2-ის ან მიშა 3-ის მოსვლას. ეს ნიშნავს ადამიანს, რომელიც ხელდასხმული იქნება ან მოსკოვიდან, ან ვაშინგტონიდან. ”

ლეიბორისტებს პრეზიდენტად მხოლოდ შალვა ნათელაშვილი წარმოუდგენიათ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG