Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციამ მხარდამჭერებს მოქმედების გეგმა გააცნო


ოპოზიციის მომხრეთა მიტინგი პარლამენტის შენობის წინ
ოპოზიციის მომხრეთა მიტინგი პარლამენტის შენობის წინ
27 მაისის საღამოს 6 საათზე პარლამენტის წინ გამართულ საინფორმაციო მიტინგზე ოპოზიციის ლიდერებმა მხარდამჭერებს მოქმედების ახალი გეგმა გააცნეს. გაირკვა, რომ ოპოზიცია არ აპირებს რუსთაველის გამზირიდან საკნების აღებას და პერმანენტულ საპროტესტო აქციებზე უარის თქმას. ახალი სამოქმედო გეგმის მიხედვით, 28 მაისს, დილის 12 საათზე, მასშტაბური მიტინგი გაიმართება სპორტის სასახლესთან, საიდანაც საპროტესტო აქციის მონაწილეები სააკაძის მოედანზე, თბილისის მერიის შენობასთან, გადაინაცვლებენ.
რუსთაველის გამზირზე მისულ მხარდამჭერებს ოპოზიციის ლიდერებმა 26 მაისს გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო შეგნების გამო მადლობა გადაუხადეს და იქვე თქვეს, რომ 9 აპრილს დაწყებული ბრძოლა არ დასრულდება, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი თანამდებობას არ დატოვებს. „საქართველოს სააკაშვილის გარეშე გაუმარჯოს!“ - ამ სიტყვებით მიესალმა მომიტინგეებს ”ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი, რომელმაც მხარდამჭერებს მოგვიანებით მოქმედების ახალი გეგმაც გააცნო. ოპოზიციის რისხვა ამჯერად თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაიმსახურა, რომელსაც, კობა დავითაშვილის მტკიცებით, პატრიარქისთვის უთქვამს, თუ ხალხი თავისას მოითხოვს, ჩვენ ძალას გამოვიყენებთო.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალ, 12 საათზე, მოვახდენთ მერიის პიკეტირებას. უგულავამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი იქნება ხალხის პასუხი მის თავხედობაზე და ჩვენ ბრძოლას არ შევაჩერებთ. ხვალაც იქნება აქციები და ზეგაც. გზებსაც გადავკეტავთ, მაგისტრალებსაც და რკინიგზასაც. 26 მაისს ჩვენ მივიღეთ ნდობის მანდატი ხალხისგან“, - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ადამიანებიც ოპოზიციის ლიდერებისგან რადიკალურ მოქმედებებს მოითხოვენ. რადიო თავისუფლება რამდენიმე მათგანს გამოელაპარაკა. „ერთი მინდა სააკაშვილი წავიდეს“, - განაცხადა საშუალო ასაკის მამაკაცმა, - „ვიბრძოლებ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე“. ახალგაზრდა ქალბატონის თქმით კი, ოპოზიციამ მიზნის მისაღწევად უნდა გადაკეტოს რკინიგზაც და აეროპორტიც.

ოპოზიციის მხარდამჭერთა ნაწილი ამბობს, რომ ლიდერებმა მოლოდინი გაუცრუეს. 26 მაისის შეუთანხმებელი მოქმედების გამო უკმაყოფილება არც „საქართველოს გზის“ ლიდერს სალომე ზურაბიშვილს დაუმალავს:

„ზოგჯერ მეც მოვტყუვდი, მეც გამიცრუვდა იმედი... გუშინ საღამოს არც მე ვიყავი კარგ გუნებაზე, მაგრამ დღეს აქ ვარ, ხვალაც აქ ვიქნები და ყველგან, სადაც თქვენ იქნებით, მეც იქ ვიქნები და ასე გავალთ ბოლოში.“

ბოლომდე სიარულს და ხალხთან ერთად ბრძოლას აპირებენ 9 აპრილის აქციის ორგანიზატორი ყველა პარტიის ლიდერები, თუმცა 27 მაისს ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მიზნის მისაღწევად განსხვავებული ტაქტიკით იმოქმედებს და არ მიიღებს მონაწილეობას ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ბლოკირებაში. „ალიანსი საქართველოსათვის“ ლიდერის ეს განცხადება პოლიტიკის ექსპერტებმა ოპოზიციის ტრანსფორმირების პირველ სიგნალად აღიქვეს. სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში არიან ძალები, რომლებსაც არა აქვთ საკმარისი პასუხისმგებლობა, რათა საზოგადოების მხარდაჭერით ქვეყანაში უმართავი ვითარება არ შექმნან. ანდრო ბარნოვი მიიჩნევს, რომ გამოსავალი ოპოზიციის ტრანსფორმირებაშია:

„უნდა დაიწმინდოს ოპოზიციური სპექტრი, რათა არ დარჩეს კითხვები იმ გზებისა და სტრატეგიის შესახებ, რითაც ისინი მოქმედებენ“, - განუცხადა ბარნოვმა რადიო თავისუფლებას. - „ აუცილებელია, რომ ეს გამოიკვეთოს, მოხდეს სტრუქტურირება ამ ოპოზიციისა, რომ ხალხმა დაინახოს, ვისი გზაა ის, რომელსაც შეიძლება დაადგეს. ეს არის პროცესი, რომლის წყალობითაც ხალხს არჩევანის გაკეთება გაუადვილდება.“

თუმცა ხალხის იმ ნაწილს, რომელიც თითქმის ორი თვეა რუსთაველზე დგას, მოთმინების ფიალა ევსება. მათთვის ხელისუფლებასთან დიალოგი და პერმანენტულ აქციებზე უარის თქმა საერთო საქმის ღალატია. ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, საპროტესტო აქციების გაგრძელებაზე უარის თქმას არ აპირებს „ალიანსი საქართველოსთვის“, რომლის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ბათიაშვილმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ დიდ გაერთიანებაში აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივიც კია:

„მთავარია, რომ არ მოხდეს შეურიგებელი წინააღმდეგობა, იმიტომ რომ ახლა აუცილებელია კოორდინაცია და ერთობა. ალიანსის მხრიდან არაფერი არ თქმულა, რომ გასვლას ვაპირებთ ამ ერთობიდან. ჯერჯერობით ფორუმმა დაიკავა ასეთი პოზიცია და კონსტანტინე გამსახურდიამ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა კოორდინირებულად ვიმოქმედებთ.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG