Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლადო ალექსი-მესხიშვილი - ექიმი


17 მაისი, კვირა
ერთი კვირის განმავლობაში ჩემი ყოველი დღე უნდა აღვწერო: შეხვედრები, შთაბეჭდილებები, რა ვნახე, რა მეცა თვალში, რა მომეწონა, ან არ მომეწონა; ვეცადო გავიგო, რა არის მთავარი და რა - მეორეხარისხოვანი. თბილისში დედაჩემის სანახავად ჩამოვედი. ძალიან მოხუცია და დასუსტებული, ლოგინიდან ვერ დგება და სრულიად უსუსურია.
წინა ოთხი დღის განმავლობაში ბევრ ვინმეს შევხვდი: მეგობრებს, ნაცნობებს, პაციენტების მშობლებს. საერთო შთაბეჭდილება შემდეგია: ზოგადი, ყოველდღიური ცხოვრებით უკმაყოფილება; მთავრობას (ვისაც კი შევხვდი და ვისიც მჯერა) არ ენდობიან. ყველა რაღაც დადებითი ცვლილებების მოლოდინშია.
თავისუფლების დღიურები -ლადო ალექსი-მესხიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:15:14 0:00
ისევ, თითქოს, ღარიბ ქვეყანაში ვიმყოფებით. ქუჩაში რომ გახვალ, ასეც არის. მათხოვრები, ქუჩები (გარდა რუსთაველის პროსპექტისა და აეროპორტისკენ მიმავალი გზისა) - დანგრეული, შენობები - მოუწესრიგებელი. ამავე დროს, მანქანის ნაკადი არ წყდება - ძვირფასი მოდელები, ბერლინშიც რომ იშვიათად ნახავ. წესრიგის დაცვაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მანქანებს, სადაც მოესურვებათ, იქ აჩერებენ, ტროტუარებზეც კი. ქუჩაზე გადასვლისას, გზას თითქმის არასოდეს არ გითმობენ. “უშიშროების ქამრებს” არ ხმარობენ გაუგებარი მიზეზების გამო, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია, რომ ამ ქამრებმა ათასობით სიცოცხლე გადაარჩინა მთელ მსოფლიოში.
საერთოდ, აქაურ მდგომარეობაზე ვინმეს რომ ესაუბრები და შენს აზრს გამოთქვამ, ხშირად გიპასუხებენ: “შენ აქ არ ცხოვრობ და აქაურ ვითარებას ბოლომდე ვერ გაიგებ”. სინამდვილეში, ჩამოსულს ხშირად თვალში ის ეცემა და იმას შეიტყობს, რასაც აქ მცხოვრები შეჩვეულია და ვეღარც ხედავს.
დილის 8 საათზე ავდექი, რაც ჩემთვის გვიანია. ბერლინში სამსახური 7 საათზე მეწყება და 5-ზე ან 6-ის ნახევარზე ვდგები. გავედი ქალაქში, მთავრობის სასახლესთან, სადაც კარვებია გაშლილი. კარვებზე გამსახურდიას პორტრეტებია გაკრული. ამან ცოტა გამაკვირვა. ჩემის აზრით, გამსახურდიას დიდი დამსახურება მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ნგრევის პროცესში. ჩემთვის უცხოა ერთი ერის მეორეზე მაღლა დაყენება. ღმერთის არჩეული არც ერთი ერი არ არის და ერის წინსვლა მხოლოდ შრომით და ცოდნით შეიძლება მოხდეს. ჩვენ, ქართველებს, ჩვენს თავზე ხშირად გადამეტებული წარმოდგენა გვაქვს. სინამდვილეში, სხვებზე არც უკეთესები ვართ და არც უარესები. ასე როცა ლაპარაკობ, გეუბნებიან ან ფიქრობენ, პატრიოტი არ არისო. თვითონ კი, საკუთარი ერის ნამდვილი ისტორია ხშირად არ იციან. კარვები რომ ვნახე, მერე ალექსანდრეს ბაღში შევედი. იქაურმა სურათმა გამაოცა. საშინელი დანაგვიანებულია და ბაღი საპირფარეშოდ არის გადაქცეული. სახლში დავბრუნდი და ორ საათზე საპატრიარქოში უნდა მივიდე.
ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ჩემის აზრით, არაჩვეულებრივი პიროვნებაა: ბრძენი, განათლებული, იუმორით სავსე, კეთილის მსურველი, თანამედროვე და ტოლერანტული. ხალხში დიდი სიყვარულით და ავტორიტეტით სარგებლობს. მასთან ურთიერთობა ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ მომიხდა. მომხიბვლელი პიროვნებაა და მასთან ყოველი შეხვედრა სიახლით არის სავსე და ჩემთვის დღესასწაულია. სადილზე მიმიპატიჟა. სადილს ჩემს გარდა რამდენიმე პირი ესწრებოდა: ორი - სასულიერო და ორი - საზოგადოების წარმომადგენელი. სადილი ერთ საათს გაგრძელდა. საუბარი საინტერესო იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, პატრიარქის თანდასწრებით უფრო მის ლაპარაკს ჰქონდა ჩემთვის მნიშვნელობა.
სადილის მერე საპატრიარქოს აივანზე გავედით და იქ ამ სურათმა გამაოცა: აივნიდან არ ჩანს პატრიარქის ნანატრი ქმნილება - ახალი სამების ტაძარი, რადგან მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უშნო, ეკლექტიკური და უგემოვნო შენობა ეფარება. დასანანია და, ამავე დროს, სიმბოლურია. ჩვენს არქიტექტორებს ფლორენციის მშენებლებს ვერ შევადარებ, მაგრამ ცოტა მაინც უნდა ესმოდეთ ჰარმონიის, პერსპექტივის და შენობათა შეფარდების მნიშვნელობა.
საღამოს 7 საათზე ისევ საპატრიარქოში მიმიწვიეს - სოხუმის უნივერსიტეტს წმინდა გიორგის ორდენი გადასცეს. ჯერ კონცერტი გაიმართა, მერე კი - ეგრეთ წოდებული “ფურშეტი”. ჩემზე ამ საღამომ ნაღვლიანი შთაბეჭდილება დატოვა. ეს ადამიანები, რომლებიც თავიანთი სამშობლოდან გააძევეს და იქ დაბრუნებას ნატრობენ, გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებიან. უტვინო პოლიტიკამ, უაზრო ომმა, მათი დაბრუნების იმედი გააქარწყლა და არარეალური გახადა. საინტერესოა, ვინც ეს ომი დაიწყო, ნამუსი თუ აწუხებს? ალბათ არა, რადგან ნამუსი მათ არ გააჩნიათ. ტრაბახი და სიცრუე მათი დამახასიათებელი ნიშანია. ხოლო იქ, სადაც ტრაბახია, ტყუილიც ადვილად იკიდებს ფეხს.
1965-67 წლებში სოხუმში ვმუშაობდი. ბევრი აფხაზი მეგობარიც მყავდა. ზოგის მოძებნა ვცადე, მაგრამ სად ნახავ, აირია ქვეყანა. გვიან საღამოს, საპატრიარქოს ეზოში, ლოცვას დავესწარი. ჩვენი რწმენა ჩვენი უდიდესი განძია. მაგრამ მარტო რწმენით ამ რთულ და ხშირად ბოროტ სამყაროში თავს ვერ გაიტან. ამ ბოლო წლებში ბევრი მნიშვნელოვანი განხრა, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის დაინგრა, ან დაანგრიეს. ამან მთელი ჩვენი საზოგადოება უკან გადააგდო, პირველ რიგში - პროფესიონალიზმის ხაზით. მარტო ინტელიგენციას არ ვგულისხმობ. ჩვენ გვჭირდება არა მარტო პროფესიონალი ექიმები, ინჟინრები და ა.შ., არამედ ასევე პროფესიონალი ხელოსნები, მუშები, გლეხები. ამის გარეშე ვიქნებით ჩამორჩენილი, მესამე სამყაროს ქვეყანა.
...იტყვიან, ყველაფერს შავად ხედავსო. მაგრამ, თუ რეალურად არ შეხედე იმას, რასაც ხედავ და რაც ხდება, როგორ უნდა გამონახო გამოსავალი? ქვეყანას ისეთი ხელმძღვანელობა სჭირდება, რომელიც თავის ინტერესებს და ამბიციებს ერის ინტერესებზე მაღლა არ დააყენებს და ერს ემსახურება. სათანადო მაგალითები არსებობს. ჩემის აზრით, ასეთი პიროვნებები იყვნენ განდი ან მანდელა. ცოტა უტოპიური ოცნებაა ნაცნობობით და კორუფციით გაჟღენთილ საზოგადოებაში.

18 მაისი, ორშაბათი
დღეს დედაჩემი უნდა ვაზიარო. ვკითხე, თუ უნდა და ძლივს მიპასუხა - დამიდასტურა, მინდაო. მამა სერაფიმს მოველაპარაკე გუშინ საპატრიარქოში. 10 საათზე უნდა მოვიდეს. დედაჩემი 92 წლისაა, ლოგინად არის ჩავარდნილი, უკიდურესად დაბერებული და ბავშვივით უმწეო. არც კი ვიცი, თუ ამ წელს გასტანს. ხშირად ვერ ვნახულობ. უკვე ორმოცი წელია, თბილისიდან წასული ვარ, მაგრამ წელიწადში ორჯერ მაინც ვცდილობ, რომ აქ ვიყო.
მამა სერაფიმმა დედა აზიარა. შემდეგ დიდხანს მესაუბრა. ახალგაზრდაა, სოხუმელი, რწმენით სავსე. ჩემის აზრით, ამ ბოლო ათი წლის განმავლობაში სამღვდელოების დონე ძალიან ამაღლდა. ბევრი განათლებული, ნასწავლი სასულიერო პირი გამოჩნდა, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი პატრიარქის დამსახურებაა. ჩვენი რწმენა ჩვენი არსია. ვერსად ვერ წაუვალთ. მორალური პრინციპები ხშირად რეალურ ცხოვრებაში არ მოქმედებენ. ჩვენი მთავრობა ამის ერთ-ერთი მაგალითია. ამ გაჭირვებულ ხალხსაც ვერ გაამტყუნებ. ძნელია მშიერ კუჭზე სულიერი იყო.
ჩემთან, როგორც ექიმთან, ბევრი ვინმე ცდილობს შეხვედრას. რჩევა-დარიგება უნდათ, დახმარება. ვცდილობ, ყველას დავეხმარო ჩემი შესაძლებლობის შესაბამისად. ჩემს აქაურ კოლეგებს ჩემდამი ინტერესი მაინცდამაინც არ გამოუჩენიათ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მიხარია მათთვის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება. ეს ჩემთვის დიდად დასანანია.
ერთი რამე მკვეთრად მომხვდა ყურში - ქართული ენის დაბინძურება. ყველა ენა შეიცავს უცხოურ სიტყვებს, მაგრამ თუ შესატყვისი გვაქვს, რატომ უნდა შევცვალოთ უცხოური სიტყვით? აი, ერთი მაგალითი: თბილისში რომ მოვფრინავდი, ჩემს გვერდით ერთი ახალგაზრდა ქალი იჯდა, მოპირდაპირე მხარეს კი - ახალგაზრდა კაცი. როგორც შევიტყვე მათი ხმამაღალი საუბრით (ერთმანეთს ჩემს თავზემოთ ელაპარაკებოდნენ), რაღაც დეპარტამენტებში მსახურობენ და, ეტყობა, საზღვარგარეთ ხშირი მოგზაურობით გატუტუცებულები არიან. მათი ქართული ენა რუსული სიტყვებით შეფერადებული იყო. მაგალითად: “კაკრაზ”, “კაროჩე”, “პროსტო”, “ვაბშჩე”, “პასადკა” და ა.შ. ან ქართულად ილაპარაკე, ან რუსულად. შენს ენას რას ერჩი? ჩემთვის ეს უკულტურობის ერთ-ერთი ნიშანია.
მეგობარმა დამირეკა. 102 წლის დედა ჰყავს. ხშირად უგონოდ არის. დავარდა და სახეზე კანი გაიხეთქა. გაუკერეს. ახლა კი ნაკერების მოხსნაა საჭირო. ექიმმა 60 ლარი მოსთხოვა. ამ თანხის გადახდა უჭირს. წავედი და ნაკერები მოვხსენი. იმან რა ქნას, ვისაც 60 ლარი არ გააჩნია და ნაცნობი ექიმი არა ჰყავს? ნუთუ 102 წლის ადამიანმა არ დაიმსახურა, რომ ნაკერები უფასოდ მოხსნან და სად არის ექიმის ლმობიერების გრძნობა? რომ ჰკითხო, ალბათ მორწმუნე იქნება...
აქაური ვითარება მეტად დაძაბულია. გარკვევა ძნელია. პრეზიდენტს ავტორიტეტი და ნდობა დაკარგული აქვს. ვფიქრობ, დიდხანს ვერ გასტანს. ოპოზიცია კი ძალიან მრავალფეროვანია. თურმე, საქართველოში სამოცამდე პოლიტიკური მიმდინარეობა და პარტია არსებობს. როგორ უნდა მორიგდნენ ერთმანეთში გამარჯვების შემთხვევაში, ძნელი წარმოსადგენია. სიბრძნეა საჭირო. ძველი, ბავშვობაში გაგონილი ხუმრობა გამახსენდა: კაცო, დაშნაკებს ხმა რატომ მიეციო? - მთავრობის ჯინაზეო. თითქოს, ზოგიერთი რამ დღესაც ასე ხდება. მთავარი საკითხია, შეგვწევს თუ არა უნარი, კანონზე დამყარებული სახელმწიფო შევქმნათ, სადაც კანონის წინაშე ყველა სწორია? ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს.
დანარჩენი საღამო სახლში გავატარე.

19 მაისი, სამშაბათი
დილას პროფესორმა ლაური მანაგაძემ უროლოგიის ინსტიტუტში მიმიწვია. ამ ინსტიტუტს ნარკოზის ორი თანამედროვე აპარატი და ქირურგიული ინსტრუმენტები გადავეცი უსასყიდლოდ და დილის კონფერენციაზე მადლობა გადამიხადეს. ინსტიტუტმა ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. თანამედროვედ გამოიყურება საოპერაციო ბლოკი, დიალიზის განყოფილება. საავადმყოფოს ტერიტორია კი მძიმე მდგომარეობაშია, მოუვლელია: აყრილი გზები ეზოში, ინსტიტუტის კიბეზე ავადმყოფების მრავალრიცხოვანი ნათესაობა და ე.წ. “გულშემატკივრები”. ამით, როგორც წესი, ექიმს მხოლოდ ხელი ეშლება. ბერლინში ასეთ “გულშემატკივართა” სიმრავლეს მხოლოდ მაშინ ნახავ, როდესაც ბოშა ავადმყოფს უკეთდება ოპერაცია - უამრავი ბოშა ქალი, მამაკაცი ეწევა ეზოში, იქვე ბავშვები ფუსფუსებენ.
13 საათზე ისევ საპატრიარქოში მიმიპატიჟეს. პატრიარქს სტუმრები ჰყავდა, დუდაევის - ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის - ქვრივი. შეხვედრის შემდეგ ლექსი წამიკითხა: “Было жарко, светило солнце, лето было на дворе”. ვკითხე - А, кто это? - არ ვიცოდი. - მაიაკოვსკიო. მაიაკოვსკი თუ გიყვართ-მეთქი. - Не мой стиль. - მიპასუხა. სადილზე მიმიპატიჟა. სადილს ქალბატონი თამუნა მგალობლიშვილი ესწრებოდა. საუბარი ჩამოვარდა პალესტინაში ქართულ მონასტრებზე და ეკლესიებზე, რომლების დაბრუნება სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ხერხდება. უცებ, პატრიარქი ღიმილით გვეუბნება, ერთ სასაცილო ამბავს უნდა მოგიყვეთო: “აქ ერთი ქართველი მონაზონი იყო, სახელად ზოია, გარუსებული. ის ერთ-ერთ ბერთან წაჩხუბებული იყო. მასთან შერიგება უნდოდა და გადაწყვიტა, კერძით მოეგო მისი კეთილგანწყობილება. ჯამში ჩაუსხა და მიართვა. ბერმა ჯამში ჩახედა და უცებ გაოცებულმა იკითხა: Кто это? (Что это?-ს ნაცვლად). ზოიამ ჯამში ჩაიხედა და რაც შიგ დაინახა, ასე ჰყვებოდა: - Я туда взглянула и что я вижу? Вот такой, черный таракан. - მერე ბერს ეუბნება: - Вы думаете, это я нарочно? რა თქმა უნდა, ვერ შერიგდნენ.”
საუბრის დროს უწმინდესმა გოგოლის რელიგიური ნაწერები მოიხსენია. გაიხსენა ჩაადაევის სიტყვები, თუ სად გაჩნდება, მაგალითად, ანტიქრისტე. წამოსვლის წინ მითხრა, თავს ნუ მოგვანატრებთო. მე ამათ (თავისიანებს გულისხმობდა) ხშირად ვხედავო, თქვენ კი იშვიათი სტუმარი ხართო. სადად და მეგობრულად. მასთან ურთიერთობაში მის მიმართ ნათესაური სიყვარულის გრძნობა გიჩნდება. სუფრაზე “სელიოდკაც”, ანუ ქაშაყიც იყო. ამაზე გაიხსენა: ერთი სამღვდელო პირი, რუსი, ეფრემ მეუფის მოწაფე, დაუჭერიათ და ციხიდან რომ გამოუშვიათ, ქუთაისში დაბრუნებულა. იქ შეხვედრა მოუწყვიათ - ქართული სუფრა, ხაჭაპურები და ა.შ. სუფრისთვის თვალი გადაუვლია და უთქვამს: - Еды много, а есть нечего-ო. გაჰკვირვებიათ და უკითხავთ: - რა აკლიაო? იმას უპასუხია: - Селедки нету!
საღამოს ერთი ახალგაზრდა, გულით მძიმე ავადმყოფი ყმაწვილი მომიყვანეს. ადრე ჩემთან ჰყავდათ ბერლინში გამოსაკვლევად. გონიერი და ნიჭიერი ახალგაზრდაა. ვკითხე, როგორ გასწავლიან-მეთქი. არც როგორო. ლექტორი თავისთვის, სტუდენტები - თავისთვისო. ზოგი ლექციაზე კარტსაც კი თამაშობსო და მხოლოდ რამდენიმე სტუდენტი თუ უგდებს ყურს ლექტორის ნათქვამს და დაფაზე დაწერილსაც ადევნებს თვალსო. ხშირად მესმის უკმაყოფილება ჩვენში სწავლების მდგომარეობით. იშვიათად თუ გაიგებ დადებითს. ერთი ნაცნობი მეუბნება: აი, მილიცია ქრთამს არ იღებსო, ქუჩები და ეზოები განათებულიაო, ქურდები გაყარესო. დიდი მიღწევებია დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ!
მე კი ვფიქრობ, რამდენი ახალგაზრდა დაიღუპა უაზროდ ორი უაზრო ომის დროს. ბევრი უცხოეთშია წასული სასწავლად, სამუშაოდ. ბევრი მათგანი წარმატებითაც მუშაობს. ესენი არიან ის მცოდნე ქართველები, რომლებსაც ბევრი კარგის შემოტანა შეუძლიათ, მაგრამ სამშობლოში მათი დაბრუნება ხშირად არარეალურია სხვადასხვა მიზეზით. იქ აწყობილი ცხოვრების მიტოვება და აქ თავიდან დაწყება ძალიან გაურკვეველი მომავლით, ყოველგვარი გარანტიის გარეშე, ძნელი წარმოსადგენია.

20 მაისი, ოთხშაბათი
დილიდან ერთი პაციენტის მამა მესტუმრა. მისი შვილი, 17 წლის ვაჟი, გულით მძიმე ავადმყოფია. მომავალში მას მხოლოდ გულის გადანერგვა უშველის. ეს კი საქართველოს პირობებში შეუძლებელია. ამის განხორციელება უცხოეთშიც ძალზე ძნელია, რადგან, ჯერ ერთი, უზარმაზარ თანხებთანაა დაკავშირებული და აღრიცხვაზე - როგორც უცხოელს - არ აიყვანენ. ერთადერთი გამოსავალია, ეცადონ იტალიაში მოლაპარაკებას, რადგან იტალია ტრანსპლანტაციის საკუთარი კანონით მოქმედებს და შესაბამისი ხელშეკრულებით არ არის დაკავშირებული ევროპის სხვა ქვეყნებთან. ამ ახალგაზრდის მამას ყველაფერი კარგად ესმის და არ იცის, როგორ იმოქმედოს. დავპირდი მსოფლიოს ტრანსპლანტოლოგიის მოწინავე ცენტრების მისამართების გამოგზავნას. იქნებ რამე მოხერხდეს. მერე ირინა მდივანმა დამირეკა, ჩემი პაციენტის დედამ. მის შვილს მეორე ოპერაცია გავუკეთე. ერთი კიდევ სჭირდება, გადაუდებლად. ოპერაციის თანხა ამერიკაში მოღვაწე ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ შესწირა. შესანიშნავი საქციელია! სამწუხაროდ, იშვიათად ხდება ასეთი რამ. ძალიან ძუნწები არიან ჩვენი მდიდრები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ახალგაზრდას სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, გერმანიის საელჩო ვიზას არ აძლევს. ოპერაცია ისედაც დაგვიანებულია, რადგან აქაურმა კარდიოლოგებმა სარქვლის ცვლილებები დროზე ვერ გამოუვლინეს. საელჩოს წერილი მივწერე და ბერლინშიც დავრეკე, ჩემს კლინიკაში, რომ საელჩოს სასწრაფოდ კიდევ ერთი დასაბუთებული წერილი გამოუგზავნონ. ისე, გერმანიაში მიემგზავრება ყველა, ვისაც არ ეზარება. ავადმყოფებს კი ხშირად დაბრკოლებებს უქმნიან. ჩვენთვის ეს არ არის პირველი შემთხვევა და მათი საქციელი ჩემთვის ცოტა გაუგებარია.
საღამოს 8 საათამდე ვარჩევდი ჩვენი ოჯახის არქივს: წერილებს, ფოტოსურათებს, დედაჩემის მიერ შეგროვილ პუბლიკაციებს. მთელი ჩვენი ოჯახის ისტორია თვალწინ წარმომიდგა. გავიხსენე ბავშვობა, წინაპრები. ბევრი წერილი გადავიკითხე, ძალზე საინტერესო: დედაჩემის და მამაჩემის, ბაბუაჩემის და ბებიაჩემის. ფოტოსურათები დავახარისხე. ძველი მეგობრებიდან ზოგი ცოცხალი აღარ არის, ზოგი დამეკარგა. არც კი ვიცი, სად არიან.
საღამოს მეგობარს შევხვდი. რა თქმა უნდა, ლაპარაკი აქაურ სიტუაციაზე ჩამოვარდა. მთავრობის ნდობა აღარ აქვთ. ოპოზიციას გამოხატული ლიდერი არა ჰყავს, ნამდვილი პიროვნება, ბრძენი. ალბათ, ბევრს პირადი ინტერესებიც ამოძრავებს, მაგრამ ხალხი უკმაყოფილოა და უკეთესობას ელის. ვნახოთ, რა იქნება.

21 მაისი, ხუთშაბათი
დილიდან ისევ საოჯახო არქივს ვარჩევ. ბოლო არ უჩანს. ისევ გადავიკითხე ბევრი წერილი. დროის დოკუმენტებია და არ უნდა დაიკარგოს. დღეს წერილების წერის კულტურა თითქმის დაკარგულია. მობილურმა, ინტერნეტმა და ესემესებმა შეცვალეს წერილები. ისე, როგორი გამართული ქართულით წერდნენ ერთმანეთს ჩემი მშობლები და მათი მეგობრები. არა მარტო ქართულად, რუსულადაც ასევე წერდნენ. რუსული ენა დაკარგული და დავიწყებულია. სამწუხაროდ! რადგან კულტურის დიდი და მნიშვნელოვანი მსოფლიო განძი უცნობი ხდება გარკვეული ფენისთვის. არა მგონია, რომ ინგლისურად, ან სხვა ენაზე მოლაპარაკე ახალგაზრდობა ამ ქვეყნის კულტურაში ღრმად ჩახედული იყოს. რუსულმა კულტურამ კი დიდი გავლენა მოახდინა ჩვენზე და ამის დაკარგვა ძალზე დასანანია. ამის წამკითხავი რუსოფილობას დამაბრალებს, მაგრამ სხვა კულტურის სიყვარული არავითარ “ფილობას” არ ნიშნავს, მხოლოდ - გამდიდრებას.
ახლა თითქმის ხუთი საათია და გარეთ გავედი. ჩემს ზოგიერთ ნათესავს მოვინახულებ და მერე გავაგრძელებ წერას. ირინა მდივანმა დამირეკა, ვიზა მომცესო. ეტყობა, ჩვენმა წერილებმა გაჭრა.
ნათესავებთან შეხვედრა. ახალი არაფერი. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ არავის არაფრის თავი არა აქვს. ლაპარაკი ისევ იმავე თემაზე - რა გველის? იმის იმედი, რომ ხელისუფლების შეცვლა ახალ წარმატებებს მოგვიტანს, ბევრს არა აქვს. საერთოდ, ძნელი წარმოსადგენიცაა. საიდან უნდა მოვიდეს უკეთესობა? ქვეყანა ღარიბია, არაფერს აწარმოებს. უამრავი მოქალაქე უცხოეთშია. აქვს ჩვენს ხალხს უნარი, ყველაფერი თავიდან ააშენოს? არ ვიცი. გერმანელები ომის მერე თავიანთი ქვეყნის აღორძინებაზე მუშაობდნენ და საკუთარ ხალხს არ ძარცვავდნენ. მიუხედავად წარსული რეჟიმისა, დემოკრატიული ინსტიტუტები დაამყარეს და თავდადებულად შრომობდნენ, არაფერს თაკილობდნენ. ჩვენთან კი ბევრს ჰგონია, რომ ახალი მთავრობა მოვა და ცხოვრებას მოუწყობს. ასე არ მოხდება, სანამ ჩვენი ხალხი თავის თავს გვერდიდან არ დაინახავს და როგორც ვოლტერი ამბობდა, თავის ბაღს არ მოუვლის.

22 მაისი, პარასკევი
ხვალ ჩემი ჩანაწერები უნდა დავამთავრო. არ ვიცი, ამის წამკითხავს რა შთაბეჭდილება დარჩება, მაგრამ მე ის აღვწერე, რაც დავინახე და მესმოდა. გარეთ ბევრს არ დავდივარ, რადგან დედაჩემი ძალიან შეუძლოდ არის. დილას მეგობარი ვინახულე. რამდენიმე დღის წინ ოპერაცია გადაიტანა. მანქანა დავიჭირე და წავედი. ვარაზისხევის აღმართზე შავკანიანი მათხოვარი ავტომანქანებს შორის ფულს აგროვებდა. მძღოლი მეუბნება: ეტყობა, ჩვენთან არც ისე ცუდადაა საქმე, ეს ადამიანი აფრიკიდან აქ თუ ჩამოვიდა სამათხოვროდო. შავი ჰუმორია. ჭავჭავაძის პროსპექტზე ვიღაცა შუა გზაზე აჩერებს მანქანას და მგზავრებს გადმოსხამს. მოძრაობა ჩერდება. იგივე მძღოლი მეუბნება, ჩვენ არაფერი გვეშველება, ველურები ვართ და უკულტუროებიო. ამ დროს, თვითონ ყველა წესის დარღვევით დაჰყავს მანქანა. კომენტარი ზედმეტია.
ვინმე იკითხავს, ნუთუ ამ კაცმა კარგი არაფერი დაინახაო? თბილისიდან დიდი ხნის წასული ვარ. ჯერ ოცი წელი რუსეთში ვიყავი და მერე ოცი წელი - გერმანიაში. ყველაფერს უცხო, მაგრამ მოსიყვარულე თვალით ვუყურებ. ჩემი ხალხი მეცოდება, ამდენი ხანი მინიმალურ, ნორმალურ ცხოვრებას რომ მოელის. ვინ არის დამნაშავე - ხალხი თუ მთავრობა? ალბათ, ბრალი ორივესია. მიზეზების გარჩევას არ დავიწყებ, მაგრამ არ მესმის, როგორ შეიძლება მოკლე ხანში ისე გამდიდრება, როგორც ზოგიერთი აქაური თანამდებობის პირი გამდიდრდა?
პატარა ბიჭი მომიყვანეს გასასინჯად, ერთი წლის. ოპერაცია გავუკეთე და კარგად არის. აქ ექიმებს განწირულად ჰყავდათ და მშობლებს სწორი გზაც კი არ მიასწავლეს. უკანასკნელი ინსტანციის როლში გამოდიოდნენ და დედას იმედს უკარგავდნენ. დედა მეუბნება, მაგათ დანახვას სტალინის და ბერიას ერთად დანახვა მირჩევნიაო. ვფიქრობ, რომ მედიცინის დონე საერთოდ ძალიან დაბალია. ყველაზე ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ რაც შემხვედრია, ხშირად არაპროფესიონალურ და, რაც მთავარია, არაადამიანურ მიდგომაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, ექიმი შიმშილით არ უნდა მოკლა, მაგრამ საავადმყოფოსთან ექიმების ისეთი მანქანები დგას, როგორიც ჩემი კლინიკის ექიმებს არა ჰყავთ. როგორ და საიდან? ქართული პარადოქსია.
რომ მკითხონ, როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს თბილისი ჩამოსულ სტუმარზეო, ვუპასუხებდი: მოუვლელი, ჭუჭყიანი, არასუფთა, დაულაგებელი, ხალხი შეწუხებული სახეებით, განსაკუთრებით - ხნიერი ადამიანები. ის რომანტიკული ელფერი, რომელიც თბილისს უწინ ჰქონდა, სრულიად დაკარგულია და ძნელია იმის თქმა, რით შეუძლია მოიზიდოს სტუმარი.
რამაც გამახარა, რადიოსადგური “მუზაა”. შესანიშნავი გადაცემები კლასიკურ მუსიკაზე. როცა ასეთი რამ არსებობს, იმედი არ მეკარგება, რომ ჩვენი კულტურა აღორძინებას ეღირსება.

23 მაისი, შაბათი
დღეს ჩემი ჩანაწერები უნდა დავამთავრო. დასანანია, რადგან კვირას კახეთში ვაპირებ წასვლას და ალბათ, იქ ბევრ საინტერესოს ვნახავ. ეს ჩანაწერები არ გადამიკეთებია და არ დამივარცხნია. გადავწყვიტე, ასე დავტოვო, რადგან ვფიქრობ, რომ დაუვარცხნელი ტექსტი უფრო ცოცხალი იქნება.
გერმანულ გაზეთს ვკითხულობდი. თურმე, ჩინეთში 825 ათასი მულტიმილიონერია, ე.ი. 6 ჩინელი ყოველი ათი ათასიდან ფლობს ერთ მილიონ ევროზე მეტს. საინტერესოა, როგორაა ჩვენთან საქმე? იქნებ, ვინმე დაინტერესდეს. ჩინეთში მექრთამეებს სიკვდილით სჯიან. ეს უკიდურესობაა, რა თქმა უნდა. აქ კი მოპარული ფულით გამდიდრებული ხშირად მორალზე ლაპარაკობს და ცდილობს, ეკლესიას მიეტმასნოს, პატრიოტულ სადღეგრძელოებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
შეიძლება შენს ქალაქში წლების განმავლობაში ჩამოდიოდე და უკეთესობას ვერ ხედავდე? მსოფლიო წინ მიჰქრის. ათასი რამ ხდება, შენდება, უმჯობესდება. ჩვენ კი საშველი არ დაგვადგა. არიან ნავთობით უმდიდრესი ქვეყნები, სადაც მოსახლეობას ელექტროდენი და წყალი მუდმივად არა აქვს. იქ მთავრობა ქურდობს და ხალხზე სრულიად არ ფიქრობს. ჩვენ კი, რა ღმერთი გავიწყრა, ნუთუ ერთი ბრძენი ხელმძღვანელი ვერ გააჩინა ამ ქართველმა ერმა? მაგრამ მესია არ მოვა. იქნებ ახლა მაინც შეიცვალოს ცოტა უკეთესობისკენ. იმედია თუ უიმედობა?
XS
SM
MD
LG