Accessibility links

logo-print

საქართველოს ელჩი გაეროში რუსეთს ბან კი მუნის ”შანტაჟში” სდებს ბრალს


კახა ლომაია და ბან კი მუნი

კახა ლომაია და ბან კი მუნი

საქართველო რუსეთს გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნზე ზეწოლაში ადანაშაულებს. საქართველოს წარმომადგენელმა გაეროში, ალექსანდრე ლომაიამ სააგენტო როიტერს განუცხადა, რომ გაეროს გენერალურ მდივანს რუსეთი ”აშანტაჟებს” იმისათვის, რომ მან ცვლილებები შეიტანოს საქართველოს შესახებ ანგარიშში. რუსეთი უარყოფს ლომაიას მტკიცებას.

გუშინ რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა გაეროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვაზე, როგორია რუსეთის პოზიცია გაეროს გენერალური მდივნის წინადადებებზე, რომლების აფხაზეთში გაეროს ყოფნის გაგრძელებას შეეხება, ზოგადი პასუხი გასცა: ”როგორც აღვნიშნე, ეს წინადადებები არის კარგი საფუძველი განსჯისთვის. სრულებით არ არის აუცილებელი, რომ ყოველი წინადადება უცვლელად იყოს დამტკიცებული. ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს დისკუსიები ამ საკითხებზე”, - აცხადებს ჩურკინი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს კომენტარს საქართველოში გაეროს მისიის მომავალ მანდატთან მიმართებით საქართველოს პოზიციაზე: ”საქართველოს სურს იხილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაეროს ძლიერი მისია, რომელსაც ექნება ძლიერი სამონიტორინგო და საპოლიციო ფუნქციები, რომელიც შეძლებს წესრიგის, კანონის უზენაესობისა და მშვიდობის დამყარებას და ადამიანის უფლებების დაცვას ამ რეგიონებში და რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი მისია, რომელიც გაეროს ეგიდით განლაგდება საქართველოს ტერიტორიაზე, მიზნად უნდა ისახავდეს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს. ამასთან, საქართველო მხოლოდ მიესალმება გაეროს ისეთ მისიას, რომელიც ობიექტურად და სამართლიანად აღწერს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და რეგულარულად მიაწვდის ამ ინფორმაციას საერთაშორისო საზოგადოებას” - ეს არის ნაწყვეტი საქართველოს საგარეო უწყების პრესისა და ინფორმაციისნ დეპარტამენტის კომენტარიდან.
XS
SM
MD
LG