Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა ასეთი სიყვარულია... (რომანტიზმიდან პრაგმატიზმამდე)


რა მოხდა 26 მაისს? ამ დღეს ყველა თავისებურად აფასებს და შეფასებები რადიკალურად განსხვავებულია: ზოგისთვის ეს გამარჯვების დღეა, ზოგისთვის – დამარცხების. რა მოხდა სინამდვილეში, ისევ და ისევ, არ ვიცით.

თუმცა, არის ერთი ფაქტი, რომელშიც ეჭვის შეტანა შეუძლებელია. პროტესტულად განწყობილმა ადამიანებმა ეროვნული სტადიონი შეავსეს, შემდეგ, გიორგი გაჩეჩილაძის მოწოდების თანახმად, სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძრნენ, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან მიიღეს ერთმნიშვნელოვანი „მესიჯი“ – რომ პრეზიდენტის გადაყენება ძნელი და ცუდი საქმეა. მსვლელობის ინიციატორი გიორგი გაჩეჩილაძე ცდილობს, შესაძლებლობის ფარგლებში განმარტოს, რატომ მოისმინა საზოგადოებამ პატრიარქისგან სხვა რამ, ვიდრე თავად ელოდა, როდესაც ხალხი სამების ტაძრისკენ დაძრა. ამით „უცნობი“ საკუთარ გადაწყვეტილებას ამართლებს, ზოგიერთი პარტიული ლიდერი კი ღიად აცხადებს, რომ ტაძრისკენ მსვლელობა პოლიტიკური შეცდომა იყო.

როდესაც გიორგი გაჩეჩილაძე სტადიონზე ხელში აყვანილი შეიყვანეს და ტრიბუნები ოვაციების თანხლებით შემოატარეს, ცხადი გახდა, რომ იმ დღის ლიდერი სწორედ მომღერალი „უცნობი“ იქნებოდა და არა – ვინმე სხვა. როდესაც გიორგი გაჩეჩილაძემ გამოაცხადა, სამების ტაძარში წავიდეთო, ბევრს, ალბათ, გაახსენდა, რომ წინა ღამეს იგი საქართველოს პატრიარქს ეწვია და, სავარაუდოდ, მეორე დღის გეგმებზე შეთანხმება სწორედ იქ და მაშინ შედგა. საზოგადოებრივი ლიდერისა და ეკლესიის მღვდელმთავრის შეთანხმების საგანი აშკარად პოლიტიკის სფეროს განეკუთვნებოდა. შესაძლოა, ბუნებრივიც იყო, რომ ამ ორმა ადამიანმა, რომელიც დღეს რეალური ავტორიტეტით სარგებლობს, საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ მომენტში გადაწყვეტილების მიღებაზე. მაგრამ, იმის გამო, რომ ეს გადაწყვეტილება თავისი მნიშვნელობით სწვდებოდა არა მხოლოდ საზოგადოების ერთ, პროტესტულად განწყობილ ნაწილს, არამედ – მთელ მოსახლეობას, არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ – ხელისუფლებასაც, ცხადია, მიხეილ სააკაშვილი შედეგებს გულხელდაკრეფილი ვერ დაელოდებოდა. ორიოდე ადამიანმა იცის, რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რით დასრულდა მსვლელობა სამების ტაძრისკენ. და მხოლოდ გულუბრყვილოებს შეიძლება გაუკვირდეთ, რომ იმ ღამეს პრეზიდენტი რომში გაფრინდა მორიგი გამარჯვების აღსანიშნავად.

26 მაისის დრამატურგია პირადად ჩემთვის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ, ჯერჯერობით, ოპოზიციური ლიდერები თავის ფუნქციას არ თუ ვერ ასრულებენ. შესაბამისად, ამ სიცარიელის შევსებას ცდილობენ საზოგადოებრივი ლიდერები, რომლებიც, ბუნებრივია, შეცდომებს უშვებენ, რადგან პოლიტიკა მოხალისეების საქმე არ არის.

როდესაც გიორგი გაჩეჩილაძემ „საკან N5“–ში ჩაჯდომა გადაწყვიტა, ცოტა ვინმე თუ იფიქრებდა, რამდენად თანმიმდევრული და შედეგიანი აღმოჩნდებოდა ეს ნაბიჯი; როდესაც თბილისის პოლიციის სამმართველოს ღობეს გადააბიჯა, უკვე ბევრმა აღიარა, რომ „უცნობმა“, ფაქტობრივად, თავი გაწირა სხვებისთვის; ხოლო იმის შემდეგ, რაც საქართველოს ქალაქები შემოიარა ავადმყოფმა, დედაქალაქში თითქმის მთელი ქვეყნის მიერ აღიარებულ საზოგადოებრივ ლიდერად დაბრუნდა.

ამასობაში, პოლიტიკოსებიც რაღაცას ცდილობდნენ, მაგრამ – გაცილებით ნაკლებს. კრიტიკულ მომენტებში მათ არ ჰქონდათ გეგმა და გადაწყვეტილებებს სპონტანურად ღებულობდნენ. ხელისუფლებას ნახევარი ნაბიჯითაც ვერ დაახევინეს უკან. საზოგადოების მობილიზების თუ საპროტესტო მუხტის გაღვივების კუთხით, პარტიული ლიდერები, ძირითადად, „უცნობის“ იმედზე იყვნენ და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტშიც, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ინიციატივა მას დაუთმეს.

26 მაისის ერთ-ერთი მთავარი შედეგი სწორედ ისაა, რომ პოლიტიკა პოლიტიკოსების ხელში დაბრუნდა. მართალია, „უცნობი“ ისევ საკანში დარჩა, მაგრამ მისი ფუნქცია, როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირისა, ფაქტობრივად, ამოწურულია. ამიერიდან ყველაფერი, რაც მოხდება, ან არ მოხდება, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა იქნება. სიყვარული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ტრადიციების, რიგითი მაყურებლების, ნაცნობების, უცნობების მიმართ – ფაქტობრივად, მთელი რომანტიზმი, რაც წარმართავდა საპროტესტო მოძრაობას 9 აპრილიდან 26 მაისამდე – შეიცვლება პოლიტიკური მიზანშეწონილობით და პრაგმატიზმით. ეს ნამდვილად ასე მოხდება, რისი პირველი ნიშანიც ის გახლავთ, რომ ირაკლი ალასანიამ და ნინო ბურჯანაძემ 27 მაისიდან უარი თქვეს ფორმალობაზე, რაც მათ ერთად დგომას ითვალისწინებდა და მკაფიოდ გამოკვეთეს საკუთარი გზა: პირველმა – ხელისუფლებასთან დიალოგი, მეორემ კი – ბრძოლა გამარჯვებამდე. გიორგი გაჩეჩილაძემ, საზოგადოებასთან ერთად, მათ საკმაოდ დიდი დრო მისცა რეალური ნაბიჯების მოსამზადებლად.

ორიოდე დღეა, „უცნობი“ საკანს – სიყვარულის და რომანტიზმის ველს – დაუბრუნდა. პოლიტიკა კი მას, წესით და რიგით, საბოლოოდ ჩამოშორდა. ამიტომაც არ უნდა გვიკვირდეს, რომ 26 მაისის დიდი გამოცდის შემდეგ, გიორგი გაჩეჩილაძისთვის ყველაზე საყვარელ ადამიანად კვლავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რჩება.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG