Accessibility links

logo-print

ოპოზიციამ და დემონსტრანტებმა მიზანში ქალაქის მერია ამოიღეს


არასაპარლამენტო ოპოზიციამ და მათმა მომხრეებმა 28 მაისს მიტინგი და პიკეტი თბილისის მერიასთან მოაწყვეს. რამდენიმე საათის განმავლობაში ბლოკირებული იყო მერიის ყველა შესასვლელი, ხოლო მომიტინგეები დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას, გადაყენებას მოითხოვდნენ.

”არჩეული მერი ხალხის მერია, დანიშნული მერი ხალხის მტერია”, ”დადექით ხალხის სამსახურში”, ”გრცხვენოდეთ” - ასეთი ლოზუნგებით ააჭრელეს თბილისის მერიის შენობის კედლები ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტებმა, რომლებმაც მოგვიანებით შენობას კვერცხები დაუშინეს. მიტინგზე გამოსული ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთიმეორის მიყოლებით განმარტავდნენ, თუ რატომ აირჩიეს პიკეტის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ქალაქის მერია და მერი - გიგი უგულავა. პარტიათა კოალიცია ”ახალი ალიანსის” წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტი მიუწვდომელი გახდა ხელისუფლებისათვს, უგულავამ უმრავლესობა სწორედ მერიაში შეიკედლა.

”მე-18 და მე-19 სართული გამოათავისუფლა უგულავამ და თავის თანაპარტიელებს, ანუ საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებს, დაუთმო ეს კაბინეტები საფუნქციონიროდ. ამიტომ ეს შენობა არის და გახდება ქართული პოლიტიკური ოპოზიციის სამიზნე და მორიგი ეპიცენტრი ჩვენი პროტესტისა.”

მამუკა კაციტაძეს მხარი აუბა ეკა ბესელიამ, ”მოძრაობა ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, და ექს-სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ. მისი თქმით, ქალაქის მერი 26 მაისს სამების საკათედრო ტაძარში პროვოკაციის მიზნით მივიდა, შანტაჟი მოუწყო პატრიარქს და ამით ისე გამოიყვანა დემონსტრანტები წყობილებიდან, რომ, თუ არა ოპოზიციის ლიდერთა მოქმედება, სისხლი დაიღვრებოდა:

”თვალი რომ წაგვეხუჭა ან არ გაგვეგონა მათი სიტყვები, ის ბავშვები აპირებდნენ ტელევიზიასთან მისვლას. სისხლი დაიღვრებოდა და მეორე დღეს ეს ხელისუფლება შეიძლებოდა აღარ ყოფილიყო. მაგრამ არ წავედით ამაზე. ამით გვჯობნის სააკაშვილი. მისგან განსხვავებით, ჩვენ ვუფრთხილდებით ამ ქვეყნის ღირსებას.”

”ქვეყნის ღირსების ფეხქვეშ გათელვის გამო” პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მერიასთან გამართულ მიტინგზე განსაკუთრებით ბევრჯერ გააკრიტიკეს. სალომე ზურაბიშვილმა, ”საქართველოს გზის” ლიდერმა, არაადეკვატური უწოდა სააკაშვილის ჩასვლას რომში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე დასასწრებად. ”ახალი ალიანსის” წევრმა, რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა კი სააკაშვილს ბრალი დასდო მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის გაუარესებაში:

”სულ რამდენიმე დღის წინ [სააკაშვილი] ბაქოში ბრძანდებოდა და გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო კონფედერაციის რეჟიმში ვიცხოვრებთო. უნდა გენახათ სომხური პრესა, სრულიად სამართლიანად აღშფოთებული პრესა.”

თბილისის მერიასთან 28 მაისს არც პარლამენტის უმრავლესობის წევრები გამოჩენილან და არც თავად მერიის სამსახურის უფროსები. ისინი ბლოკირებულები იყვნენ შენობაში, რომლის შესასვლელ და გამოსასვლელ კარებს ოპოზიციის ლიდერები აკონტოლებდნენ. ისინი კვლავ თავიანთი ერთიანობის ურღვეობაზე ლაპარაკობდნენ და ჰპირდებოდნენ ჩვეულებრივზე უფრო შეთხელებულ პუბლიკას, რომ ბოლომდე მიიყვანენ დაწყებულ საქმეს, მიაღწევენ ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს. 28 მაისს, ამაღლების დღესასწაულზე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილიამ მეორემ ხელისუფლებას უკვე ღიად მოუწოდა რადიკალური ცვლილებებისაკენ. ილია მეორის მიმართვა მედიას დღეს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა, გააცნო:

”სიტუაცია კვლავ სერიოზულია და ფეთქებადსაშიში. ვფიქრობთ, ხელისუფლებამ უნდა ქმედითი ნაბიჯები გადადგას დაძაბულობის განმუხტვისათვის - იქნება ეს რიგგარეშე არჩევნები, მოლაპარაკებები თუ სხვა.”

პატრიარქის მოწოდებამ გაახარა მერიასთან შეკრებილი ოპოზიციის ლიდერები და მათი მომხრეები. მომდევნო მიტინგის ჩასატარებლად ისინი სააკაძის მოედნიდან რუსთაველის გამზირისაკენ დაიძვრნენ ხმამაღალი შეძახილებით და მოსახლეობას შემოერთებისაკენ მოუწოდებდნენ.
XS
SM
MD
LG