Accessibility links

logo-print
ბერლინში უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკების მარათონი “ოპელის” გარშემო. საქმე ეხება მანქანების მწარმოებელ კომპანიებს შორის მსოფლიოში სიდიდით მეორე “ჯენერალ მოტორსის” შვილობილს. კვლავაც უცნობია, ვის ხელში გადავა “ოპელი” 1 ივნისის შემდეგ, როცა “ჯენერალ მოტორსს” შესაძლოა, თავის გაკოტრებულად გამოცხადება მოუწიოს.

მოლაპარაკებამ ბერლინში თავი მოუყარა გერმანიის მთავრობის წევრებს, “ჯენერალ მოტორსის” წარმომადგენლებს და იმათ, ვისაც ოპელის ყიდვა სურს. სასურველად სახელდებოდა ისეთი შედეგი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა “ოპელის” მუშაობის გაგრძელებას, სანამ “ჯენერალ მოტორსის” მომავალი გარკვეულა და გერმანიის მთავრობას უნდა დაესახელებინა სასურველი კანდიდატი კომპანიის ყიდვის მსურველებს შორის.

მაგრამ მთელი ღამის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. გერმანიის ფინანსთა მინისტრ პეერ შტაინბრიუკის განმარტებით, მოთხოვნის გამო, რომელიც ბოლო წუთში წამოაყენა “ჯენერალ მოტორსმა”.

შტაინბრიუკის თქმით, არის ნაღდი ფულის დამატებითი მოთხოვნა, რომელიც, “ჯენერალ მოტორსის” მოთხოვნით, გაზრდიდა გარდამავალი პერიოდისთვის განკუთვნილ კრედიტს. გერმანიის ფედერალური მთავრობა კი ამას ვერ გააკეთებს. ამიტომ პრობლემა მოკლე ვადაში უნდა მოგვარდეს. “ჩვენთვის უსიამოვნო სიურპრიზი იყო, რომ ეს მოთხოვნა, ეს იდეა აქამდე კი არ გამოთქმულა, არამედ რომ იტყვინ, მოწმენდილ ცაზე მეხივით გავარდა დღეს, დილის რვა საათზე. და ეს მოთხოვნა, “ჯენერალ მოტორსის” წარმოადგენით იმდენად მოკლე ვადას იძლევა ფულის გადასახდელად, რომ ჩვენ ეს მართლაც უკვე მეტისმეტად მოგვეჩვენაო”, ამბობს შტაინბრიუკი.

აშშ-ში დაფუძნებული “ჯენერალ მოტორსი”, რომლის ბოლო მოთხოვნით უკმაყოფილებაც გერმანიის ფინანსთა მინისტრმა გამოთქვა, ევროპაში თავისი შვილობილი კომპანიის გაყიდვას ცდილობს მასშტაბურ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. აშშ-ის მთავრობის მოთხოვნით, “ჯენერალ მოტორსს” მოუწევს, 1 ივნისამდე დაასრულოს რეორგანიზაციის პროცესი, ან კიდევ გაკოტრებას შეურიგდეს. გაკოტრება კი სამწუხარო, მაგრამ საკმაოდ რეალური პერსპექტივა ჩანს მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს კომპანიის კრედიტორებმა უარი თქვეს “ჯენერალ მოტორსის” აქციების შესყიდვაზე. ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა “ოპელის” გარშემო მოლაპარაკებამ...

გერმანიის წინადადებით, “ოპელზე” უნდა დაწესდეს მეურვეობა, რომლისთვისაც გამოიყოფა 1,5 მილიარდი ევრო დროებითი სახელმწიფო კრედიტების სახით და რომლითაც დროს მოიგებენ “ოპელის” ყიდვით დაინტერესებულებთან მოლაპარაკების გასაგრძელებლად.

ამასობაში, დაინტერესებულებიდან ორად ორი დარჩა: “ფიატი” და “მაგნა”. გავრცელებული ინფორმაციით, ამ უკანასკნელს - ავსტრიულ-კანადურ კომპანიას, მანქანის ნაწილების მწარმოებელ “მაგნას” ანიჭებს უპირატესობას გერმანიის მთავრობა. სხვათა შორის “მაგნასთან” ერთად არიან ჩართული “ოპელის” გარშემო მოლაპარაკებაში რუსეთის კომპანია “გაზი” და “სბერბანკი”.

“ოპელის” ბედი, ბუნებრივია, ყველაზე მეტად აღელვებს მის თანამშრომლებს - ათასობით ადამიანს, რომლებიც სამუშაო ადგილის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. გერმანიის ქალაქ რიუსელსჰაიმის “ოპელის” ქარხანაში დღეს დილას მისულებიდან ბევრი ჩანდა შეწუხებული წუხანდელი მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ შექმნილი გაურკვეველი ვითარების გამო. ერთ-ერთი მუშის თქმით, ქარხნის რიგითმა თანამშრომლებმა საერთოდ არაფერი არ იციან, რადგან მოლაპარაკების მონაწილეები ყველაფერს ბოლო წუთამდე ასაიდუმლოებენ. “ან ყველაფერი მოგვარდება ან კიდევ ცუდი ამბავი ბომბივით გასკდება და დავიხურებით” - ასეთი შიში “ოპელის” თანამშრომლებიდან ცოტას როდი აქვს.

თუმცა ზოგი რიუსელსჰაიმში მაინც იმედიანად არის განწყობილი და იმედოვნებს, რომ “ოპელი” - მისი ნაწარმის ხარისხის წყალობით - შეძლებს ბაზარზე დარჩენას. ამ იმედს, ალბათ, იზიარებს ათასობით ადამიანი, დასაქმებული “ჯენერალ მოტორსის” ქარხნებში ევროპის კონტინენტზე. მათი რიცხვი 54 000 აღწევს.

ხვალ “ოპელის” ბედზე ბრიუსელშიც იმსჯელებენ. ევროკომისიამ საგანგებო შეხვედრა დანიშნა ევროკავშირის ვაჭრობისა და ეკონომიკის მინისტრების მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG