Accessibility links

logo-print

კვირის პრესის მიმოხილვა, 23 მაისი 2009


მთელი კვირის მანძილზე, მიმდინარე მოვლენების პარალელურად, - იქნებოდა ეს პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლები, ოპოზიციისთვის ავტომანქანების ჩამორთმევა, რეგიონებში აქციების მიმდინარეობა, მუხროვანის ამბოხის ორგანიზებაში ძებნილ ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაცია თუ სხვა, - პრესაში ქვეყნდებოდა პოლიტიკოსთა და არაპოლიტიკოსთა მოსაზრებები როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების სავარაუდო ნაბიჯებისა და, ზოგადად, ვითარებიდან გამოსავლის ძიების თემაზე და კიდევ ერთი თარიღის, 26 მაისის, მოლოდინზე.

ორშაბათს ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე ოპოზიციისთვის უმჯობეს, უფრო მომგებიან გზას ასე განსაზღვრავდა: ”ზომიერი და რადიკალური ფრთა შეთანხმებულად მოქმედებენ. ზომიერი ფრთა მართავს მოლაპარაკებებს ხელისუფლებასთან, რათა შეამზადოს ნიადაგი მისი მშვიდობიანი გადადგომისთვის და ამისთვის გარკვეული დათმობები ”გამოსტყუოს” - როგორიცაა, ძირითადად, საარჩევნო გარემოს გაკეთილშობილებასთან დაკავშირებული საკითხები. ამ მოლაპარაკებების პარალელურად, რადიკალური ფრთა კვლავაც განაგრძობს მიტინგებს და აწყობს საპროტესტო აქციებს, რათა არ დაიკარგოს საპროტესტო მუხტი, მისი სიმწვავე და, შესაბამისად, ასეთმა ფონმა მეტი წონა შესძინოს მოლაპარაკებებში ზომიერი ფრთის არგუმენტებს.”

ხუთშაბათის ”ახალი თაობის” ავტორი კი წერდა: ”სააკაშვილის ხელისუფლებამ საკმარისი არგუმენტები დააგროვა იმისთვის, რომ ჩამოსცილდეს ხელისუფლებას, თუმცა, ოპოზიციის არაადეკვატურობის დამსახურებით, ის კვლავ რჩება თავის ადგილზე და, რა თქმა უნდა, ცდილობს სხვადასხვა მეთოდით კვლავ გამყარდეს. ოპოზიციისგან განსხვავებით, სააკაშვილის გუნდი არც ”ვარდების რევოლუციამდე” ზარმაცობდა და არ თვლემს არც დღეს, რადგან ახლა მათ იციან, რომ დაკარგავენ არა მარტო ძალაუფლებას და მოხვეჭილ ქონებას, არამედ ზოგიერთები - თავისუფლებასაც. სააკაშვილს გაუმართლა, რომ ოპოზიცია არათანმიმდევრულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისივე სიტყვების არ იყოს, სამ თვეში დასრულდებოდა ნაციონალური სპექტაკლების სეზონი.”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი 21 მაისის ”ყველა სიახლეში”: ”ჩემი აზრით, ამ ქვეყანაში პოლიტიკური მომავალი აქვთ არარადიკალური ხასიათის პარტიებს. თუ გადავხედავთ მსოფლიოს, განსაკუთრებით, ევროპას, არსად ხელისუფლებაში ულტრარადიკალები და მოექსტრემისტო პოლიტიკური ძალები არ მოდიან. რევოლუციური გზა ხელისუფლებაშინ მოსვლისთვის აღარსად არის პოპულარული. შესაბამისად, ეს კარგად უნდა გააანალიზონ რადიკალურ ოპოზიციაში. ეს საზოგადოების მოთხოვნაც არის”, - ამბობს გიგი წერეთელი ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

ყოველკვირეულ ”ჯორჯიან ტაიმსს” კი პარლამენტის სპიკერმა უთხრა: ”ჩვენ არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, როგორც ისრაელი და პალესტინა, რომ ბრიუსელში ჩავიდეთ ხელისუფლების და ოპოზიციის ლიდერები მოსალაპარაკებლად. თუ გვსურს ვიყოთ მენტალურად თავისუფალი და არა მხოლოდ ფორმალურად დამოუკიდებელი ქვეყანა, მაშინ უნდა ვისწავლოთ რადიკალური პოზიციების გადალახვა და კომპრომისული გზების ძიება, პოზიციების შეჯერება, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”, - ამბობს დავით ბაქრაძე ”ჯორჯიან ტაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ბრიუსელში არა, მაგრამ ლონდონში გამართულ ერთ შეხვედრაზე წერს შაბათის ”რეზონანსი”. მასში მონაწილეობდნენ როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საპარლამენტო უმრავლესობის, ისე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. შეხვედრა ევროპის პარლამენტთაშორისი კავშირების გაერთიანების მიერ მოეწყო და ის საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწასა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებს ეძღვნებოდა.შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილეს, ”ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ აბაშიძეს, ”რეზონანსისთვის” განუცხადებია: ”ამ ხელისუფლების პირობებში სამართლიანი არჩევნების ჩატარების ილუზია არ გაგვაჩნია. მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი შეხვედრით, რადგან დავინახე ბრიტანელი მეგობრების მხარდაჭერა. მათ უნდათ, რომ ქვეყანაში ნორმალური ვითარება იყოს და, იმედია, ეს მხარდაჭერა გაგრძელდება.”

დასავლეთსა და დიპლომატებთან მუშაობის მნიშვნელოვნებაზე საუბრობს ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი მელაშვილი, სამშაბათის ”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში: ”სერიოზულად ვმუშაობთ, რომ მოხდეს გარდატეხა. დასამალი არ არის და ძალიან დიდი ფული ჩაყარა სააკაშვილმა ოპოზიციის დისკრედიტაციაში, რომ რაღაცნაირად შეენარჩუნებინა თავისი შელახული იმიჯი და უზარმაზარი პროპაგანდისტული მანქანები ჩართო. ხელისუფლების მთელი პიარი აგებული იყო, რომ ოპოზიციასთან საუბარს აზრი არ აქვს, იმის გამო, რომ, სააკაშვილის გადადგომის გარდა, არაფერზე სურთ ლაპარაკი, მაგრამ, როგორც კი დახვეწილი პასუხი გადაეცათ, 6-პუნქტიანი გეგმის თაობაზე, რომელიც ჰქონდა ოპოზიციას, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ დასავლეთმა სააკაშვილს მოსთხოვა, რომ გარკვეული დიალოგი უნდა დაიწყოს”. - ირაკლი მელაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციას დღეს სჭირდება არა იმდენად საერთო ლიდერზე შეთანხმება, რამდენადაც ”ძალიან მჭიდრო, კოორდინირებული მოქმედება.”

ოპოზიციის ერთიანი ლიდერის თემა მიმდინარე კვირის პრესაში არაერთხელ გამოჩნდა, მათ შორის ”ალიანსი საქართველოსთვის” წევრ, რესპუბლიკელ დავით ზურაბიშვილთან ”რეზონანსის” დღევანდელ ინტერვიუში. ჟურნალისტის ინფორმაციით, ოპოზიცია ერთიანი ლიდერის დასახელებას 26 მაისს აპირებს. ზურაბიშვილის კომენტარი: ”ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც განიხილება. შეიძლება, ასეთი რამეც მოხდეს, შეიძლება - არა. ამაზე მოთხოვნა რეალურად არსებობს არა მარტო ქვეყანაში, არამედ საზღვარგარეთ. ამაზე მუშაობა მიდის და მალე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი”, - ამბობს დავით ზურაბიშვილი.

”საქართველოს პრეზიდენტის ყოლა კი არ უშლის ხელს, არამედ ის, რომ პრეზიდენტს განუსაზღვრელი უფლებები აქვს”, - წერს ხუთშაბათის ”საქართველოს რესპუბლიკაში” შვეიცარიის კონიუნქტურის კვლევის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი სულხან მეტრეველი. სტატიის სათაურია - ”საქართველო გაჩერებული მოძრაობს?.. ჩიხური სიტუაცია, რომელიც ისტორიულ შანსს გვაძლევს”. ”საქართველოს რესპუბლიკის” შაბათის ნომერში კი ექსპერტი გიორგი ივანიაშვილი-ორბელიანი ამბობს, რომ აუცილებელია ისეთი ეროვნული იდეოლოგიური კონცეფციის აქტუალიზაცია, რომელიც ქართული საზოგადოების ჯანსაღ ინტელექტუალურ ნაწილს რეალიზაციის შესაძლებლობა მისცემს.

პრესა მიმდინარე კვირაში საქართველოს შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მორიგ ანგარიშსაც გამოეხმაურა. ოთხშაბათს, როცა ჯერ კიდევ არ იყო საჯაროდ ცნობილი დოკუმენტის ტექსტი, ”ვერსიაში” წაიკითხავდით: ”სანამ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთის დედის გინებითა და ჭიდაობითაა დაკავებული, საქართველო იმ ხავსსაც კარგავს, რომელსაც აგერ უკვე 17 წელია ეჭიდება და იმედს არ კარგავს, რომ ოდესმე საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს. გაეროს ყველა რეზოლუციითა და სხვა საერთაშორისო დოკუმენტით ამ ხნის მანძილზე აღიარებული იყო ჩვენთვის ყველაზე მთავარი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ჟენევის მოლაპარაკებების კულუარებიდან კი დღეს სულ სხვა ინფორმაციები ჟონავს - გაეროს, რომელიც უკვე კარგა ხანია სულს ღაფავს, როგორც ჩანს, სურვილი გაუჩნდა, რუსეთის ყურმოჭრილ მონად მოკვდეს”, - წერს ”ვერსია”. ”ბლეფი არგუმენტებით” - ასეთი გახლდათ სათაური ”24 საათის” სტატიისა, რომელშიც ეწერა, რომ ბან კი მუნის მოხსენებამ რუსული მხარისა და მარიონეტული რეჟიმების კმაყოფილება გამოიწვია, თბილისში კი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ რუსეთი გაეროზე ზეწოლას ახორციელებს. ”24 საათშივე” ხუთშაბათს ჟენევაში ჩატარებულ კონსულტაციებზეც დაიწერა: ”რუსეთისა და მისი მარიონეტული რეჟიმების მხრიდან ჟენევის მოლაპარაკებათა ჩაშლის მუქარის გზით, გაეროზე ზემოქმედების მცდელობას უარყოფითი რეაქცია მხოლოდ თბილისში არ მოჰყოლია.”იქვე წაიკითხავდით: ”ევროპაში აცხადებენ, რომ რუსეთისადმი ნდობა დაკარგულია.”

მუხროვანის ამბოხის ორგანიზებაში ეჭვმიტანილთა მიმართ განხორციელებულ სპეცოპერაციაზე არაერთი კითხვა გაჩნდა პრესაში. დღევანდელ ”რეზონანსში” ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბესიკ ალადაშვილი: ”პირველი - თუ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რას აპირებენ ძებნილები და ეს ინფორმაცია საზღვრის გადაკვეთას არ ეხება (გლდანი კი, საბედნიეროდ,არც ერთ სახელმწიფოს არ ესაზღვრება), ცეცხლის გახსნა საჭირო არ იყო, მიეშვათ და მიჰყოლოდნენ, რომ მათი კავშირები გამოაშკარავებულიყო. მეორე - 3 ძებნილი ერთ მანქანაში არასდროს ჯდება, იმიტომ რომ 3-ის ამოცნობა და დაჭერა უფრო იოლია, ვიდრე სათითაოდ. მესამე - ისინი, თურმე, ცხვარიჭამიიდან ჩამოვიდნენ გლდანში, რომ გლდანიდან ახალგორში გადასულიყვნენ. თუ ადამიანმა გეოგრაფია ოდნავ მაინც იცის, ცხვარიჭამიიდან, საგურამოსა და მცხეთის გავლით, მთით პირდაპირ დუშეთში გადადიხარ და ზუსტად რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდები. ეს საოცრებაა და გამეცინა, როცა მოვისმინე”, - ამბობს ბესიკ ალადაშვილი შაბათის ”რეზონანსისთვის” მიცემულ ვრცელ ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG