Accessibility links

ჰამბურგში ხელი მოაწერეს “პრესის თავისუფლების ევროპულ ქარტიას”


“პრესის თავისუფლების ევროპული ქარტია” ჰქვია ევროპის 19 სახელმწიფოს 46 ჟურნალისტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს. მისი დაფუძნებით, 25 მაისს ჰამბურგში, გერმანიაში, შეკრებილმა მედიის მუშაკებმა, მთავრობათა გავლენისგან მედიის დაცვისა და ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის წყაროების უზრუნველყოფის ნორმები შეიმუშავეს. გერმანიაში მედია თავისუფალია. იქ უამრავი გაზეთი, ტელე და რადიოარხი, კერძო და საზოგადოებრივი, ასევე საინტერნეტო გამოცემაა. მათ შორისაა “შტერნი”, ყოველკვირეული ჟურნალი, რომლის ერთ-ერთი მთავარი რედაქტორი ჰანს ულრიხ იორგესია ამ ქარტიის ინიციატორი. იორგესი არამხოლოდ გამოცდილი ჟურნალისტია. ის თავის დროზე ევროპასა და სხვაგან საზოგადოების ავანგარდის, მეამბოხე ახალგაზრდობის წარმომადგენელი იყო და ქუჩაში მებრძოლი რევოლუციონერი გახლდათ. მაშინ, მეოცე საუკუნის სამოციან და სამოცდაათიან წლებში, ევროპის ახალგაზრდები იდეალებისთვის იბრძოდნენ და არსებული სისტემის მიმართ მძაფრად კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი. იორგესი უარყოფითად უპასუხებს ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვას, ხომ არ უნდა დავასკვნათ ქარტიის ტექსტიდან, რომ მედიის თავისუფლებას დასავლეთ ევროპაში,სხვათა შორის, ეკონომიკური ზეწოლა და კომერციალიზება ზღუდავსო. არაო, ამბობს, იორგესი:

“არა, ეს მცდარი აზრია. მე მგონია, რომ ეკონომიკური ზეწოლა აღმოსავლეთ ევროპაში ბევრად უფრო ძლიერია. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ ჩვენი იქაური კოლეგები. ისინი - განსაკუთრებით ახლა, კრიზისის პერიოდში, როცა შემოსავალი რეკლამიდან მცირდება - ძალიან ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოექცნენ, პოლიტიკურადაც უწევთ დათმობა და ისეთი ფორმის რეკლამასაც აქვეყნებენ პირველ გვერდზე, როგორიც დასავლეთში სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა. და ეს მაშინ, როცა დასავლეთში ზეწოლა თავისთავად ძლიერია. ჩვენ აქ, დასავლეთ ევროპაში, მეტი მნიშვნელობა მივანიჭეთ რედაქციების მეთვალყურეობას, წყაროების დაცვას სახელმწიფოს, საიდუმლო სამსახურებისა და პოლიციის უწყებებისგან, რომლებიც ცდილობენ ჩვენს წყაროებს მიაგნონ. ეს დასავლეთ ევროპაში დიდი პრობლემაა, ასეა გერმანიაშიც. გერმანიაში დისკუსია მიმდინარეობს მონაცემთა სათადარიგო შენახვის გარშემო, რაც ჟურნალისტთა ტელეფონების ნომრების შენახვას ითვალისწინებს. ასევე დავა იყო გერმანიაში ონლაინ ჩხრეკის შესახებ, რისგანაც ჟურნალისტები სათანადოდ დაცულნი არ არიან. პოლიციას შეუძლია შემოვიდეს ჩვენს კომპიუტერში და ნახოს, რა გვაქვს შენახული, რა კონტაქტები გვაქვს და ასე შემდეგ. ეს არის აქ, ჩვენი აზრით, უმთავრესი.”

ჰანს ულრიხ იორგესი ამბობს, რომ განსხვავებულია ვითარება დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის მედიაში. მისი ინიციატივით შემუშავებული ქარტია მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს შეიცავს. ის შედგება 10 სტატიისგან, რომელთაგან უმთავრესს იორგესი ასე გამოყოფს:

“უპირველესი, რა თქმა უნდა, ჟურნალისტების, რედაქციების დაცვაა ფარული მოსმენებისგან, წყაროების გამოსავლენად რომ წარმოებს, იმ წყაროებისა, რომლებსაც ეყრდნობა პოლიტიკურად “ფეთქებადი” მასალები. მეორე, ესაა ჟურნალისტის თავისუფლება მიიღოს ინფორმაცია და გაავრცელოს უცხოეთშიც. მესამე: ევროპის ყველა ბლოგერის თავისუფლება მიიღოს ინფორმაცია ყველა საინფორმაციო წყაროდან. ესაა უმთავრესი პუნქტები. ამას ემატება ჟურნალისტების დაცვა ეკონომიკური ზეწოლისგან. ბევრი ჟურნალისტი დღეს, ეკონომიკური კრიზისის დროს, არა მხოლოდ პოლიტიკურ ზეწოლას განიცდის თავისი მთავრობისა და პარტიების მხრიდან, არამედ ფირმების ზეწოლის ქვეშაცაა, რაც რეკლამის გზით ხორციელდება. ეს არის საკვანძო პუნქტები ამ ქარტიისა.”

საინტერესოა რამ მიიყვანა იორგესი გადაწყვეტილებამდე, შეექმნა პირველი პროექტი ”ევროპის პრესის თავისუფლების ქარტიისა” და რა გზა უნდა გაიაროს ქარტიამ, სანამ ის საბოლოო სახეს მიიღებს. ”შტერნის” რედაქტორი გვიამბობს:

“იდეა გამიჩნდა ორი წლის წინ ბრიუსელში, ევროპის მთავარ რედაქტორებსა და ევროპის კომისიის შეხვედრებისას. ეს საუბრები რეგულარულად ეწყობა. ევროპის მედიის კომისარი ვივიან რედინგი ამ შეხვედრებზე ინფორმაციას იღებს ვითარების შესახებ ევროპის მედიაში, ეცნობა ევროპელი ჟურნალისტების მოსაზრებებს. ეს რუტინული შეხვედრები იყო. იქ ერთხელ მქონდა საუბარი რუმინელ და ბულგარელ ჟურნალისტებთან, რომლებისგანაც შევიტყვე, რა ზეწოლასაც განიცდიან ისინი. მაშინ იყო, რომ უცბად გამიჩნდა იდეა, ევროპის პრესის თავისუფლების ქარტია შეგვემუშავებინა. ამის გაკეთება ევროპის კავშირს არ შეუძლია, ეს მისი ამოცანა არ არის. სადილზე ვესაუბრეთ ჟურნალისტთა და გამომცემელთა გაერთიანების წარმომადგენლებს, რომლებიც დაგვთანხმდნენ ემუშავათ ქარტიაზე. მუშაობა ორ წელიწადს გაგრძელდა. ბოლოს შეთანხმება ვერ მოხერხდა, განსაკუთრებით ერთ საკითხზე: უნდა შეგვეტანა თუ არა ასეთ ქარტიაში რეკლამის თავისუფლების საკითხი. ეს გამომცემლებს სურდათ, ჟურნალისტებს - არა. ამ საკითხის ამოღების ნაცვლად, მთელი ქარტია ჩაშალეს. ამან, სიმართლე გითხრათ, ძალიან აღმაშფოთა და გერმანელ კოლეგებთან ერთად ხელში ავიღე ინაციატივა, ეს ჟურნალისტების საქმედ მექცია. მივაღწიეთ კიდეც წარმატებას: გაერთიანებებმა ორი წელი იმსჯელეს, ჩვენ კი ჰამბურგში ქარტია სამ თვეში მივიღეთ. აქედან ჩანს, რომ შედეგის მიღება სწრაფად შეიძლება, თუ პირდაპირი გზით ივლი და საშინელ ბიუროკრატიას გვერდს აუვლი.”

კარგი, ახლა ქარტიას ხელი მოაწერა 46-მა ჟურნალისტმა, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?

ახლა, ამბობს ქარტიის ინიციატორი, ტექსტი გამოქვეყნდა ინტერნეტში. ყველა დაინტერესებულ ევროპელ ჟურნალისტს აქვს შესაძლებლობა მას ხელი მოაწეროს. ქარტიის დანიშნულებაა, ყველა ჟურნალისტს შეეძლოს - განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც ისინი ერთობ დიდ ზეწოლას განიცდიან - მოიეშველიოს ის, როცა მისი უფლება დაირღვევა; შეეძლოს თქვას, რომ ესა თუ ის დარღვევა ეწინააღმდეგება ”პრესის თავისუფლების ევროპულ ქარტიას”. იორგესი ამბობს, რომ ილუზიები არც აქ, დასავლეთ ევროპაში, უნდა გვქონდეს - აქაც, სხვადასხვა ვითარებაში, ირღვევა ქარტია. მე ჩემს აღმოსავლელ კოლეგებს ვუთხარი, უკვე დროა ევროპა ჟურნალისტური თვალსაზრისითაც გავაერთიანოთ და არა მხოლოდ პოლიტიკურად-მეთქი. ჩვენ მოვიწვიეთ კოლეგები რუსეთიდან, თურქეთიდან, სერბიიდან, სხვა ქვეყნებიდან... ევროპა კი არ უნდა დაიყოს, არამედ უნდა გაერთიანდეს და თუკი ჟურნალისტებს სადმე პრობლემები აქვთ, მათ მხარში უნდა ამოვუდგეთ. ჰანს ულრიხ იორგესის თანახმად, მისი და მისი კოლეგების მიზანია ივნისის დასაწყისში ქარტია წარუდგინონ ევროპის კომისიას იმ იმედით, რომ ის მას თავადაც დაიცავს და შეუწყობს ხელს ძალაში შევიდეს ევროპის კავშირში, ხოლო გაფართოების შესახებ მოლაპარაკებისას მის დაცვას აუცილებელ პირობად წააყენებს. ვნახოთ, როგორი რეაქცია ექნებათ ბრიუსელშიო, ამბობს იორგესი და ხაზგასმით შენიშნავს: ქარტია ევროპის მედიას ეხება, მაგრამ ის შეიძლება იყოს მოდელი სხვებისთვისო. ჩვენ ევროპით მაინც არ შემოვფარგლულვართო, ამბობს იორგესი, ”თურქეთიც ვიგულისხმეთ, როგორც კავშირის წევრობის კანდიდატი, ასევე სხვა არაწევრი ქვეყნები - უკრაინა, რუსეთი, ბელორუსია... ასე რომ, ეს საკმარისია, ეს ფართო გაგებით ევროპაა და უფრო შორს წასვლა არ გვსურსო”.
XS
SM
MD
LG