Accessibility links

logo-print

”ეროვნული ფორუმი” ტაქტიკურ ბრძოლაში ოპოზიციურ სპექტრს ემიჯნება


მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ლიდერებმა ”ეროვნულ ფორუმს” ერთიან ბრძოლაში დაბრუნებისკენ მიტინგზე სახალხოდაც მოუწოდეს, გუბაზ სანიკიძის პოლიტიკური ძალა გადაწყვეტილებას არ ცვლის და საერთო მიზნისთვის დამოუკიდებელი ხერხებით აპირებს ბრძოლას. რეგიონებში საპროტესტო ფრონტის გაშლას ”ეროვნული ფორუმი” აჭარიდან იწყებს. გუბაზ სანიკიძე მზად არის კონსულტაციები გამართოს შალვა ნათელაშვილის ლეიბორისტულ პარტიასა და კონსტანტინე გამსახურდიას პარტია ”თავისუფლებასთან”. მჭიდრო თანამშრომლობას ”ეროვნული ფორუმი” არც ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერთან ირაკლი ალასანიასთან გამორიცხავს. ეს სწორედ ის ძალებია, რომლებსაც ამ ეტაპზე, საერთო სტრატეგიული მიზნის მიუხედავად, ტაქტიკურ ბრძოლასთან მიმართებით ოპოზიციური ერთობისგან განსხვავებული მიდგომები აქვთ.

სინანული იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ”ეროვნული ფორუმი” დამოუკიდებელი გზით წავიდა, სახალხოდ პირველად 27 მაისს რუსთაველის გამზირზე გამართულ მიტინგზე გამოითქვა. სხვებთან ერთად, გუბაზ სანიკიძის პოლიტიკურ ძალას ერთობაში დაბრუნებისკენ ”ხალხის პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა მოუწოდა:

” ’ფორუმის’ დროშები ჯერ კიდევ ფრიალებს რუსთაველზე და არ ვაპირებთ მათ ჩამოხსნას და მოვუწოდებ, დღეს არ არის ცალ-ცალკე ბრძოლის დრო. ჩემო ძმებო, ჩემო მეგობრებო, თქვენ შემოგევლეთ, ჩემო გუბაზ, ჩვენ აქ ხშირად ერთად ვმდგარვართ და ერთად გაგვიწევია უღელი. ისევ ის სიყვარული გვინდა გვქონდეს თქვენთან, ისევ ის ერთობა გვსურს. შეიძლება თქვენ გეჩვენებოდეთ, რომ რაღაც საქმე ასე ჯობს რომ გაკეთდეს, მაგრამ მინდა დამერწმუნოთ, რომ ჩვენი ერთობა უფრო მნიშვნელოვანია.”

კობა დავითაშვილის მიერ ნახსენებ ერთობაზე განსხვავებული აზრი აქვს თავად გუბაზ სანიკიძეს, რომელმაც 28 მაისს საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია:

”არავითარი ერთობა არ ირღვევა, მით უმეტეს, ეს ერთობა არ ყოფილა... არაფერი არ დაიშლება, თუ ის შემდგარი არ არის. ერთობა არ ყოფილა, ეს იყო ოპოზიციური საბჭო, რომელიც თანხმდებოდა ქმედებებზე, ტაქტიკაზე... მაგრამ რახან ტაქტიკაზე ჭირს შეთანხმება, ამიტომ ”ფორუმი”, უფრო ადვილად რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენს ქმედებებთან დაკავშირებით, იტოვებს უფლებას - თითონ მიიღოს გადაწყვეტილება.”

ოპოზიციურ საბჭოში გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებული სიძნელეების გარდა, გუბაზ სანიკიძის უკმაყოფილება ოპოზიციის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებსაც უკავშირდება. მაგალითად, ”ფორუმი” კატეგორიული წინააღმდეგი იყო 26 მაისს ეროვნული სტადიონიდან ხალხის სამების ტაძარში გადაყვანისა და პატრიარქის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისა:

”მინდა გულახდილად გითხრათ, ორივეს მხრიდან - ხელისუფლების მხრიდანაც და ოპოზიციის მხრიდანაც - იყო მცდელობა პატრიარქის ჩარევისა მიმდინარე პროცესებში... გარკვეულ ნაწილს ოპოზიციისა ჰქონდა ამის იმედი, რომ პატრიარქი 26 მაისს გააკეთებდა პოლიტიკურ განცხადებას და პარტიარქმა არ გააკეთა ეს და სწორიც ქნა... ცალმხრივი განცხადება იქნებოდა ძალიან მძიმე, ქვეყნისთვის ძალიან მძიმე შედეგებით დამთავრდებოდა.”

ამგვარი განცხადებების მიუხედავად, გუბაზ სანიკიძე ”ეროვნული ფორუმის” ქმედებას განდგომას არ არქმევს, რადგანაც სტრატეგიული მიზანი ერთიანია და ის ხელისუფლების შეცვლას გულისხმობს. მაგრამ ”ფორუმი” არ დათმობს უმთავრეს ტაქტიკურ გეგმას და საპროტესტო აქციების ფრონტის რეგიონებში გადატანას შეეცდება. სანიკიძე ამბობს, რომ თბილისის შემდეგ, სააკაშვილს ხალხმა რეგიონები უნდა წაართვას. თბილისში საქმე ამოწურულია:

”თბილისში ჩვენ უკვე დავდევთ ლანდებს... ხელისუფლებამ დატოვა თბილისი და ახლა უნდა დავატოვებინოთ დანარჩენი საქართველო. ეს ძალიან კარგი და ძალიან კარგად განსახორციელებელი იდეაა და ეს დაადასტურა ორმა აქციამ - ბათუმისა და ქუთაისის, როცა, აბსოლუტურად მოუმზადებლად, ბათუმში გამოვიდა არანაკლებ 7 ათასი მომიტინგე, ხოლო ქუთაისში - არანაკლებ 10 ათასი კაცი. საქართველოში გველოდებიან ჩვენი მოქალაქეები.”

”ეროვნული ფორუმი” მზად არის ოპოზიციურ სპექტრთან სამომავლო თანამშრომლობისათვის ზოგიერთ კონკრეტულ საკითხთან მიმართებითაც. ამ კუთხით განსაკუთრებული აქცენტი შალვა ნათელაშვილისა და კონსტანტინე გამსახურდიას პოლიტიკური ძალების მისამართით გაკეთდა, თუმცა ეს რაიმე ტიპის გაერთიანების შექმნას არ გულისხმობს.

აქვე გავიხსენოთ, რომ ბრძოლის ცალკე გაგრძელების შესახებ განცხადება პარტია ”თავისუფლების” ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ 26 მაისს გააკეთა, ხოლო ლეიბორისტები არასოდეს ყოფილან ოპოზიციურ ერთობაში, მათ საკუთარ თავზე არ აუღიათ ქუჩის აქციებზე პასუხისმგებლობა. რაც შეეხება ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერს ირაკლი ალასანიას, მან 27 მაისს დაადასტურა, რომ ემიჯნება ოპოზიციის ზოგიერთ გადაწყვეტილებას, მაგალითად - რკინიგზის გადაკეტვას. ალასანიას თქმით, შესაძლებელია, რომ ალიანსში შემავალ პოლიტიკურ ძალებს განსხვავებული მიდგომები ჰქონდეთ კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG