Accessibility links

logo-print

პარლამენტთან მომხდარ შეტაკებაზე ურთიერთსაპირისპირო ცნობები ვრცელდება


ხუთშაბათს საღამოს, საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოხდა შეტაკება დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის, რომლის შედეგად დაიჭრნენ აქციის რამდენიმე მონაწილე და ხუთი პოლიციელი.

ინციდენტის გამომწვევ მიზეზებზე განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, შოთა უტიაშვილის ცნობით, პარლამენტთან შეკრებილთა ერთი ჯგუფი თავს დაესხა სამოქალაქოტანსაცმლიან პოლიციელს, რომელიც აქციის მსვლელობას ვიდეოკამერით იღებდა. უტიაშვილის თანახმად, აქციის მონაწილეებმა ცემა დაუწყეს თავიანთი თანამშრომლის დასახმარებლად მისულ სამ პოლიციელსაც, რომელთაგან ერთი დანით დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინტერნეტო გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრილია პოლიციის ხუთი თანამშრომელი, რომლებიც საავადმყოფოში მოათავსეს.

ტელეკომპანია “მაესტრო” იუწყება, რომ აქციის მონაწილეებს თავს დაესხა უცნობ პირთა ჯგუფი. ამავე წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელების ნაწილს ნიღბები ეკეთა და ისინი ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული. ამავე შინაარსის განცხადება გააკეთა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემაც, რის შესახებაც ასოშიეიტედ პრესის სააგენტო იტყობინება.

რეიტერის სააგენტოს კი მოჰყავს ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერის, კახა კუკავას სიტყვები იმის თაობაზე, რომ ინციდენტი პოლიციელთა მხრიდან პროვოკაციას მოჰყვა და რომ სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაუწყეს ცემა საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

ხუთშაბათის ინციდენტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ის ყველაზე სერიოზულია 6 მაისიდან მოყოლებული, როცა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან მოხდა შეტაკება დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის.
XS
SM
MD
LG