Accessibility links

29 მაისს, დილით რადიო თავისუფლების სტუმარი იყო "საიას" ადვოკატი კახა კოჟორიძე. მან ისაუბრა ორგანიზაციის ინიციატივაზე 6 მაისს თბილისის პოლიციის სამმართველოსთან დაზარალებულებისთვის უსასყიდლო იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს მზადყოფნას უსასყიდლო იურიდიული დახმარება გაუწიოს თბილისში, პოლიციის სამმართველოსთან დაზარალებულებს, თუკი ისინი სასამართლოში სარჩელის შეტანას გადაწყვეტენ. ასოციაციის ადვოკატი კახა კოჟორიძე თვლის, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისთვის მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი გზები იყოს გამოყენებული. ადვოკატის თქმით, მნიშვნელოვანია არა ის - რამდენ თანხას მოითხოვს დაზარალებული ზიანის ასანაზღაურებლად, არამედ ის, რომ კონკრეტულ დარღვევაზე მიღებული იყოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც იტყვის ”თეთრზე, რომ არის თეთრი და შავზე, რომ არის შავი”. ყველა სამართლებრივი დარღვევა, ვის მიერაც უნდა იყოს ის ჩადენილი, უნდა იყოს გამოძიებული და სასამართლომ მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება იმისთვისაც, რომ ასეთი დანაშაული აღარ განმეორდეს - ამბობს კახა კოჟორიძე.
XS
SM
MD
LG