Accessibility links

logo-print
28 მაისს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო კონფერენცია - „ამერიკული დემოკრატიის გამოცდილება“ - გაიხსნა. კონფერენციის მსვლელობისას ამერიკელმა და ქართველმა მეცნიერებმა მოხსენებები წაიკითხეს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის, ეკონომიკის, განათლების, კულტურის, ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ. კონფერენციის გახსნას დაემთხვა ამერიკის შესწავლის საკითხებისადმი მიძღვნილი მორიგი კრებულის გამოცემა. მისი წარდგენისას ითქვა, რომ მზარდი დაინტერესების გამო, სულ მალე ამერიკის შესწავლის ცენტრის ბაზაზე კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნება. რა განაპირობებს ქართველი საზოგადოების - მათ შორის, მეცნიერებისა და სტუდენტების - ამერიკით დაინტერესებას?

28 მაისს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის დიდი აუდიტორია რამდენიმე საათით ამერიკის შესწავლით დაინტერესებული მეცნიერებისა და სტუდენტების განკარგულებაში გადავიდა.
ამ დღეს უნივერსიტეტმა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციამ მეათედ უმასპინძლეს ამერიკათმცოდნეობის საერთაშორისო კონფერენციას, რომლის მონაწილეთა შორის იყო თამარ მაისურაძე, ამერიკათმცოდნეობის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი. ის ამბობს:

„თავიდანვე, როცა შეიქმნა ეს ქვეყანა, მათი მიზანი იყო სამოთხე დაეფუძნებინათ დედამიწაზე. მათ იცოდნენ ჯადოსნური სიტყვა „წარმატება“ და მისკენ მიილტვოდნენ და მეტ-ნაკლებად მიაღწიეს კიდეც მიზანს.“

თამარ მაისურაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიისა და გამოცდილების შესწავლა ორი მიზეზის გამო გადაწყვიტა: ამერიკა წარმატებული ქვეყანაა და ამ წარმატებას ამერიკელებმა გასაოცრად მცირე დროში მიაღწიეს. შესაბამისად, ახალგაზრდა მკვლევარი მიიჩნევს, რომ საინტერესო და სასარგებლო იქნება ამერიკელი ხალხის გამოცდილების შესწავლა და გათვალისწინება. უნივერსიტეტის რექტორმა გია ხუბუამაც შენიშნა, რომ ამერიკისა და საქართველოს მეგობრობა ცოდნაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

„მეგობრობა აუცილებლად გულისხმობს ერთმანეთის უკეთ ცოდნას და ამ მიზანს ემსახურება ამერიკის შესწავლის ცენტრი, რომელიც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ ამერიკის საზოგადოებას, მის კულტურას. ამგვარი კონფერენციები ჩვენ კიდევ უფრო გვაახლოებს ამერიკასთან“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას უნივერსიტეტის რექტორმა.

დაახლოებას, რაზეც გია ხუბუა ლაპარაკობდა, შეძლებისდაგვარად ხელს უწყობს ამერიკის საელჩო საქართველოში. შემთხვევით არაა, რომ, დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ამერიკისმცოდნეობის კონფერენციას, როგორც წესი, ამერიკის ელჩი ხსნის ხოლმე. წელს ეს პატივი ჯონ ტეფტს ერგო. ამერიკელმა დიპლომატმა სტანდარტული სიტყვის წარმოთქმას იუმორით გაზავებული გამოსვლა ამჯობინა:

„ამერიკა ესაა პატარა ოთახში მოთავსებული დიდი ძაღლი, რომლის კუდის ქნევა იწვევს სხვადასხვაგვარ ტალღებს. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევს ფულსა და ფულის კეთებას. პოლ ერდმანი აღნიშნავდა, რომ პირველი სურვილი, რაც ამერიკელს უჩნდება, ესაა ფულის შოვნა, შემდეგ ფულით ფულის შოვნა და შემდეგ დიდი ფულით დიდი ფულის შოვნა.“

თუმცა საქართველოს მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ, ფულის შოვნასთან ერთად, ამერიკელებს მეგობრებისთვის დახმარების გაწევაც ეხერხებათ. საქმე ისაა, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ამერიკის მთავრობისგან რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის დახმარება მიიღო, რაც, ბუნებრივია, არც საქართველოს მოქალაქეებს დარჩენიათ შეუმჩნეველი.

უნდა ითქვას, რომ საქართველოსა და ამერიკის თანამშრომლობა, რომელიც კიდევ უფრო მეტად გამყარდა 2009 წლის იანვარში სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე ხელის მოწერით, მოიცავს თითქმის ყველა მიმართულებას, თუმცა, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აკადემიური განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ ჩიტაია შენიშნავს, განსაკუთრებით ინტენსიურია ორი ქვეყნის თანამშრომლობა განათლების სფეროში. მისი თქმით, წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ სტუდენტსა და ახალგაზრდა მკვლევარს აქვს საშუალება ცოდნის გასაღრმავებლად ამერიკაში წავიდეს. შესაბამისად, მაღალია ამერიკის შესწავლით დაინტერესებულ ადამიანთა რაოდენობაც. პროფესორი ვასილ კაჭარავა, ამერიკის შესწავლის ცენტრის დამფუძნებელი, მიიჩნევს, რომ ამერიკის შესწავლისადმი მაღალ ინტერესს ამ ქვეყნის სიძლიერე, დემოკრატიული სისტემის მდგრადობა და უნიკალური გამოცდილება განაპირობებს:

„ბევრი ხუმრობს, ამერიკა ახალგაზრდა ქვეყანაა და მისგან რა უნდა ვისწავლოთო... ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს „ახალგაზრდა ქვეყანა“ შექმნეს იტალიელებმა, ფრანგებმა, ბრიტანელებმა, ჩინელებმა, ესპანელებმა, ანუ უდიდესი ცივილიზაციის წარმომადგენლებმა, და აქ მოხდა მათი კულტურების, გამოცდილების კონცენტრაცია. განსაკუთრებით საინტერესოა მათი გამოცდილება დემოკრატიის, სახელმწიფოს მართვისა და ეკონომიკის სფეროებში. კვლევები უნდა ჩაატარონ მეცნიერებმა, რათა მათი გამოცდლების ჩვენ სინამდვილეზე მორგება შევძლოთ. მხოლოდ კოპირება რომ გვინდოდეს, მაშინ საკმარისი იქნებოდა თარგმნა და ჟურნალისტური ესეები.“

ვასილ კაჭარავას თქმით, ამერიკის შესწავლის ცენტრი და საქართველოს ამერიკის შესწავლის ასოციაცია პერიოდულად გამოსცემენ სქელტანიან კრებულებს, რომლებშიც ამერიკელი და ქართველი მეცნიერების სტატიებია თავმოყრილი. პროფესორი ელენე მეძმარიაშვილი - უკანასკნელი, მეხუთე, კრებულის რედაქტორი - ამბობს, რომ სტატიების თემატიკა მრავალფეროვანია, მოიცავს შეერთებული შტატების ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროს და ზოგიერთი მათგანი ამერიკელი მეცნიერების თვალსაწიერშიც კი ხვდება.

„არის ისეთი სტატიები, განსაკუთრებით ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისა და ქართული ემიგრაციის შესახებ, რომლებიც ამერიკელი მეცნიერების დაინტერესებასაც იწვევს და ეს ინტერესი ბუნებრივია, რადგანაც მათთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორია გარედან სხვა მეცნიერების მიერ დანახული ამერიკა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ელენე მეძმარიაშვილმა.

სხვა ქვეყნის მეცნიერის თვალით დანახული ამერიკის თვალსაჩინო ნიმუშია კრებულში შესული სტატია „ჯაზის წარმოშობა“, რომლის ავტორი მწერალი ზურაბ ქარუმიძე ორიგინალურად, ჯაზისთვის დამახასიათებელი რიტმიკით, აღწერს ამერიკის დედამდინარის - მისისიპის - დელტიდან ჯაზის წარმოშობისა და შემდგომი განვითარების ისტორიას.

ცხადია, ჯაზითა და ამერიკის კულტურით მოხიბლულები არიან ამერიკის შესწავლით დაინტერესებულ სტუდენტებიც, თუმცა, როგორც ჩანს, ნამდვილი სიყვარული მათ ჯერ მხოლოდ წინ ელით. თამარ მაისურაძემ, ამერიკათმცოდნეობის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტმა, შეკითხვას, არის თუ არა ნამყოფი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასე უპასუხა:

„არა! ჯერ არ ვარ ნამყოფი! მაგრამ მალე დავამთავრებ ამერიკისმცოდნეობის მაგისტრატურას და, იმედი მაქვს, რომ წავალ.“
XS
SM
MD
LG