Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის რეგულირების სისტემა შეცვალა


საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაცხადა, რომ აღარ ჩაერევა თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის ვაჭრობაში და სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს მხოლოდ სავალუტო აუქციონების მეშვეობით განახორციელებს. აღნიშნული ნაბიჯი არ გულისხმობს გაცვლითი კურსის პოლიტიკის შეცვლას და ეროვნული ბანკი კვლავაც განაგრძობს ლარის „მცურავი“ გაცვლითი კურსის რეგულირებას. საკითხავია, რატომ გადაწყდა სავალუტო ბაზრის მოდიფიკაცია და რა გავლენას მოახდენს ის ეროვნული ვალუტის კურსზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებამ, აღარ განახორციელოს ინტერვენციები სავალუტო ბირჟაზე, ბევრს აფიქრებინა, რომ ბანკი უარს ამბობს ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნებაზე. თუმცა ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ახალი ინიციატივის გამოცხადებასთან ერთად ისიც აღნიშნა, რომ სავალუტო ბაზარზე ინტერვენციები სავალუტო აუქციონების მეშვეობით გაგრძელდება:

„ამიერიდან ლარის გაცვლითი ოფიციალური კურსი დადგინდება არა სავალუტო ბირჟაზე დადებული გარიგებების მიხედვით, არამედ სავალუტო აუქციონზე დაფიქსირებული გარიგების საშუალო შეწონილი მაჩვენებლის მიხედვით. ეს არ ნიშნავს ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკის ცვლილებას. ეროვნული ბანკი კვლავაც განაგრძობს საჭირო ინტერვენციას ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შესანარჩუნებლად.“

სავალუტო აუქციონების მეშვეობით ლარის კურსის განსაზღვრა უკვე მარტის თვიდან ხორციელდება ეგრეთ წოდებული ბლუმბერგის სავაჭრო ტერმინალის მეშვეობით, ხოლო იმის გამო, რომ ბოლო დროს ბანკთაშორის ბირჟაზე მინიმუმამდე დავიდა ეროვნული ბანკის ინტერვენციები, გადაწყდა ლარის კურსის რეგულირება უფრო თანამედროვე საბაზრო მექანიზმით განხორციელდეს. საქართველოს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია:

„ეს პრაქტიკა კარგად აპრობირებულია მსოფლიოში და ძალიან ბევრი ქვეყანა იყენებს და ამიტომ რისკი, რომ საქართველოში არ გაამართლებს, ნაკლებია. და მეორე მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ჩარევა, ინტერვენცია ისევ იქნება და მისი როლი არ კნინდება.“

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის რეგულირების ძველ სისტემაზე უარი იმ დროს გამოაცხადა, როდესაც ოპოზიციამ მთავრობა ლარის დევალვაციისა და დაკნინების მცდელობაში დაადანაშაულა. არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერთა მტკიცებით, მთავრობა მულტისავალუტო სისტემაზე გადასვლას აპირებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლართან ერთად მიმოქცევაში იქნებოდა სხვა ვალუტაც. ოპოზიციონერთა აზრით, ეს ლარის გაუფასურებას და მაკროეკონომიკურ დესტაბილიზაციას გამოიწვევდა. საქართველოში მულტისავალუტო სისტემის დანერგვის იდეას უარყოფითად აფასებს ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავაც:

„ეს არის გაუნათლებელი ხალხის მცდელობა ეკონომიკაში რაღაცა თქვან. იქნება მულტისავალუტო სისტემა და ქვეყანა იქნება სავალუტო სპეკულაციების არენა. პრაქტიკულად არანაირ ეკონომიკაზე საუბარი არ იქნება.“

მულტისავალუტო სისტემის შესახებ საქართველოს მთავრობაში მართლაც რომ მიმდინარეობდა მსჯელობა, ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის პრეზენტაციაზე ფონდის წარმომადგენელმა ედუარდ გარტნერმა დაადასტურა და იქვე გამოთქვა თავისი ორგანიზაციის პოზიცია:

”ქვეყნებმა, რომლებმაც თავიანთ ეროვნულ ვალუტაზე უარი თქვეს, ეს ხშირად სტრესულ ვითარებაში გააკეთეს - ვითარებაში, როდესაც ვალუტა სრულიად გაუფასურებული იყო და სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არსებობდა. იმედი მაქვს, საქართველოში არ გვაქვს ასეთი სიტუაცია.”

ამ თემაზე ამტყდარი აჟიოტაჟის გამო საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა განმარტებები გაეკეთებინა. კერძოდ კი, ფინანსთა სამინისტრომ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ლართან ერთად სხვა ვალუტების მიმოქცევაში გაშვების ინიციატივა და მსგავსი რეფორმა საქართველოს მთავრობაში არ განიხილება.

საქართველოში მულტისავალუტო სისტემის შემოღების იდეა დაახლოებით ერთი წლის წინ ლიბერალური ეკონომიკის მომხრეთა წრეებში გაჩნდა. ისინი ამტკიცებენ, რომ, მაგალითად, უცხოეთიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების ეროვნულ ვალუტაზე გადაცვლით რიგითი მომხმარებლები ზარალდებიან. ასეთივე ზარალს განიცდიან, მაგალითად, მეანაბრეები ეროვნული ვალუტის კურსის დაცემისას და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, ეკონომისტების მეორე ნაწილი აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტა ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტიაა. მათ შორისაა დავით ნარმანიაც, რომელიც ამბობს:

„მაკროეკონომიკური დესტაბილიზაცია იქნებოდა გარდაუვალი ამ შემთხვევაში და, მეორე, ქვეყანა, რომელსაც ეროვნული ვალუტა არ აქვს ან მეორად ვალუტად აქვს გადაქცეული, მისი ეროვნული სუვერენიტეტი კითხვის ქვეშ დგება.“
ნარმანიას ოპონენტები ირწმუნებიან, რომ იმ ქვეყნების სუვერენიტეტი კითხვის ქვეშ არ დამდგარა, რომლებიც, მაგალითად, ევროზონაში გაერთიანდნენ და მიმოქცევაში, ეროვნულ ვალუტასთან ერთად, ევროც აქვთ.
XS
SM
MD
LG