Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ინდივიდიდან დივიდიმდე”: ქართველი მხატვრები პრაღის ბიენალეზე


გიორგი კევლიაშვილი, "საქართველო"
გიორგი კევლიაშვილი, "საქართველო"
ორიოდე კვირის წინ, 14 მაისს, პრაღაში თანამედროვე მხატვრობის მასშტაბური გამოფენა - პრაღის ბიენალე - გაიხსნა. ამ ბიენალემ, რომელიც წელს მეოთხედ ტარდება, უკვე დაიმკვიდრა თავი ცენტრალური ევროპის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენად. წლევანდელი ბიენალეს ერთ-ერთ ექსპოზიციას ქართველი მხატვრების ნამუშევრები შეადგენს.

პრაღის ბიენალეს ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ინდუსტრიული უბანი, კარლინი, მასპინძლობს. საკუთრივ გამოფენაც ძველი ქარხნის უზარმაზარ შენობაშია მოწყობილი. ინდუსტრიული, მძიმე კედლების და თანამედროვე მხატვრობის კომბინაცია უკვე თავისთავად ქმნის უჩვეულო და საინტერესო ატმოსფეროს.

ბიენალე სხვადასხვა მასშტაბისა თუ კონცეფციის 20-მდე ექსპოზიციას აერთიანებს. აქცენტირებულია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხელოვნება, თუმცა აქ მექსიკელი, ჩინელი თუ კორეელი მხატვრების ნამუშევრებსაც ნახავთ.

ბიენალეზე, ძირითადად,
მიხეილ გოგრიჭიანი, "გალოთებული ინტელიგენტი"
ფერწერაა წარმოდგენილი და, როგორც ქართული ექსპოზიციის კურატორი, ხელოვნებათმცოდნე ნანა ყირმელაშვილი მიხსნის, იმ პირობებში, როდესაც ფერწერა უფრო და უფრო აქტიურად ითავსებს სხვა ფორმებს თუ მედიებს, პრაღაში მიმდინარე ბიენალეს სწორედ ფერწერაზე ეს აქცენტი ხდის საინტერესოს. მისი თქმით, ქართული გამოფენის კონცეფციაც ამ ფაქტორის გათვალისწინებით შემუშავდა:

”გამოფენას ჰქვია ”ინდივიდიდან დივიდიმდე”. ანუ ის, რომ დღეს უკვე ფერწერამ თითქოსდა ფასი დაკარგა და მხატვარი უკვე გადავიდა ტექნიკურ, სხვა საშუალებებში, სხვა მედიებში მუშაობს, როგორიცაა ვიდეო, ფოტო და ასე შემდეგ. მაგრამ რახან ამ ბიენალეს ძირითადი მისიაა, წამოსწიოს ფერწერა, ჩვენ ამ კუთხით შევარჩიეთ. ჩემი იდეა ის იქნება, რომ მე ვაჩვენებ ყველა ინდივიდს, მაგრამ ჩვენი საბოლოო პროდუქტი მაინც დივიდი იქნება, რომელიც შეიქმნება ამ გამოფენის შედეგად.”

პრაღის ბიენალეზე წარმოდგენილი ქართული გამოფენა, რომელსაც, როგორც უკვე ვთქვით, ”ინდივიდიდან დივიდიმდე” ეწოდება, 11 ახალგაზრდა მხატვარს აერთიანებს. ნამუშევრები მრავალფეროვანი და განსხვავებულია როგორც ფორმისა და ჟანრის, ისე თემატიკის თვალსაზრისით. თუმცა, ამ მრავალფეროვნების პარალელურად, გამოფენის სტუმარი, ალბათ, შეამჩნევს, რომ ბევრი ნამუშევარი პრობლემური სოციალური გარემოს თუ მწვავე პოლიტიკური თემების ასახვას და ამ თემებზე რეაგირებას ეძღვნება.

გამოფენის მონაწილე მიშა გოგრიჭიანი თავის ერთ-ერთ წარმოდგენილ ნამუშევარზე მიყვება. დიდი ზომის ტილოს, რომლის კუთხეშიც შავპალტოიანი, სათვალიანი და მობუზული მამაკაცია გამოსახული, ”გალოთებული ინტელიგენტი” ჰქვია:

” ’გალოთებული ინტელიგენტი’ ავიღოთ. სამწუხაროდ, ღვაწლმოსილი, ცხოვრებანანახი და ნამდვილი პროფესიონალი ადამიანები, რადგან ასაკში შევიდნენ, ჩვენს ქვეყანაში აღარავის სჭირდება. ამან განაპირობა ის, რომ, ხშირ შემთხვევაში - მე ვიცი მამაჩემის რამდენიმე მეგობარი - მეცნიერები და არამარტო... თავიანთი საქმის პროფესიონალები - გამოსავალს ნახულობენ ალკოჰოლში. და თუ სადამდე მიდის ეს, ყველამ იცის.”

ასევე ერთი თაობის -
მაკა რაზმაძე, "ნიღაბი"
ამჯერად ბავშვების - ყოფის პრობლემებს ეხება ნამუშევარი კიდევ ერთი მხატვრის, მაკა რაზმაძისა, რომელიც ამბობს:

”ამ ნამუშევარს ჰქვია ”ნიღაბი”. ეს ბავშვი, შემზარავი შავი ხელთათმანებით და შავი პერანგით, უნდა თამაშობდეს ბავშვურ თამაშებს, მაგრამ არ თამაშობს ბავშვურ თამაშს. ეს არის მილიტარიზებული თამაში, აგრესიული თამაში. და ეს ბავშვი ინიღბება. ის, ჩემი აზრით, უკვე ომშია ჩართული.”

მხატვარმა გიორგი კევლიშვილმა ბიენალეზე რამდენიმე სახელმწიფოს დროშები ჩამოიტანა, შავ-თეთრი, უზარმაზარი ხვრელებით. მხატვრის თქმით, ამ ნამუშევრებით მან დაკანონებული, შეზღუდული პოლიტიკური თუ სიმბოლური წყობის მიმართ ერთგვარი პროტესტი გამოხატა:

”მე მხატვრის ფუნქციას ასე განვსაზღვრავ: ხვრელების კეთება იმ კედლებში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, იმ სიმბოლური რეალობის კედლებში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. დროშა ჩემთვის არის გამოხატვა თუ მანიფესტაცია ამ სიმბოლური წესრიგის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ასპექტისა, რაც არის სახელმწიფო.”

კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი მხატვრის, ლონდონში მცხოვრები ანდრო სემეიკოს ნამუშევრებს საერთო გმირი - შუასაუკუნეების დროინდელი რაინდი - ჰყავს, რომელიც ხან ლურჯად მოლივლივე აუზში ჩადის, ხანაც, თანამედროვე მოტორიანი ხერხით ხელში, უპირისპირდება მეტოქეს. მხატვრის თქმით, ამ ნამუშევრებით ის თანამედროვე ადამიანის იდენტობის პრობლემებს გამოეხმაურა:
”... ამჟამად შემოვიტანე ასეთი ფიგურა
ანდრო სემეიკო, "რაინდები"
- რაინდი. ადამიანს ვერ ხედავთ, მხოლოდ არის აბჯარი. მე ის მაინტერესებს, რომ დღევანდელ დღეს, ალბათ, როგორც ასეთი, სრულიად არ ვიცით ჩვენი თავის რეალობა და ნიღაბივით გვაცვია ეს აბჯარი.”

გამოფენაში ჩართული 11 მხატვრიდან პრაღაში მხოლოდ რამდენიმე იყო ჩამოსული. მათ ბიენალეს გახსნის დღეს შევხვდი. ნამუშევრების კონცეფციის გარდა, მხატვრები იმ პრობლემებზეც მიამბობდნენ, რომელთაც ისინი საქართველოში აწყდებიან - იქნება ეს გალერეების და გამოფენების ნაკლებობა თუ მატერიალური ბაზის სიმწირე. მთელი ბიენალეს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე, 20 წლის ქეთევან ლოგუა, რომელიც გამოფენაზე ”პროექტი-ამპუტაციით” იყო წარმოდგენილი, ცენზურის პრობლემაზეც მესაუბრა:

”მე მგონია, რომ საერთოდ არ არსებობს საქართველოში მხატვრული სივრცე, არ არსებობს გალერეები. არის რამდენიმე კერძო და რამდენიმე სახელმწიფო გალერეა, რომლებშიც, პრინციპში, ისეთი ცენზურაა, რომ თუ ნამუშევარი არ შეესაბამება კონკრეტულად რაღაც პუნქტებს, მაშინ ვერ მოხვდება. ანუ არ არის თავისუფალი სივრცე მხატვრისათვის. ... სალონური, უპრეტენზიო ხელოვნება უნდა იყოს - ნატიურმორტები, ყვავილები და ასე შემდეგ, რომელსაც არანაირი პრეტენზია არ აქვს და არც კითხვას სვამს, პრობლემას არ აყენებს. უწყინარია, მოკლედ. უპოზიციო, ასე რომ ვთქვათ.”

პრაღაში წარმოდგენილი გამოფენა ამ მხრივ ნამდვილად გამონაკლისია. თემების სიმწვავის თუ სტილისტური მრავალფეროვნების კუთხით, გამოფენაში ჩართულ ნამუშევრებს ”უპოზიციოს”, ალბათ, ვერავინ დაარქმევს.

თუმცა პრაღის ბიენალეში ჩართულ ქართულ გამოფენას მხოლოდ ეს ასპექტი არ გამოარჩევს. ზოგადი თვალსაზრისით, ალბათ, შესაძლებელია ითქვას, რომ საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში შედარებით იშვიათია საერთაშორისო ასპარეზზე თანამედროვე ხელოვნებით წარდგომის შემთხვევები. თავისი ისტორიის თუ სიმბოლური ვითარების გამო, საქართველო იმ ქვეყნების რიცხვში
ქეთევან ლოგუა, "ჟესტები"
შედის, რომლებიც, კულტუროლოგების თანახმად, გლობალური კონტექსტისთვის უწინარესად ტრადიციულ, ფოლკლორულ მოტივებთან შერწყმული ფორმებით არიან საინტერესო. თანამედროვე სტილების, ფორმების თუ ნამუშევრების გლობალურ ასპარეზზე დამკვიდრება განვითარებულად მიჩნეული ქვეყნების პრეროგატივა უფროა. სხვა სახელმწიფოები კი კულტურის ექსპორტისას უფრო ხშირად ტრადიციულ, საზღვარგარეთისთვის ”ეგზოტიკურ” ფორმებზე აკეთებენ ხოლმე აქცენტს.

პრაღის ბიენალეზე წარმოდგენილი ქართული გამოფენა ამ თვალსაზრისითაც გამონაკლისია. მეტიც - პრაღის ბიენალეს დირექტორს, ცნობილ იტალიელ ხელოვნებათმცოდნეს, გამომცემელს და კრიტიკოსს, ჯანკარლო პოლიტის თუ დავუჯერებთ, ქართველი მხატვრების ნამუშევრები აქ საერთაშორისო, თანამედროვე კულტურული სივრცის ორგანულ, დინამიკურ და საინტერესო ნაწილად არის აღქმული:

”ძალიან დინამიკურია, ძალიან ენერგიული, ძალიან ორიგინალური. ძალიან მომწონს ეს ქართველი მხატვრები. დასანანია, რომ მათ არ აქვთ საერთაშორისო ასპარეზზე თავის უფრო ფართოდ წარმოჩენის საშუალება. ისინი ძალიან გონიერი, საინტერესო და აქტიური მხატვრები არიან.”

(რადიო თავისუფლების რედაქცია რეპროდუქციებისთვის მადლობას უხდის პრაღის ბიენალეს ორგანიზატორებს და გამოფენის კატალოგის მთავარ რედაქტორს, ნიკოლა ტრეცის)
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG