Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითის გადამწყვეტი ბრძოლა ახალგორისათვის


31 მაისს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, არჩევნები ტარდება აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებულ ახალგორის რაიონშიც. ოს სეპარატისტთა ლიდერ ედუარდ კოკოითისათვის, რომელსაც რუსეთის პრესაც კი ღიად ადანაშაულებს ქართველი ტყვეების წამებასა და ეთნიკურ წმენდაში, ახალგორში არჩევნების ჩატარებას უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. საქართველოს ხელისუფლება კი წინასწარ აცხადებს, რომ არ ცნობს არალეგიტიმურ არჩევნებს და ახალგორში დარჩენილ მოსახლეობას მოუწოდებს არ მიიღოს მასში მონაწილეობა.

ახალგორის რაიონი არჩევნების წინ თითქმის მთლიანად დაიცალა. ახალგორელებზე ვერ იმოქმედა თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის მოწოდებამ, დაბრუნებულიყვნენ უკან და ხმა მიეცათ სასურველი კანდიდატისათვის. კოკოითიმ, რომლისთვისაც თითოეული ახალგორელი ქართველისა თუ ოსის ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს, საპარლამენტო არჩევნებში ქართველი პაკო ბარათაშვილი და სტაჟიანი პედაგოგი ვალერი გაბარაევი წარადგინა. ორივე კანდიდატი შერეული ოჯახის წარმომადგენელია. მათ კარგად იცნობს ახალგორის ყოფილი გამგებელი ზურაბ ფიცხელაური, რომელიც ამბობს, რომ ახალგორის მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ყალბ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და რაიონი დატოვა:

”გადაწყვეტილება თვითონ მიიღეს. არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს და მასიურად გამოვიდა ხალხი, გარდა მოხუცებისა და ასაკოვანი ხალხისა. ამჟამად საცობია გამოსასვლელში, იმდენი ხალხი გამოდის.”

თუმცა, მოხუცების გარდა, ახალგორში რჩებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მათ შორის პედაგოგები, რომლებიც, ოკუპაციის მიუხედავად, ქართულ სკოლებში მუშაობას განაგრძობენ. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ახალგორში მცხოვრებ შერეული, ოსურ-ქართული ოჯახის წარმომადგენელს, რომელმაც, პირადი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. ჩვენი თანამოსაუბრის თქმით, ოსური ადმინისტრაცია დარჩენილ მოსახლეობას არ ავიწროებს, არჩევნების წინ კი მის მშობლებს კოკოითიმ კომისიის წევრობა შესთავაზა:

”ჩვეულებრივად დადიოდა სამსახურში. ქართული ენის მასწავლებელია დედაჩემი და ჩვეულებრივად ატარებდა ქართული ენის გაკვეთილებს. და არც პრობლემა არასოდეს ჰქონიათ, რომ ვთქვა, წინასაარჩევნოდ დატკბნენ-მეთქი, არც ასეა. როგორი ურთიერთობაც ჰქონდათ, ისევ ისეთი აქვთ. უბრალოდ, იყო შეთავაზება, რომ კომისიაში ყოფილიყვნენ, მაგრამ ჩემებმა უარი თქვეს. ეს არის და ეს.”

თუმცა, ჩემი თანამოსაუბრის თქმით, თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი მაინც ყველანაირად ცდილობს ქართველების გულის მოგებას. კოკოითი რამდენიმე დღის წინ ცხინვალიდან ჩავიდა ახალგორში და მოსახლეობას ქართულ ენაზე მოუწოდა დაბრუნებულიყვნენ. კავკასიის საკითხთა ექსპერტი მამუკა არეშიძე ფლობს ინფორმაციას, რომ კოკოითიმ ხმების ნაცვლად ახალგორელ ამომრჩევლებს ფულიც კი შესთავაზა:

”გარკვეულწილად, ფული იხარჯება იმაში, რომ ქართველები საარჩევნო უბანზე დაფიქსირდნენ. მაგრამ არც ხალხის რაოდენობა - ეს დაახლოებით არის 1000 კაცი - და არც ენთუზიაზმი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ეს არის მასიური არჩევნები და მასიურად მიდის ხალხი არჩევნებზე.”

მაგრამ თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა კარგად იცის სტალინური პრინციპი: არჩევნებს იგებს არა ის, ვინც ხმას აძლევს, არამედ ვინც ხმას ითვლის. ახალგორის ყოფილი გამგებლის ზურაბ ფიცხელაურის თქმით, კოკოითის მიერ დანიშნულ ადმინისტრაციას დარჩა ამომრჩეველთა სიები და მთელი საარჩევნო დოკუმენტაცია, ხელი კი, რომელიც ყალბ ბიულეტენებს საარჩევნო ურნაში ჩაყრის, მარტივი მოსაძებნია რუსი საოკუპაციო ჯარებითა და ოსი არაოფიციალური შეიარაღებული ფორმირებებით გავსებულ ახალგორში:

”არავითარი მნიშვნელობა [არა აქვს]. ეხლა როგორი კომისიებია, იცით? 22 უბანი გახსნეს და თითო უბანზე არის თითო-თითო კაცი. კომისიის თავმჯდომარეც ის არის და კომისიის წევრიც. ჰოდა, იქ რასაც უნდა, იმ ოქმებს გაააკეთებენ და გამოიყენებენ.”
ახალგორის რაიონში აგვისტოს ომამდე 5 000-ზე მეტი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. ზურაბ ფიცხელაური ამბოს, რომ მას არ გაუკვირდება, თუ 31 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ცხინვალი გამოაცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა უმრავლესობამ მიიღო. მაგრამ, როგორც ჩანს, ახალგორში არჩევნებში მონაწილეობას რომელიმე შერეული ქართული ოჯახის წევრი აუცილებლად მიიღებს. ”ეს კოლაბორაციონიზმი არ არის. მოსახლეობა, რომელიც ახალგორშია დარჩენილი, უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება და ეს ყველას უნდა გვესმოდესო”,- მბობს ექსპერტი მამუკა არეშიძე და პარალელს ავლებს ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში დარჩენილ ქართულ მოსახლეობასთან, რომელიც, პირადი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, იძულებულია მიიღოს მონაწილეობა აფხაზურ არჩევნებში და დაემორჩილოს აფხაზურ კანონებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG