Accessibility links

logo-print
მიმდინარე კვირა 26 მაისის მოლოდინით დაიწყო. ”26 მაისი -კიდევ ერთი ბეწვის ხიდი?!” - ასეთი იყო გაზეთ ”კვირის პალიტრის” სათაური ორშაბათს, 25 მაისს.

26 მაისს გამოსული გზეთები კი ჯერ კიდევ ოპოზიციის ერთიანი ლიდერის დასახელების შესაძლებლობაზე მსჯელობდნენ. იმავე დღეს ”ალია” წერდა, რომ ირაკლი ალასანია ახალი პარტიის შექმნას აპირებს.

“ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება “ალიანსი საქართველოსთვის” დაშლას არ გამოიწვევს”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამო, წერდა გაზეთი და დასძენდა : ”მისი თქმით, არ არის საჭირო მოვლენებს გავუსწროთ და საკითხი - მოხვდებიან თუ არა ახალ პოლიტიკურ პარტიაში გია ყარყარაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე, პარტიის პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი”. ”ალიამ” კომენტარი ლევან გჩეჩილაძესაც სთხოვა: “ჯერ კონკრეტიკა არ არსებობს, ლაპარაკები კი მთელი ცხოვრება მიმდინარეობს, მარა... კი, შეთავაზება ჯერ კიდევ ადრიდან არის, სანამ ირაკლი ჩამოვიდოდა. ერთმანეთს ველაპარაკებოდით, მაგრამ კონკრეტულად ფორმატი და დეტალები გადაწყვეტილი არ არის. ჯერჯერობით ვრჩები საზოგადოების წარმომადგენლად. თუმცა ცხოვრებაში არის რამე გამორიცხული?” - უთხრა გაზეთს ლევან გაჩეჩილაძემ.

26 მაისის მღელვარე მოვლენების შესახებ კი, უკვე მომდევნო დღიდან მოყოლებული, მთელი კვირის მანძილზე წერდა ქართული პრესა.

“26 მაისს საპროტესტო აქციაზე "დინამოს" სტადიონსა და მის პერიმეტრზე, დაზუსტებული მონაცემებით, 100 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. დაძაბულობის ასეთი მაღალი მუხტი და მომიტინგეთა მიერ ხელისუფლების მყისიერად გადაყენების ასეთი რადიკალური მოთხოვნა 9 აპრილის აქციაზეც კი არ ყოფილა. ეს კი მიანიშნებს, რომ ხელისუფლების მხარდამჭერთა და ზოგიერთ სკეპტიკოსთა ადრე გამოთქმული მოსაზრება, საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი განელდებაო, არ გამართლდა”, - წერდა გაზეთი “ყველა სიახლე”.

“26 მაისი ორად იყოფა. იყო კარგი და ცუდი ნაწილი. საღამომდე ყველაფერი რიგზე იყო, ხალხი პროტესტს მშვიდად, ორგანიზებულად გამოხატავდა. 26 მაისმა უკვე დაამტკიცა, რომ პრობლემა საზოგადოებაში არაა, პრობლემა ლიდერებშია”, - უთხრა ექსპერტმა ანდრო ბარნოვმა გაზეთ “ვერსიას”.

მომდევნო დღეს კი ”24 საათი” წერდა: “ორსაათიანი პიკეტირების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერების გადაწყვეტილებით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული "საკნები” აიღეს. ოპოზიციონერთა თქმით, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, უნდა შეიცვალოს პროტესტის გამოხატვის მეთოდები. პარლამენტის შენობის წინ კვლავ 18:00 საათზე განახლდა მიტინგი.” გაზეთში მოყვანილია გუბაზ სანიკიძის მიტინგზე ნათქვამი სიტყვები:

“ ’ეროვნული ფორუმი’ არსად წასულა და ხალხის გვერდით დგას. საერთო მიზანში ოპოზიცია ერთიანია, მათ ბრძოლის ტაქტიკა აქვთ განსხვავებული. ამიტომ ჩვენი დევიზი უნდა იყოს - თბილისი წავართვით სააკაშვილს და ახლა მთელი საქართველო უნდა წავართვათ! ”

პარასკევს ირაკლი ალასანიამ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. შაბათის ნომერში ”ახალი თაობა” წერს, რომ გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი ცდილობდა გვერდიდან შეეხედა მოვლენებისთვის და განდგომისგან თავიდან თავს იკავებდა. გაზეთის მიხედვით: ” ჯერჯერობით ალასანია ოპოზიციას არ შეუჩვენებია, უბრალოდ, ითქვა, რომ ის რადიკალურ ქმედებებს ემიჯნება. მან ხელისუფლებასთან დიალოგის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა და ლამის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლის ფუნქცია იკისრა”. გაზეთი წერს, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის შესაძლებლობაზე გუშინ აქციის მომხრე ოპოზიციონერები ბევრს საუბრობდნენ. ისინი დიალოგზე თანახმა არიან, ოღონდ იმ პირობით, რომ ხელისუფლებას სააკაშვილის გადადგომაზე ესაუბრონ. და ”ახალ თაობას” სალომე ზურაბიშვილის კომენტარი მოჰყავს: “მე არც ირაკლის ალასანიასა და არც სხვების განცხადებებზე კომენტარების გაკეთებას არ ვაპირებ. მე ვიცი ერთი რამე, რომ ჩემს გარეშე ხელისუფლებასთან დიალოგი არ გაიმართება!”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. როდის დაინიშნება ხელისუფლებასთან მორიგი შეხვედრა, ოპოზიციამ არ იცის. სამაგიეროდ, მათ იციან, რომ ამ დღეებში ხელისუფლების მხრიდან სერიოზული პროვოკაციები ელით”, - ვკითხულობთ ”ახალ თაობაში”.
ამ შესაძლო პროვოკაციებზე შაბათის ”რეზონანსიც” წერს. ლიდერების თქმით, ოპოზიციური პარტიების სპეციალურ ფორმებში გადაცმული ადამიანები პროვიკაციების მოწყობას აპირებენ, რის შემდეგაც საქმეში სპეცდანიშნულების რაზმები ჩაერევიან. ამიტომ ლიდერები მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებენო, წერს გაზეთი.

”რეზონანსის” მთავარი პუბლიკაცია კი შაბათს არჩევნების თემას ეძღვნება.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, რაც ბოლო დღეებში საკმაოდ აქტუალური თემა გახდა, მიუღებელია როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვისო, ვკითხულობთ პუბლიკაციაში. გაზეთის მიხედვით, ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ვადამდელი არჩევნები ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს, ოპოზიცია კი ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც ხელისუფლებაში კვლავ იგივე ადამიანები რჩებიან, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს.”

“კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრი იყოფა, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაა”, - წერს გაზეთი და კვლავ ირაკლი ალასანიას პრესკონფერენციას უბრუნდება, სადაც მან განაცხადა, რომ არჩევნების დანიშვნას წინ არაფერი უდგას.

ეკა ბესელიას თქმით კი, ოპოზიციის დიდი შეცდომა იქნება, თუკი ამ ხელისუფლების პირობებში გამართულ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს დავით დარჩიაშვილსაც მიაჩნია, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არ იქნება სწორი. მისი თქმით, ”პირველ რიგში, უნდა დაიხვეწოს საარჩევნო სისტემა და შემდეგ იმაზე უნდა ვისაუბროთ, როგორი ტიპის პოლიტიკური მოწყობა იქნება. ნურავის ჰგონია, რომ ეს ორ კვირაში მოესწრება”, - ვკითხულობთ შაბათის ”რეზონანსში”.

გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა” კი შაბათის ნომერში საქართველოს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც იგი უკვე მეორედ იმეორებს: ,,მე ვიცი ერთი ადამიანი, ვისაც პრეზიდენტობის შანსი აქვს, იგი 60 წელს გადაცილებულია და საქართველოში ცხოვრობს.”
XS
SM
MD
LG