Accessibility links

logo-print

დამოუკიდებლობის დღე და ცხელი კვირა


გია გაჩეჩილაძე (უცნობი) 26 მაისი, ოპოზიციის საპროტესტო აქცია პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე

გია გაჩეჩილაძე (უცნობი) 26 მაისი, ოპოზიციის საპროტესტო აქცია პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე

გასულ სამუშაო კვირაში საქართველომ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა. 26 მაისი დიდი ეროვნული დღესასწაულია, თუმცა წელს მას ერთგვარი წყალგამყოფის ფუნქციაც დაეკისრა. უპირველესად, იმიტომ რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ წელს ეს თარიღი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღნიშნეს, მეორე მხრივ კი, იმიტომ რომ 26 მაისს გამართული საპროტესტო აქტივობები ოპოზიციის სამომავლო ტაქტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრაში ერთგვარ კატალიზატორად იქცა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, ოპოზიციის ლიდერთა ერთ–ერთი შეფასების თანახმად, ძალების დათვალიერების დღე იყო, თანაც, ამ ლიდერთათვის სავსებით დამაკმაყოფილებელი, რადგან ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი გაჭედილი იყო ოპოზიციის მომხრეებით.

აქციის უმთავრეს მოთხოვნას საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომა წარმოადგენდა, სიახლეს კი ის, რომ, ხელისუფლების გადადგომის შემთხვევაში, უნდა შეიქმნას გარდამავალი მთავრობა, რომელიც არჩევნებს დანიშნავს და თავად არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. აქციაზევე მოწონებულ იქნა ვალდებულებების ქარტია, რომელიც სტადიონზე შეკრებილებს „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ, გააცნო:

„ვიღებთ ვალდებულებას, რომ უზრუნველვყოფთ დამოუკიდებელ და სამართლიან არჩევნებს, დამოუკიდებელ სასამართლოს, თავისუფალ მედიას, პოლიციის საზოგადოებრივ კონტროლს, საკუთრების უფლებას, სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის დაცვას, დაბალანსებულ და გაწონასწორებულ საგარეო პოლიტიკას. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ მივიყვანთ ამ ბრძოლას გამარჯვებამდე, თავისუფლებამდე და ეს არის ჩვენი მოვალეობა.“

ერთსულოვნება, რომელიც ოპოზიციის თავკაცებსა და მომხრეებს შორის თითქმის მთელი დღის მანძილზე სუფევდა, ერთგვარ დაბნეულობაში გადაიზარდა დღის ბოლოსკენ, როდესაც ეგრეთ წოდებული რადიკალური ოპოზიცია პრაქტიკულადაც გაიყო რადიკალებად და ზომიერებად. რადიკალები იმავე ღამეს მომხრეებს რკინიგზის ცენტრალური სადგურისაკენ გაუძღვნენ, სარკინიგზო ლიანდაგები დაიკავეს და შეაფერხეს როგორც სამგზავრო მატარებლის დროული გასვლა, ისე სატვირთო გადაზიდვები. ეგრეთ წოდებული ზომიერები კი კატეგორიულად გაემიჯნენ მაგისტრალების გადაკეტვის გადაწყვეტილებას და საპროტესტო აქციების ფორმისა და შინაარსის შეცვლის აუცილებლობის შესახებ ამცნეს საზოგადოებას. ერთ–ერთი მათ შორის ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია იყო:

“ გაგრძელდება ჩვენი მონაწილეობა იმ საპროტესტო აქციებში, რომლებიც დაიგეგმება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად კოორდინაციაში, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას ისეთ აქციებში, როგორიც არის მაგისტრალებისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება, მეორე და მნიშვნელოვანი, ეს არის მოლაპარაკებების პროცესი, რომელშიც ჩვენ ჩავერთვებით სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად, რათა მიღწეულ იქნეს ჩვენი ექვსპუნქტიანი შეთავაზების საფუძველზე კონკრეტული შედეგები.“

მესამე კი, რომელსაც ირაკლი ალასანიას გუნდი ირჩევს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გააქტიურებაა.
ოპოზიციური სპექტრის ტაქტიკურ გეგმებში ურთიერთგანსხვავებულობის შედეგი მიმდინარე კვირაში 9 აპრილის საორგანიზაციო კომიტეტის 10 სუბიექტიდან ერთის გამოკლება გახდა. კომიტეტი „ეროვნულმა ფორუმმა“ დატოვა. ”ფორუმმა” საკნებიდან თავისი აქტივისტები გაიყვანა და 25 მაისს ტაქტიკური ცვლილებების გეგმა გამოაქვეყნა. გეგმა, ”ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის, განმარტებით, პრეზიდენტ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო მოძრაობის რეგიონებში გაშლას გულისხმობს:

„თბილისში ჩვენ უკვე დავდევთ ლანდებს, ხელისუფლებამ დატოვა თბილისი და ახლა უნდა დავატოვებინოთ დანარჩენი საქართველო. ეს ძალიან კარგი და ძალიან კარგად განსახორციელებელი იდეაა და ეს დაადასტურა ორმა აქციამ - ბათუმისა და ქუთაისის, როცა, აბსოლუტურად მოუმზადებლად, ბათუმში გამოვიდა არანაკლებ

7 000 მომიტინგე, ხოლო ქუთაისში არანაკლებ 10 000 კაცი. საქართველოში გველოდებიან ჩვენი მოქალაქეები.“
26 მაისს პარტია „თავისუფლების“ ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამაც განაცხადა, რომ მას „სააკაშვილისთვის საქართველოს წართმევის“ თავისი დამოუკიდებელი გზა აქვს, თუმცა მის ამ განცხადებას კონკრეტული გეგმები და ქმედებები ჯერ არ მოჰყოლია. მთავარი კი, რაც პარლამენტსგარეთა ოპოზიციურ პარტიებს ერთმანეთისგან განასხვავებთ, არის დამოკიდებულება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მიმართ. ამ მიმართულებით ყველაზე აქტიური ჯერჯერობით ალასანიას პოლიტიკური გუნდია, დანარჩენებისთვის კი ხელისუფლებასთან დიალოგის თემაზე პატრიარქის მოწოდებაც კი მიუღებელი აღმოჩნდა. პატრიარქმა კი მიმდინარე კვირაში ორი განცხადება გააკეთა: თავის ქადაგებაში 26 მაისს მან ბრძანა, რომ პრეზიდენტების ცვლის არსებულ ტაქტიკას ქვეყნისათვის კარგი არაფერი მოუტანია და პოლიტიკურ ძალებს ერთმანეთის მოსმენისაკენ მოუწოდა. მას შემდეგ კი, რაც ამ განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა და იგი, ძირითადად, ხელისუფლების მხარდამჭერ პოზიციად იქნა აღქმული, 28 მაისს გაკეთდა კიდევ ერთი განცხადება, რომელშიც ითქვა, რომ ეკლესია ერის გამაერთიანებელი ძალაა და მშვიდობისათვისაა მოწოდებული:

„გუშინწინდელი ჩვენი განცხადებაც გაკეთდა შექმნილი ვითარების განმუხტვის მიზნით. ცნობილი იყო, რომ ხელისუფლება არ აპირებდა კომპრომისზე წასვლას, ხოლო მომიტინგეების მკვეთრი ქმედებების შემთხვევაში, მოსალოდნელი იყო შეტაკება და სისხლისღვრა. ერის ინტერესებიდან გამომდინარე, ეკლესიამ თავის თავზე აიღო მძიმე ტვირთი და გადადგა ისეთი ნაბიჯი, რაც ამ რეალურ საფრთხეს ააცილებდა ჩვენს ხალხს. ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა ამოიწურა. სიტუაცია კვლავ სერიოზულია და ფეთქებადსაშიში.“

ამ განცხადებამ მაინც ვერ გაფანტა ბუნდოვანება იმის შესახებ, რა საფრთხე გაანეიტრალა საპატრიარქომ, რას აპირებდა ოპოზიცია იმ შემთხვევაში, გია გაჩეჩილაძეს, იმავე ”უცნობს”, 26 მაისს აქციის მონაწილეები ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიდან სამების საკათედრო ტაძარში რომ არ წაეყვანა და, ბოლოს, რას მოიმოქმედებდა, თავის მხრივ, ხელისუფლება, ოპოზიციის ეგრეთ წოდებული „სხვა გეგმა“ რომ ამოქმედებულიყო. 28 მაისს ერთი სამწუხარო ინციდენტი მაინც მოხდა: საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და ოპოზიციას შორის შეტაკების შედეგად დაზიანდა აქციის რამდენიმე მონაწილე და ცივი იარაღით დაიჭრა ხუთი პოლიციელი. საპატრიარქოს 28 მაისის განცხადების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი კი ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი: „ვფიქრობთ, ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას დაძაბულობის განმუხტვისთვის, იქნება ეს რიგგარეშე არჩევნები, მოლაპარაკებები თუ სხვა“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც, გამოხმაურებების თანახმად, ხელისუფლებამ პოზიტიურად მიიღო.

„ჩვენი პოზიციაც სწორედ ის არის, რომ ჩვენ არა რადიკალური აქციებით და ურთიერთქიშპობით უნდა ვაგვარებდეთ საკითხებს, არამედ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ყველაფერი წყნარად, მშვიდად, როგორც ერთი ერის შვილებმა, მოვილაპარაკოთ - ვისაუბროთ ყველა საკითხზე და ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტი გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ჩვენს შორის დაძაბულობა მოიხსნას.“

ამბობს დეპუტატი გიორგი გაბაშვილი, მისი კოლეგა გივი თარგამაძე კი კიდევ უფრო აკონკრეტებს და განმარტავს, რომ ხელისუფლება მზადაა მომავალი წლის გაზაფხულზე თბილისის მერის ვადამდელ არჩევნებზე ილაპარაკოს იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე დიალოგი შედგება. გივი თარგამაძის ეს განცხადება, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებისა და პარლამენტსგარეთა ოპოზიციის მოთხოვნებისა და პოზიციების დაახლოებაში გასულმა ცხელმა პოლიტიკურმა კვირამაც ვერ დატოვა კვალი. რაც შეეხება საარჩევნო კალენდრის მოსალოდნელ ცვლილებას, უფრო ზუსტად კი, საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამ მიმართულებით ხელისუფლებასთან ერთად, ნაბიჯები გასულ კვირაშიც საპარლამენტო ოპოზიციამ გადადგა. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ავთანდილ დემეტრაშვილმა მომავალ კვირაში უნდა წარადგინოს იმ დოკუმენტის პროექტი, რომლის მიხედვითაც კომისია მუშაობას დაიწყებს.
XS
SM
MD
LG