Accessibility links

რუსეთის მილიტარიზმი დასავლეთისა და საქართველოს წინააღმდეგ


რუსული წარმოების საზენიტო რაკეტა ”იგლა”

რუსული წარმოების საზენიტო რაკეტა ”იგლა”

რუსეთის ხელისუფლება აქტიურად ცდილობს იარაღის ბაზარზე შეზღუდოს საქართველო, რომელიც ომის შემდგომ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ცდილობს. ამ თემაზე გასულ კვირაში რამდენიმე დამაფიქრებელი პუბლიკაცია გაჩნდა რუსეთისა და დასავლეთის მედიაში.

ბოლო წლების განმავლობაში მოძმე უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი იარაღის მომწოდებელი ქვეყანა იყო. საქართველოს არმია უკრაინიდან მარაგდებოდა, ძირითადად, ტანკებითა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებით, საბრძოლო მასალებითა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავით სიხარულიძის ხედვაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებების განვითარებას კვლავაც პრიორიტეტული ადგილი უკავია.

აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კრემლმა გააძლიერა ზეწოლა უკრაინაზე, რათა კიევს შეეწყვიტა იარაღის მიწოდება საქართველოსათვის ან გაეკონტროლებინა ეს პროცესი, რაც, დიდი ანგარიშით, ერთი და იგივეა. გასული კვირის რუსული მედია ლამის ერთხმად ამტკიცებდა, რომ მოსკოვმა საწადელს მიაღწია. გაზეთ ”კომერსანტის” ინფორმაციით, მოსკოვმა და კიევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ”იგლასა” და ”სტრელას” ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ექსპორტ-იმპორტის შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას ითვალისწინებს. ნიშნავს თუ არა ეს შეთანხმება, რომ უკრაინა მომავალში აღარ მიაწვდის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს საქართველოს? უკრაინის პარლამენტის ”უმაღლესი რადის” თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი გრეცენკო ამბობს, რომ უკრაინულ-რუსული შეთანხმება მხოლოდ საშიში შეიარაღების მონიტორინგს ითვალისწინებს დ არანაირი კავშირი არა აქვს საქართველო-უკრაინის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობასთან:

”ასეთი შეთანხმება მართლაც არსებობს, მაგრამ ამას არანაირი კავშირი არა აქვს საქართველოსთან. ტარდება მუშაობა განსაკუთრებით საშიში სახეობის იარაღის გავრცელების მონიტორინგისა და კონტროლის საერთო სისტემის ფარგლებში. მათ განეკუთვნება გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიც. საუბარი არ არის საქართველოს ან რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ. საუბარია იმაზე, რომ ქვეყნები, რომლებსაც ასეთი ტიპის იარაღი აქვთ, ერთმანეთს მიაწვდიან ინფორმაციას მესამე ქვეყნისათვის ამ იარაღის გადაცემის შესახებ.”

რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელენგაუერიც დარწმუნებულია, რომ უკრაინა გააგრძელებს საქართველოსთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას და, სხვათა შორის, მიაწვდის საზენიტო-სარაკეტო კოპლექსებსაც. რაც შეეხება რუსეთ-უკრაინას შორის მიღწეულ შეთანხმებას, რუსი ექსპერტი მას განიხილავს როგორც ანტიტერორისტულ ღონისძიებას:
”რუსეთი დაჟინებით მოითხოვდა, რომ მსგავსი დოკუმენტისთვის ხელი მოეწერა უკრაინას. ასეთი ხელშეკრულება უკრაინას უკვე აქვს გაფორმებული შეერთებულ შტატებთან, რადგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების უკონტროლო ექსპორტი ზრდის ტერორისტულ საფრთხეს.”

გადასატანი საზენიტო სარაკეტო კოპლექსებით, ”სტრელა 2”-ით და ”იგლა” -თი, საჰაერო სამიზნის განადგურება შეიძლება 6 000 მეტრის რადიუსში და 3000 მეტრ სიმაღლეზე. რუსულის გარდა, ფართოდ არის გავრცელებული ამერიკული წარმოების საზენიტო კომპლექსი ”სტინგერი”. სამხედრო ექსპერტ ირაკლი ალადაშვილის თქმით, გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე ყველაზე დიდი მოთხოვნა ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდანაა:

” ანუ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ის გაისროლოს, შეუძლია შემდეგ გადააგდოს კონტეინერი და სწრაფად დატოვოს იქაურობა. ამიტომაც ამბობენ, რომ ტერორისტებისათვის პირდაპირ მისწრებაა ასეთი იარაღი.”

სწორედ ”სტინგერებით” შეიარაღებული ავღანელი მოჯახედების ანგარიშზეა თავის დროზე ავღანეთში ჩამოგდებული რამდენიმე რუსული თვითმფრინავი. თავის მხრივ, რუსული წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს ფართოდ იყენებდნენ არაბული ქვეყნები ისრაელის ავიაციის წინააღმდეგ. საქართველოს შეიარაღებაში არის უკრაინისგან შეძენილი რამდენიმე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კოპლექსი ”იგლა”, რომლითაც ქართველი მებრძოლები აგვისტოს ომის რუსულ ავიაციას იგერიებდნენ. როგორც ზემოთ ვთქვით, საქართველოს ლეგალურად აქვს ეს იარაღი შეძენილი. გაკვირვებას ის ფაქტი იწვევს, რომ აგვისტოს ომის დროს ოსურ სამხედრო რაზმებსაც აღმოაჩნდათ რუსული ”სტრელა” და ”იგლა”, რაც, ირაკლი ალადაშვილის ვარაუდით, ცხინვალს რუსეთმა გადასცა:

”აი, ამ მხრივ, როდესაც რუსეთი სხვა ქვეყნებისგან მოითხოვს ამას [შეიარაღების კონტროლს], თვითონ აწვდის და აწვდიდა სეპარატისტთა არაოფიციალურ ფორმირებებს ასეთ საშიშ იარაღს.”

მაგრამ რუსეთის ხელისუფლებას თავისი ლოგიკა აქვს. მას არ მოსწონს ის, რომ საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, განაგრძობს არსებობას, იშუშებს ომის ჭრილობებს და ცდილობს შეინარჩუნოს არმიის ბრძოლისუნარიანობა. რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გასული წლის ბოლოს გამოსცა განკარგულება, რომელიც სახელმწიფო უწყებებს ავალებს დააწესოს ემბარგო საქართველოსათვის იარაღის მიწოდებაზე და ეკონომიკური სანქციები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს იარაღს მიაწვდიან.

რუსეთის ამ მუქარის მიუხედავად, საქართველო აგრძელებს ტრადიციულ პარტნიორებთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას, თუმცა დარჩა თუ არა იარაღის მომწოდებელ ქვეყნებს შორის უკრაინა, ძნელი სათქმელია. გასული წლის ზაფხულში პრეზიდენტ იუშჩენკოს საწინააღმდეგოდ განწყობილმა ”უმაღლესმა რადამ” სპეციალური საპარლამენტო კომისია შექმნა და, კანონის გვერდის ავლით იარაღის ექსპორტის განხორციელების გამო, პრეზიდენტ იუშჩენკოს იმპიჩმენტი მოითხოვა. გასული კვირის ბოლოს ინტერნეტგამოცემა ”ვორდ ნეტ დეილიში” გამოჩნდა სტატია,როლის თანახმადაც, შეერთებულმა შტატებმა, თითქოსდა რუსეთის ზეწოლის შედეგად, საქართველოში სამხედრო ექსპორტი შეაჩერა. თუმცა საქართველოს სამხედრო უწყებაში, რომელიც ახალი თავდაცვითი შესაძლებლობების განსავითარებლად დახმარებას, უწინარესად, სწორედ შეერთებული შტატებისგან ელოდება, ამ ინფორმაციას რეალობასთან შეუსაბამოს და გამოგონილს უწოდებენ.
XS
SM
MD
LG