Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბედნიერება", ანუ ტელეფონით დატირება


ნუცა ალექსი-მესხიშვილი (მარცხნივ) გადასაღებ მოედანზე
ნუცა ალექსი-მესხიშვილი (მარცხნივ) გადასაღებ მოედანზე
სხვადასხვა მონაცემებით, საზღვარგარეთ დღეს მილიონზე მეტი ქართველი მუშაობს, მათ შორის, ქართველი ქალები, რომლებმაც დატოვეს თავიანთი ქმარ-შვილი, მშობლები და ოჯახებს უცხოეთიდან არჩენენ. ლევან კოღუაშვილმა თემას დოკუმენტური ფილმიც მიუძღვნა - ”ქალები საქართველოდან”, ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად მყოფ ქალებზე, რომლებიც იქ მოხუცების 24 საათიან მომვლელებად მუშაობენ და გამომუშავებული ფულით საქართველოში დარჩენილ ოჯახებს ინახავენ. და აი, ცოტა ხნის წინ თბილისში ამავე თემაზე გადაღებული ახლა უკვე მხატვრული ფილმის პრემიერა მოეწყო: ნუცა ალექსი-მესხიშვილმა, რომელმაც 90-იანი წლების დასაწყისში პარიზის კინოხელოვნების ინსტიტუტი, ”ფემისი”, დაასრულა, გადაიღო ძალიან საინტერესო სადიპლომო ფილმი, მაგრამ მას შემდეგ არაფერი გაუკეთებია კინოში... ახლა წარმოადგინა მოკლემეტრაჟიანი ფილმი ”ბედნიერება”, ეკრანიზაცია ზაირა არსენიშვილის მოთხრობისა ”ცოლმა ქმარი დაიტირა”. ერთ ქართულ სოფელში გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი, რომელიც ოჯახმა - დამ, შვილებმა, მეგობრებმა, მეზობლებმა - უნდა დაიტიროს და დაკრძალოს... დაიტიროს, მიცვალებულის ცოლთან ერთად, რომელიც იტალიაში მუშაობს მომვლელად და იქიდან, იტალიიდან, მობილური ტელეფონით დასტირის ქმარს. ტელეფონს გამაძლიერებელს უერთებენ, ეს დატირება რომ მთელმა სოფელმა მოისმინოს...დაიტირებენ და სასაფლაოს გზას გაუყვებიან.

ესაა და ეს - ნუცა ალექსი-მესხიშვილის ნახევარსაათიანი ფილმის დრო რეალურ დროს არ ემთხვევა, მაგრამ შთაბეჭდილება მაინც რჩება, რომ პირდაპირ რეპორტაჟს ვუყურებთ მიცვალებულის დატირების, ასე ვთქვათ, ”ცერემონიიდან” - დაკრძალვის რიტუალი უფრო სასაცილოა, ვიდრე სევდიანი.

პირდაპირი რეპორტაჟის შთაბეჭდილებას თავად ფილმის ესთეტიკა ქმნის. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც კვაზიდოკუმენტურ სტილთან გვაქვს საქმე. მთელი ფილმი აგებულია გრძელზე გრძელი კადრებისგან, უფრო სწორად, ”კინემატოგრაფიული პლანებისგან”, რომლებიც საფოსტო ბარათის ასოციაციას ქმნის. ამას ჩვენთან საუბარში ნუცა ალექსი-მესხიშვილიც ადასტურებს:

”გადაღება გვქონდა მხოლოდ კამერით. რელსებზეც უარი ვთქვით. კამერას ვერ აამოძრავებდი. მხოლოდ სტატიკური კადრებით გადავიღეთ... ის, რასაც კინემატოგრაფიული განწყობა ჰქვია, არ გვქონია. უფრო სტატიკური, თეატრალური განწყობა იყო. თითქოს ვიღებდი საფოსტო ბარათს, რომელიც ოჯახს გამოხატავს.”

კადრი ფილმ "ბედნიერებიდან"
ოჯახს, რომელიც არ არსებობს, ოჯახს, რომელიც ფიქციაა... და ფიქციაა ყველაფერი, რასაც ეს ხალხი ტრადიციას ეძახის... ფიქციაა დატირების რიტუალიც, წუხილიც, სევდაც, რადგან არ შეიძლება ადამიანის დატირება თეატრად გადააქციო... ეს აზრი დაგებადებათ ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმის ყურებისას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავად ავტორის პოზიციაა ასეთი სწორხაზოვანი. რეჟისორი საერთოდ არ ხმარობს პედალს და არაფერს ამტკიცებს... ჩვენ ვათვალიერებთ გრძელ კადრებს, ვეცნობით პერსონაჟების რეაქციებს, მათ ხასიათებს... ნახევარსაათიან ფილმში ავტორი ახერხებს შექმნას ეს ხასიათები და, მიუხედვად იმისა, რომ ძირითად როლებს თეატრის მსახიობები ასრულებენ, - ლია კაპანაძე, ნინო კასრაძე, რუსუდან ბოლქვაძე, - თეატრალური პირობითობა ადვილადაა დაძლეული.

ნუცა მესხიშვილს ვკითხეთ, რომელი თემა უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის - დაკრძალვის რიტუალი, რომლის თეატრალიზებულობა ”შავი იუმორით” ამდიდრებს მთელ ფილმს, თუ ქვეყნიდან წასვლის, ქვეყნის დაცლის თემა, ე.ი. სოციალური მოტივი.

“მე უფრო მაწუხებდა, რომ მიდიან. ბავშვების ასეთი დატოვება ძალიან მძიმედ მოქმედებს ჩემზე...იმათი ცხოვრების გასაუმჯობესებლად რომ ხარ წასული, ვისაც ტოვებ და ვისაც აკლებ მთავარს... - საშინელებაა ეს. ”

მართლაც, ისე გამოდის, რომ ორმაგ მორალს და ორმაგ სტანდარტებს თავად ცხოვრება, სოციალური გაჭირვება ქმნის - ქალები ტოვებენ შვილებს, რადგან ჰგონიათ, რომ ფინანსურად თუ დაეხმარებიან ოჯახს, საჩუქრებს თუ გამოუგზავნიან ბავშვებს, ცხოვრებას გაუხალისებენ..და, ამავე დროს, ართმევენ მათ ყველაზე მთავარს - დედასთან ერთად ყოფნის, თანაცხოვრების სიხარულს...

რეჟისორი მსახიობთან მუშაობის პროცესში
ჩვენთან საუბარში ნუცა ალექსი-მესხიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რაოდენ რთული, მაგრამ რაოდენ საინტერესო აღმოჩნდა სურათის ესთეტიკის შექმნა - სურათოვნებისა, რომელიც, ამავე დროს, ხაზგასმულ ფერწერულობას, სიტკბოს იქნებოდა მოკლებული. ამასთან დაკავშირებით ნუცა ოპერატორ გიორგი ბერიძის დამსახურებაზე გვესაუბრება, იხსენებს გია ყანჩელს, რომელმაც დასამახსოვრებელი ირონიული მუსიკა დაწერა ფილმისთვის და, რაღა თქმა უნდა, ზაირა არსენიშვილს, რომელსაც, ფაქტობრივად, ამ ფილმის თანაავტორად მიიჩნევს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG