Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია მოქმედების ახალ ტაქტიკას ირჩევს


თბილისი, თავისუფლების მოედანი
თბილისი, თავისუფლების მოედანი
ოპოზიციამ საკნების აქციის ერთგვარი ოპტიმიზაციის პროცესი დაიწყო. კოსტავას გამზირის შემდეგ გაიხსნა თავისუფლების მოედანიც, რომელიც თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ პირველად დასუფთავდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი სტრატეგია არ შეცვლილა - დროდადრო შეიცვლება მხოლოდ პროტესტის ფორმები. მათი სამიზნე ახლა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებია. 1 ივნისს აქცია მერიასთან გაიმართა. ხვალ რიგში კვლავ პარლამენტი დგას.

9 აპრილის ორგანიზატორი პოლიტიკური პარტიები, როგორც თავად ამბობენ, ბრძოლის შემდგომ ეტაპზე გადავიდნენ. ორი თვის განმავლობაში დედაქალაქის მთავარი გამზირის საკნებით ჩაკეტვამ, მათი შეფასებით, თავისი შედეგი აჩვენა. ახლა აქციების ფორმა ნაწილობრივ შეიცვლება. ამის პირველი ნიშანი საკნებისგან თავისუფლების მოედნის დაცლაა. ბოლო ორი დღეა მოედანი სუფთავდება. გაგრძელდება სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების პიკეტირებები, მაგალითად, ისე, როგორც ეს პირველ ივნისს მერიის შემთხვევაში მოხდა.

”საკნების აქცია არ დასრულებულა, რადგან სახელმწიფო დაწესებულებებთან, სადაც აქამდეც იყო ისინი განთავსებული, კვლავ რჩება - მაგალითად, პარლამენტთან უფრო მჭიდროც კი გახდება საკნების აქცია. რაც შეეხება იმას, რომ თავისუფლების მოედანი გაიხსნა, ეს არ არის სტრატეგიული საკითხი, ეს ტაქტიკური საკითხია.”

ამ სიტყვების ავტორი კონსერვატორი კახა კუკავა არ მალავს, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთდ გაჩნდა გარკვეული პრობლემები საკნების განლაგებასთან დაკავშირებით. თუმცა პიკეტირების პოლიტიკა ამით არ სრულდება:

”ორი პრობლემა გამოიკვეთა: პიკეტირების პოლიტიკამ, რომელიც გამოდგა ძალიან ეფექტური სახელმწიფო შენობების პიკეტირების დროს, იმავდროულად არ გაამართლა მაგისტრალებისა და ისეთი ობიექტების გადაკეტვა, რომელთაც მოსახლეობა გამოიყენებს და არა ხელისუფლება. ოპტიმიზაცია დასჭირდა საკნებს, იმიტომ რომ კლიმატური პირობები, ცხადია, განსხვავდება და ზაფხულში ძნელია მათი შენარჩუნება მზისგულზე.”

საკნების ფონზე მიმდინარე აქციების ორთვიან შედეგს დადებითად აფასებს ”ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი:

”ხელისუფლება უკვე დიდი ხანია ვერ იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც ხალხისთვის საზიანოა და ჩვემ სწორედ ამიტომაც ვაპირებთ გავაგრძელოთ პროტესტი. რაც მეტხანს ვერ მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს, ხალხისთვის უკეთესია.”

1 ივნისს მერიასთან გამართულ მიტინგზე ”ახლების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ მსგავსი აქციის სასამართლოსთან გამართვის წინადადებაც წამოაყენა. აქცია იგეგმება ოთხშაბათს, 3 ივნისს, ქალაქ რუსთავშიც, სადაც პარასკევს ტელეკომპანია ”მაესტროს” მაუწყებლობა შეწყდა..2 ივნისის დილიდან კი ოპოზიცია ხალხს პარლამენტის შენობასთან ელოდება. თუმცა პირველ ივნისს პარლამენტის ბიურომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ პლენარული სხდომა არც მიმდინარე კვირაში ჩატარდეს.

ოპოზიციის გეგმის მიხედვით, ჩაკეტილი რჩება რუსთაველი. ახლების ერთ-ერთ წევრი, დავით საგანელიძე, ამბობს, რომ აქციები არც ზაფხულში შეწყდება:

”უკან არ დავიხევთ და არ ვიტყვით, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენს მცდელობას შედეგი არ გამოუღია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ წავალთ არც იმ გზით, რასაც ძალადობის გზა ჰქვია და რის პროვოცირებასაც, ხშირ შემთხვევაში, ხელისუფლება აკეთებს. ვფიქრობთ, რომ საკნების პიკეტირების ანალოგიური აქცია სხვა ადგილებშიც გავაკეთოთ, თუმცა რუსთაველზე უცვლელად დარჩება და გაგრძელდება მთელი ზაფხულის განმავლობაში.”

ოპოზიციის გეგმაში შედის ე.წ. ”ვალდებულების ქარტიის” ხელმოწერაც, რაც 2 ივნისისთვისაა დაგეგმილი. როგორც კახა კუკავა გვიხსნის, ეს იქნება 2007 წელს მიღებული საგურამოს მანიფესტის განახლებული ვარიანტი, რომლის მნიშვნელობაზე რადიო თავისუფლებასთან საუბრობს:

”ამ ქარტიის მნიშვნელობა ისაა, რომ არსებობდეს პოლიტიკური კონსენსუსი იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებიც შეცვლიან სააკაშვილის ხელისუფლებას.და ეს იქნება, საერთოდ, ვალდებულება, იმის მიუხედავად რომელი კონკრეტული პარტია მოვა პარლამენტში უმრავლესობით.”
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG